ირაკლი ღარიბაშვილი

სტრატკომი: პრემიერი ჩარტერული რეისით მხოლოდ ევროპაში ჩავიდა, იქიდან აშშ-ში – რეგულარულით

ირაკლი ღარიბაშვილი
Business Insider Georgia

საქართველოს სტრატკომის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში ჩარტერული რეისით არ გაფრენილა და ამასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. სამსახურში ხაზს უსვამენ, რომ ღარიბაშვილი ჩარტერული რეისით მხოლოდ ევროპის ერთ-ერთ ქალაქში ჩავიდა, საიდანაც აშშ-ში სამგზავრო თვითმფრინავით გადაფრინდა.

"საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვილთან ერთად აშშ-ში თითქოსდა ჩარტერული რეისით გაემგზავრა. საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ პრემიერ-მინისტრი როგორც ოფიციალური და სამუშაო, ისე კერძო ვიზიტების დროს აშშ-ში მგზავრობს სამგზავრო თვითმფრინავით, სხვადასხვა ავიაკომპანიის რეგულარული, კომერციული რეისებით. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საუბარი იყო ჩარტერულ ფრენაზე, რომელიც განხორციელდა თბილისიდან ევროპის ერთ-ერთი ქალაქის მიმართულებით, ხოლო აშშ-ის მიმართულებით პრემიერ-მინისტრი რეგულარული რეისით გაემგზავრა. კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის, ასევე ჩარტერული (კომერციული) რეისის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა". - წერია მთავრობის სტრატკომის განცხადებაში.

6 სექტემბერს საქართველოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, ნინო გიორგობიანი საკუთარ Facebook-გვერდზე წერდა, რომ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოში აშშ-ში ჩარტერული რეისით ჩაფრინდა მაშინ, როცა მის შვილს, ნიკოლოზ ღარიბაშვილს სასწავლო პროცესი ეწყებოდა.

გიორგობიანის თქმით, მგზავრობის ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გამოყოფილა და პრემიერი ყოველწლიურ დეკლარაციას მომავალში გამოაქვეყნებს. აქამდე, გასულ დღეებში გავრცელდა ცნობა, რომ პრემიერმინისტრი აშშ-ში იმყოფებოდა.

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შვილი, ნიკოლოზი სწავლობს აშშ-ს პენსილვანიის უნივერსიტეტში, რომელიც ბენჯამინ ფრანკლინის დაარსებულია. 2022 წლის 17 დეკემბერს პრემიერის ცოლმა, ნუნუკა თამაზაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა, რომ მისი შვილი ამ უნივერსიტეტში ჩაირიცხა.

კომენტარები