დავით უსუფაშვილი

უსუფაშვილი: მთავრობა ხომ არ გეგმავს არეულობის ფონზე არსებული სისტემით ვადამდელ არჩევნებს?

დავით უსუფაშვილი
Facebook

შენების მოძრაობის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ბრიფინგი გამართა და საარჩევნო სისტემის ცვლილებებზე და პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ისაუბრა. მან ქართულ ოცნებას მიმართა:

"ტყული, მანიპულაციები და სპექტაკლების დადგმა იქცა ხელისუფლების ხასიათის თვისებად. [ქართული ოცნება] კრიზისიდან გამოსავალზე ფიქრობს, თუ მას აქვს განზრახული შემდეგი მზაკვრული ნაბიჯი: რომ პროპორციული არჩევნების მოთხოვნა გაწიოს გვერდზე, თავად ილაპარაკოს, რომ ჩვენ ამაზე არ წამოვალთ, შეუწყოს ხელი ოპოზიციის რადიკალიზაციას, მოსახლეობის კიდევ უფრო გადარევას და ამ არეულობის ფონზე არსებული სისტემით ვადამდელი არჩევნების ჩატარებას. ეს ხომ არ იმალება მათ ამ დამოკიდებულებებში და ამ გაცხადებებში? მე არ გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციის მხარეს, ამავე მოდელს ჰყავდეს მხარდამჭერები. ამიტომ მივმართავ მათ არ წამოეგონ ხელისუფლების ხაფანგზე. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვხსნათ პროპორციული არჩევნების მოთხოვნა."

მან ქართულ ოცნებას მოუწოდა მიიღონ ოპოზიციის მიერ შეთავაზებული გერმანული მოდელი:

"ის რაც თავად თქვენი მოქმედებით გამოიწვიეთ, შექმენით ქვეყანაში მასშტაბური პოლიტიკური კრიზისი რომლის თაობაზეც დემოკრატიული მსოფლიოა გადარეული, არა მხოლოდ ქართველი ხალხი, ესაა მოსაგვარებელი. პროპორციული არჩევნები, რომელიც იყო ოპოზიციის მოთხოვნა და ბიძინა ივანიშვილის დაპირება, ესაა შესასრულებელი. ნაცვლად იმისა, რომ ამ დაპირების შესრულების ვარიანტებზე და ვერსიებზე მუშაობდეთ თქვენ, ამასაც ჩვენ ვაკეთებთ, ოპოზიცია. გთავაზობთ გერმანულ მოდელს, რომელსაც 76 ხმით შეუძლია გადაწყვიტოს ყველა პრობლემა. ამბოხებულ მაჟორიტარებსაც მივცეთ საშუალება თავიანთ მაჟორიტარულ ოლქებში იყარონ კენჭი და პარლამენტსი 73 მაჟორიტარი გვყავდეს და ოპოზიციის მოთხოვნაც შესრულდეს, რომ ჯამურად მანდატები პროპორციულად გადანაწილდეს. თან ამას არ სჭირდება 113 ხმის მოგროვება, თუ ამდენი გავლენა აღარ გაქვთ საკუთარ გუნდში. ამას სჭირდება 76 ხმა და ქართული ოცნებიდან სულ რაღაც 25-27 ხმის მობილიზება. ესეც აღარ შეგიძლიათ?"

უსუფაშვილი ასევე გამოეხმაურა ქართული ოცნების გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ერთადერთ ინიციატორად და ავტორად "ქართული ოცნება" ჩაიწერება და უსუფაშვილს ამისათვის არაფერი გაუკეთებია:

"დღეს ბატონმა კალაძემ გამოაცხადა, რომ თუმე, მე პირადად, წინა საკონსტიტუციო კომისიაში თითი თითზე არ დამიდია ამ საქმის მოსაგვარებლად. იმაში მართალია, რომ თითი თითზე არ დამიდია იმიტომ, რომ თითი თითზე რომ მქონოდა დადებული ვერაფერს ვერ გავაკეთებდი. ამ თითებში ხან კალამი მეჭირა და ხან კომპიუტერზე ვაწკაპუნებდი. რატომ? იმიტომ, რომ შექმნილიყო მაგალითად ეს დოკუმენტი, 90 გვერდიანი, ცვლილებების თაობაზე, რომელშიც 90 სიტყვა არ არის შეტანილი მისი დღევანდელი თანაგუნდელების მხრიდან. ამ დოკუმენტში წერია სწორედ პროპორციული არჩევნების თაობაზე. როგორი უნდა ყოფილიყო პარლამენტი. დიახ, პროპორციული არჩევნები მარავალმანდატიან ოლქებში. გაგზავნილია ელექტრონული ფოსტით ფრაქციებთან, ქართული ოცნების ფრაქციასთან თხოვნით, რომ აგერ არის წინადადებები და იქნებ რამე გვითხრათ, ხმა ამოიღოთ, მხარს უჭერთ თუ არ უჭერთ. მითხრან რა გამომიგზავნეს ამ საკითხზე. არაფერი. იმიტომ, რომ სწორედ მათ არ სურდათ მაშინ პროპორციული არჩევნები."

შეგახსენებთ, რომ სამი დღეა, პარლამენტთან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება ვადამდელ არჩევნებს გერმანული მოდელით, დროებით მთავრობას და ცესკოს განახლებულ შემადგენლობას ითხოვს.

გუშინდელიდან ჩაკეტილია პარლამენტის ყველა შესასვლელი - აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ კარვები. ოპოზიციონერები და სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ სანამ მათი მოთხოვნა არ შესრულდება, დეპუტატებს პარლამენტში არ შეუშვებენ.

პარლამენტთან აქციები მას შემდეგ განახლდა, რაც ქართული ოცნების უმრავლესობამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო.

კომენტარები