ვლადიმირ პუტინი

პუტინი ვაგნერის მებრძოლებს უბრძანებს, სახელმწიფოს ერთგულების ფიცს ხელი მოაწერონ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე, 16 ივნისი, 2023.
Alexei Danichev/Photo host Agency RIA Novosti via AP

Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის წევრებს უბრძანა, ხელი მოაწერონ სახელმწიფო ერთგულების ფიცს

კრემლის ვებსაიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტი ავალდებულებს ყველას, ვინც სამხედროების სახელით უკრაინაში რაიმეს აკეთებს, ოფიციალურად რუსეთისადმი ერთგულების ფიცი დადოს.

ფიცში გათვალისწინებულია შინაარსი იმის შესახებ, რომ ყველა, ვინც ერთგულების ფიცს ხელს მოაწერს, მკაცრად შეასრულებს მეთაურებისა და უფროსი ლიდერების ბრძანებებს.

Reuters-ის შეფასებით, პუტინის მიერ ვაგნერის თანამშრომლებისთვის და სხვა კერძო სამხედრო კონტრაქტორებისთვის სავალდებულო ფიცის შემოღება აშკარა ნაბიჯია ასეთი ჯგუფების უფრო მკაცრი სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მოქცევისთვის.

გუშინ, 25 აგვისტოს კრემლმა ტვერის ოლქში იმ თვითმფრინავის ჩამოვარდნაში, რომელშიც ევგენი პრიგოჟინი იმყოფებოდა, რაიმე სახის მონაწილეობას უარყო.

კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა დასავლეთში გავრცელებული მოსაზრება, რომ თვითმფრინავი შემთხვევით არ ჩამოვარდნილა და ევგენი პრიგოჟინის მკვლელობა შესაძლოა კრემლის დაგეგმილი იყოს, მასხრად აიგდო და გავრცელებულ ინფორმაციებს სიცრუე უწოდა.


23 აგვისტოს თვითმფრინავი, რომლის მგზავრთა სიაშიც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი და მოქირავნეთა სამხედრო მეთაური, დმიტრი უტკინი იმყოფებოდნენ, ტვერის ოლქში გაურკვეველ ვითარებებში ჩამოვარდა. 

ვაგნერთან დაკავშირებული ტელეგრამ-არხ GREY ZONE-ზე ვარაუდობდნენ, რომ თვითმფრინავი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის მეშვეობით ჩამოაგდეს. არსებობს თეორია ბორტზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებითაც.

საინტერესოა, რომ რომ 2 თვისა და 2 კვირის წინ, მანამ, სანამ ევგენი პრიგოჟინი აჯანყებას წამოიწყებდა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა გააჟღერა მუქარა, რომელიც, სავარაუდოდ, სწორედ რუს ოლიგარქს მიემართებოდა. 

ამერიკული სამხედრო-ანალიტიკური ცენტრის, Institute for the Study of War-ის (ISW) 23 აგვისტოს ანგარიშის მიხედვით, ნაკლებსავარაუდოა, რომ პრიგოჟინის მკვლელობა პუტინის ბრძანების გარეშე მოხდა, რადგან თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და გენერალური შტაბის არმიის უფროსი, ვალერი გერასიმოვი ამ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ მიიღებდნენ.

ISW-ის აზრით, ბრძანება პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოგდებაზე, რომელიც დიდი ალბათობით პუტინმა გასცა, სავარაუდოდ, დომინირების აღდგენისა და შურისძიების საჯარო მცდელობაა იმ დამცირებისთვის, რომელიც ვაგნერის ჯგუფის შეიარაღებულმა ამბოხებამ პუტინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 24 ივნისს მიაყენა.

კომენტარები