ინფლაცია

ბოსტნეული 25.8%-ით, პური 21%-ით, რძის პროდუქტი 17.2%-ით გაძვირდა, წლიური ინფლაცია 8.1%-ია

Reuters

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში -0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 8.1 პროცენტი შეადგინა

ინფლაციის დონის ზრდა ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების მატებას, ანუ საქონლისა და სერვისების გაძვირებას და ეროვნული ვალუტის მსყიდველობითუნარიანობის შემცირებას გულისხმობს. ეკონომისტებისა თუ საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებით, ქვეყნის წინაშე მდგარი უმთავრესი გამოწვევა მაღალი ინფლაციის დონეა.

ერთ წელში სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები 14.0% პროცენტით გაიზარდა, ტრანსპორტი 2.6%-ით გაძვირდა, საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია და აირი 12.4%-ით, სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 14.8%-ით, ავეჯი, საოჯახო ნივთები და სახლის მოვლა 10.1%-ით, დასვენება, გართობა და კულტურა 4.5%-ით, ხოლო განათლება 7.2%-ით.

წინა წელთან შედარებით ფასები გაზრდილია შემდეგ პროდუქტებზე:

  • ბოსტნეული და ბაღჩეული + 25.8%
  • პური და პურპროდუქტები + 21.0%
  • რძე, ყველი და კვერცხი + 17.2%
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები +12.2%
  • ყავა, ჩაი და კაკაო + 14.5%
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული + 9.8%
  • თევზეული + 12.1%
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები + 10.2% 

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.73 პროცენტული პუნქტით აისახა.

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 12.4 %-იანი მატება, რაც 1.3 %-ით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (38.7 პროცენტი) და საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (7.4 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა 7.6 პროცენტით, რაც -0.79 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასების კლება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-19.2 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (13.8 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (8.0 პროცენტი).

კომენტარები