ევროკავშირი

მიშელი: 2030 წლისთვის ევროკავშირი ახალი წევრების მისაღებად მზად უნდა იყოს

Yves Herman/Reuters

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 28 აგვისტოს სლოვენიაში გამართულ ბლედის სტრატეგიულ ფორუმზე ევროკაშირის გაფართოების აუცილებლობაზე ისაუბრა და მას "გაბედული ნაბიჯის" გადადგმისაკენ მოუწოდა. სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ევროკავშირი და მასში გაწევრიანების მსურველები 2030 წლისთვის გაფართოებისთვის მზად უნდა იყვნენ. 

"ევროკავშირის მომავალი სტრატეგიული დღის წესრიგის მზადებისას, ჩვენ მკაფიო მიზანი უნდა დავსახოთ. მე მჯერა, რომ 2030 წლისთვის ორივე მხრიდან მზად უნდა ვიყოთ გაფართოებისთვის. ეს ამბიციური, მაგრამ აუცილებელია. ეს აჩვენებს, რომ ჩვენ სერიოზულები ვართ". - მიმართა მიშელმა აუდიტორიას, რომელშიც ევროკავშირში გაწევრიანების ყველა ოფიციალური კანდიდატი ქვეყნის წარმომადგენლები შედიოდნენ.

დასავლეთ ბალკანეთის ექვსი სახელმწიფო - ალბანეთი, ბოსნია, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია და სერბეთი ამჟამად ბლოკში გაწევრიანების პროცესის სხვადასხვა ეტაპზე არიან. გასულ წელს კანდიდატის სტატუსი მოლდოვასა და უკრაინას მიენიჭათ. ამ სახელმწიფოებთან ერთად მიშელმა ჯერ კიდევ კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველოს შესაძლებლობებზეც ისაუბრა.

სიტყვით გამოსვლისას ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა თქვა, რომ "გასული წლის ივნისში უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ და იგივე სტატუსი ელის საქართველოს, როდესაც ისინი დაასრულებენ აუცილებელ ნაბიჯებს". მისი შეფასებით, “გაფართოება არ არის ოცნება. წინსვლის დროა, კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ეს კი მომავალი წევრი სახელმწიფოებისთვის და ევროკავშირისთვისაც რთული და ზოგჯერ მტკივნეულიც იქნება".

შარლ მიშელმა თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ სახელმწიფოებს რეფორმების განხორციელება მოუწევთ, რათა უზრუნველყონ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, ებრძოლონ ორგანიზებულ დანაშაულსა და კორუფციას, შეუსაბამონ თავიანთი საგარეო პოლიტიკა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკას. მან ასევე მოუწოდა წევრობის მსურველთ, განსაკუთრებით კი დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოებს, მოაგვარონ ორმხრივი კონფლიქტები.

მეორე მხრივ, მიშელმა ევროკავშირში გარკვეული რეფორმების, უმთავრესად საბიუჯეტო რეფორმების, გატარების აუცილებლობა გამოკვეთა. მისივე თქმით, ევროკავშირს გასაძლიერებლად სწორედ ახალი წევრების მიღება სჭირდება.

"მომავალ გაფართოებამდე ჩვენი მხრიდან რეფორმების გაუტარებლობა ფუნდამენტური შეცდომა იქნება. ახალი წევრი ქვეყნებისთვის კავშირთან შეერთებას აზრი მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის კარგად ფუნქციონირებს და ეფექტიანია". - განაცხადა მან.

სავარაუდოდ, გაფართოების საკითხი ოქტომბრის დასაწყისში ესპანეთის ქალაქ გრანადაში დაგეგმილ სამიტზე განიხილება, სადაც ერთმანეთს ევროკავშირის 27 სახელმწიფოს მეთაური შეხვდება.

კომენტარები