სამხრეთ ჩინეთის ზღვა

ASEAN-ის სამიტზე ჩინეთის პრემიერმა "ახალი ცივი ომის" შესაძლებლობაზე ილაპარაკა

ჩინეთის პრემიერი, ლი ციანგი ASEAN-ის 43-ე სამიტის ფარგლებში გამართული ASEAN-ჩინეთის 26-ე სამიტზე, ჯაკარტა, ინდონეზია, 2023 წლის 6 სექტემბერი.
Yasuyoshi Chiba/Pool via REUTERS

ოთხშაბათს, 6 სექტემბერს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში დაძაბული გეოპოლიტიკური სიტუაციის ფონზე მიმდინარე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოთა ასოციაციის (ASEAN) სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ჩინეთის პრემიერმინისტრმა, ლი ციანგმა თქვა, რომ მნიშვნელოვანია კონფლიქტების გადაწყვეტისას მსოფლიომ "ახალი ცივი ომი" თავიდან აიცილოს.

"მოცემულ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანია მხარეების არჩევას, ბლოკების დაპირისპირებასა და ახალი ცივი ომის დაწყებას შევეწინააღმდეგოთ". - თქვა ლიმ.

სამიტს, რომელიც ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში მიმდინარეობს, ASEAN-ის წევრებთან ერთად ჩინეთის, აშშ-ს, იაპონიისა და სამხრეთ კორეის წარმომადგენლებიც ესწრებიან. ჯაკარტაში არ ჩასულან არც სი ძინფინგი და არც ჯო ბაიდენი, თუმცა მათ მაგივრად სამიტს ჩინეთის პრემიერი ლი ციანგი და აშს-ს ვიცეპრეზიდენტი, კამალა ჰარისი ესწრებიან.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოთა ასოციაციის წლევანდელ სამიტზე განხილვის ერთ-ერთი ძირითადი თემა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის მზარდი აქტიურობაა.

სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, სადაც ჩინეთს სამხედრო უპირატესობა აქვს, პეკინი ASEAN-ის წევრ ქვეყნებსაც ედავება. ეს ზღვა მდიდარია რესურსებით და აქ მნიშვნელოვანი სავაჭრო დერეფნები მდებარეობს, რის გამოც მას სტრატეგიულად დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

კომენტარები