დავით უსუფაშვილი

ქართული ოცნება ერთადერთია, ვინც საქართველოს ევროპულ მომავალს ეწინააღმდეგება – უსუფაშვილი

ლელო

შარლ მიშელის ინიციატივას ევროკავშირის გაფართოებაზე გამოეხმაურა პარტია ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, დავით უსუფაშვილი. მისი თქმით ევროკავშირი მზად არის საქართველო იხილოს ბლოკში, მაგრამ ამას ქართული ოცნება ეწინააღმდეგება.

"შარლ მიშელის ბოლო განცხადება კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ დემოკრატიულ სამყაროში ყველა შეთანხმებულია, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპაში, ევროკავშირში, ევროპული სტანდარტების მომავალში. ერთადერთი ვისაც ამაში ეჭვი ეპარება, ვინც ამას ეწინააღმდეგება, ეს არის თავგზააბნეული ქართული ოცნება.

როდესაც საქართველოს გაუჩნდა ეს უნიკალური შანსი, მათმა უგუნურმა პოლიტიკამ სერიოზულად შეაფერხა ჩვენი სვლა წინ და ჩვენ ვეღარ ვართ ამ წუთის მდგომარეობით უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად პირველი რიგის კანდიდატები, მაგრამ ევროპა, ევროპული სახელმწიფოები, ევროკავშირი, სრულიად ცალსახად გვეუბნებიან, რომ ისინი მზად არიან საქართველო იხილონ ამ დიდ ოჯახში უსაფრთხოების, კეთილდღეობის თავისუფლების.

ქართულ ოცნებას ამისი ეშინია, იმიტომ, რომ თავისუფლების ეშინია, თავისუფალი მოქალაქის ეშინია". - თქვა უსუფაშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 28 აგვისტოს სლოვენიაში გამართულ ბლედის სტრატეგიულ ფორუმზე ევროკავშირის გაფართოების აუცილებლობაზე ისაუბრა და მას "გაბედული ნაბიჯის" გადადგმისაკენ მოუწოდა. სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ევროკავშირი და მასში გაწევრიანების მსურველები 2030 წლისთვის გაფართოებისთვის მზად უნდა იყვნენ.

დასავლეთ ბალკანეთის ექვსი სახელმწიფო - ალბანეთი, ბოსნია, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია და სერბეთი ამჟამად ბლოკში გაწევრიანების პროცესის სხვადასხვა ეტაპზე არიან. გასულ წელს კანდიდატის სტატუსი მოლდოვასა და უკრაინას მიენიჭათ. ამ სახელმწიფოებთან ერთად მიშელმა ჯერ კიდევ კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველოს შესაძლებლობებზეც ისაუბრა.

კომენტარები