პრეზიდენტის იმპიჩმენტი

მაჭარაშვილი ზურაბიშვილზე: იმდენი თხარა, თხარა, რომ იმპიჩმენტი გამოთხარა

კადრი ვიდეოდან / მთავარი არხი

ბიძინა ივანიშვილის დეპუტატი, მოძრაობა ხალხის ძალის წევრი, გურამ მაჭარაშვილი ქართული ოცნების მიერ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას გამოეხმაურა. მაჭარაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა "იმდენი თხარა, რომ იმპიჩმენტი გამოთხარა".

"იმდენი თხარა, თხარა, რომ იმპიჩმენტი გამოთხარა [...] ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტმა ხალხსაც მიაყენა შეურაცხყოფა, კონსტიტუციაც არაერთხელ დაარღვია და ბოლოს უკვე სახელმწიფოს წინააღმდეგ წასვლაც მოინდომა, მათ შორის, ევროპული ვიზიტების მომიზეზებით [...] კონსტიტუციის დარღვევა იმდენად თავხედურად იყო, რომ ამის რეაგირების გარეშე დატოვება, პირიქით, კონსტიტუციისა და ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფა იქნებოდა [...] დღეს კი სალომე ზურაბიშვილმა სიტუაცია იქამდე მიიყვანა, რომ რადიკალურ ოპოზიციას რადიკალიზმში გადაასწრო. მან ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა ქვეყნის შიგნით კი არა, ქვეყნის გარეთ მოინდომა". - თქვა მაჭარაშვილმა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქართული ოცნება საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. მისი თქმით, "სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში".

კობახიძე აღნიშნავს, რომ არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში იმპიჩმენტის პროცედურის "სისრულეში მოყვანა შეუძლებელია", თუმცა, "ნებისმიერი თვალის დახუჭვა კონსტიტუციის დარღვევაზე ძირს უთხრის სამართლებრივ სახელმწიფოს". ქართული ოცნების თავმჯდომარის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების ხელმოწერები უახლოეს დღეებში შეგროვდება და პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში შესაბამისი წარდგინება შევა.


დღეს, პირველ სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდება. 31 აგვისტოს კი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად სალომე ზურაბიშვილმა ევროპელ ლიდერებთან შეხვედრები გერმანიის პრეზიდენტთან ვიზიტით დაიწყო. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტს უარი როგორც გერმანიაში, ისე უკრაინაში, შვეიცარიაში, პოლონეთში, ბელგიაში, დანიაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბულგარეთში, ჩეხეთსა და ისრაელში დაგეგმილ ვიზიტებზე უთხრა. 

კომენტარები