პრეზიდენტის იმპიჩმენტი

კუპრაძე პრეზიდენტის იმპიჩმენტზე: ქართულმა ოცნებამ პრორუსული გადაწყვეტილება მიიღო

ლელო

პარტია ლელოს გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე ქართული ოცნების მიერ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას გამოეხმაურა. კუპრაძის თქმით, მმართველმა გუნდმა პრორუსული გადაწყვეტილება მიიღო.

"ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადებით, ქართული ოცნების პოლიტიკური ცირკი გრძელდება, სადაც ჩვენ ვხედავთ, რომ შეშინებული და მხდალი პოლიტიკური გუნდი რეალურ პოლიტიკურ პროცესებს ვერ ახორციელებს და ამისთვის სრულიად გაუგებარ და გაუგონარ პოლიტიკურ მაქინაციებს ქმნის. ჩვენთვის ცხადია ის, რომ დღეს ქართულმა ოცნებამ პრორუსული გადაწყვეტილება მიიღო. მაშინ, როდესაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის დედაქალაქებში იმყოფება იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აწარმოოს, ამის პარალელურად, საქართველოს ხელისუფალი, ქართული ოცნების სახით, რომელიც ყოველდღიურად რუსეთის ინტერესებს ემსახურება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საქართველოს პარლამენტის გავლით პრეზიდენტის იმპიჩმენტს იწყებს.

ეს იქნება იმპიჩმენტი, რომელიც ვერ შედგება. წარმოუდგენელია, რომ ქართულმა ოცნებამ მისი ფინალამდე მიყვანა შეძლოს. საპარლამენტო ოპოზიციას მოვუწოდებთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირ განხილვაში არ შევიდეს. ეს იქნება გამყოფი, წითელი ხაზი ქართული ოცნების პრორუსულ პოლიტიკასა და პროდასავლურ ნაბიჯებს შორის". - თქვა კუპრაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქართული ოცნება საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. მისი თქმით, "სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში".

კობახიძე აღნიშნავს, რომ არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში იმპიჩმენტის პროცედურის "სისრულეში მოყვანა შეუძლებელია", თუმცა, "ნებისმიერი თვალის დახუჭვა კონსტიტუციის დარღვევაზე ძირს უთხრის სამართლებრივ სახელმწიფოს". ქართული ოცნების თავმჯდომარის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების ხელმოწერები უახლოეს დღეებში შეგროვდება და პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში შესაბამისი წარდგინება შევა.


დღეს, პირველ სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა.

31 აგვისტოს კი სალომე ზურაბიშვილი გერმანელ კოლეგას, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტს უარი უთხრა როგორც გერმანიაში, ისე უკრაინაში, შვეიცარიაში, პოლონეთში, ბელგიაში, დანიაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბულგარეთში, ჩეხეთსა და ისრაელში დაგეგმილ ვიზიტებზე.

კომენტარები