რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ უკრაინისთვის დამატებით $250 მილიონის სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს

AP/Alex Brandon

აშშ უკრაინას დამატებით $250 მილიონის სამხედრო დახმარებას გადასცემს. სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში დამატებითი საჰაერო თავდაცვა, საარტილერიო საბრძოლო მასალები, ნაღმების გაწმენდის მოწყობილობა და სასწრაფო დახმარების მანქანები იქნება

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ცნობით, უკრაინა მიიღებს AIM-9M ტიპის რაკეტებს საჰაერო თავდაცვისთვის, საარტილერიო ჭურვებს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებისთვის HIMARS, 155 და 105-მილიმეტრიან საარტილერიო ჭურვებს, ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსებს Javelin-ს, ცეცხლსასროლი იარაღის 3 მილიონზე მეტ ტყვიას და სხვა საშუალებებს.

"აშშ და ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები დარჩებიან უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც ქვეყანას დასჭირდება". - თქვა ბლინკენმა.

2022 წლის 24 თებერვლიდან უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, აშშ-მა უკრაინას 43 მილიარდ დოლარზე მეტის სამხედრო დახმარება გაუწია. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აგვისტოს დასაწყისში კონგრესს სთხოვა, უკრაინისთვის დამატებით 24 მილიარდი დოლარის დახმარება დაემტკიცებინა.

კომენტარები