ევგენი პრიგოჟინი

კრემლი პრიგოჟინის სიკვდილში მონაწილეობას უარყოფს

Maxim Shemetov/Reuters

კრემლი ტვერის ოლქში იმ თვითმფრინავის ჩამოვარდნაში, რომელშიც ევგენი პრიგოჟინი იმყოფებოდა, რაიმე სახის მონაწილეობას უარყოფს.

კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა დასავლეთში გავრცელებული მოსაზრება, რომ თვითმფრინავი შემთხვევით არ ჩამოვარდნილა და ევგენი პრიგოჟინის მკვლელობა შესაძლოა კრემლის დაგეგმილი იყოს, მასხრად აიგდო და გავრცელებულ ინფორმაციებს სიცრუე უწოდა.

"ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით ფაქტებზე დაყრდნობით უნდა ვისაუბროთ. აქ არ არის ბევრი ფაქტი. ისინი საგამოძიებო მოქმედებების დროს უნდა გამოვლინდეს. გუშინ პრეზიდენტმა თქვა, რომ ელოდება გამოძიების შედეგებს, რომელიც განჭვრეტად მომავალში დასრულდება". - თქვა პესკოვმა.

გარდა ამისა, კრემლის პრესსპიკერმა უარყო ცნობები, რომ ავიაკატასტროფამდე ცოტა ხნით ადრე პუტინისა და პრიგოჟინის შეხვედრა გაიმართა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვაგნერის ჯგუფის მეთაურის სიკვდილთან დაკავშირებით გუშინ, 24 აგვისტოს ღამით, სატელევიზიო მიმართვაში ისაუბრა. მან დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა, პრიგოჟინთან დიდხნიან ურთიერთობას გაუსვა ხაზი და ის ნიჭიერ ბიზნესმენად და თანამებრძოლად მოიხსენია.


23 აგვისტოს თვითმფრინავი, რომლის მგზავრთა სიაშიც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი და მოქირავნეთა სამხედრო მეთაური, დმიტრი უტკინი იმყოფებოდნენ, ტვერის ოლქში გაურკვეველ ვითარებებში ჩამოვარდა. 

ვაგნერთან დაკავშირებული ტელეგრამ-არხ GREY ZONE-ზე ვარაუდობდნენ, რომ თვითმფრინავი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის მეშვეობით ჩამოაგდეს. არსებობს თეორია ბორტზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებითაც.

საინტერესოა, რომ რომ 2 თვისა და 2 კვირის წინ, მანამ, სანამ ევგენი პრიგოჟინი აჯანყებას წამოიწყებდა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა გააჟღერა მუქარა, რომელიც, სავარაუდოდ, სწორედ რუს ოლიგარქს მიემართებოდა. 

ამერიკული სამხედრო-ანალიტიკური ცენტრის, Institute for the Study of War-ის (ISW) 23 აგვისტოს ანგარიშის მიხედვით, ნაკლებსავარაუდოა, რომ პრიგოჟინის მკვლელობა პუტინის ბრძანების გარეშე მოხდა, რადგან თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და გენერალური შტაბის არმიის უფროსი, ვალერი გერასიმოვი ამ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ მიიღებდნენ.

ISW-ის აზრით, ბრძანება პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოგდებაზე, რომელიც დიდი ალბათობით პუტინმა გასცა, სავარაუდოდ, დომინირების აღდგენისა და შურისძიების საჯარო მცდელობაა იმ დამცირებისთვის, რომელიც ვაგნერის ჯგუფის შეიარაღებულმა ამბოხებამ პუტინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 24 ივნისს მიაყენა.

კომენტარები