ევგენი პრიგოჟინი

სამწუხაროდ, პირველები კვდებიან – როგორ ემუქრებოდა პუტინი 2 თვის წინ, სავარაუდოდ, პრიგოჟინს

ევგენი პრიგოჟინი ვლადიმირ პუტინს ათვალიერებინებს საკუთარ დაწესებულებას, 2010 წლის 20 სექტემბერი, რუსეთი, სანქტ-პეტერბურგი.
Sergei Ilnitsky/AP

23 აგვისტოს თვითმფრინავი, რომლის მგზავრთა სიაშიც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი და მოქირავნეთა სამხედრო მეთაური, დმიტრი უტკინი იმყოფებოდნენ, ტვერის ოლქში გაურკვეველ ვითარებებში ჩამოვარდა. 

ვაგნერთან დაკავშირებული ტელეგრამ-არხ GREY ZONE-ზე ვარაუდობდნენ, რომ თვითმფრინავი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის მეშვეობით ჩამოაგდეს. არსებობს თეორია ბორტზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებითაც.

საინტერესოა, რომ რომ 2 თვისა და 2 კვირის წინ, მანამ, სანამ ევგენი პრიგოჟინი აჯანყებას წამოიწყებდა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა გააჟღერა მუქარა, რომელიც, სავარაუდოდ, სწორედ რუს ოლიგარქს მიემართებოდა. 

პუტინი საუბრობდა ჩრდილიდან გამოსულ "ეფექტიან ხალხზე", რომლებიც, მისი აზრით, 
ცხოვრებას "პირველები ტოვებდნენ". ამის შესახებ მან 13 ივნისს, ომის კორესპონდენტებთან შეხვედრის დროს ისაუბრა

შეხვედრის დროს ერთ-ერთი პროპაგანდისტი, სემიონ პეგოვი, რომელიც ცნობილია ტელეგრამ-არხი WarGonzo-თი, პუტინს ესაუბრებოდა ე.წ. "პარკეტის გენერლებსა" და რუსეთის თავდაცვის სამინისტროში არსებული ბიუროკრატიული სისტემის პრობლემებზე. მისი თქმით, არსებობდა ბევრი ნიჭიერი ადამიანი, რომლებსაც ეს სისტემა მაღლა არ უშვებდა. აღსანიშნავია, რომ გარკვეული ხნით ადრე პეგოვს ინტერვიუ ევგენი პრიგოჟინთანაც ჰქონდა.

როცა მზარეულს მადა ეხსნება – ევგენი პრიგოჟინის გზა აჯანყებამდე

შეკითხვაზე პასუხის გაცემის დროს პუტინმა ირონიული ტონით გააჟღერა სიტყვები, რომლებიც, სავარაუდოდ, სწორედ პრიგოჟინის მიმართ მუქარა იყო. ამ პერიოდში კსკ ვაგნერის დამფუძნებლის კრიტიკა რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურის, ვალერი გერასიმოვის მიმართ, პიკს აღწევდა და მათ პირდაპირ ადანაშაულებდა სახელმწიფო ღალატში.

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარებამდე, რა თქმა უნდა, როგორც ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში, "პარკეტის" ხალხი ძალიან ბევრი იყო... დაიწყო სპეციალური სამხედრო ოპერაცია და მალე დაიწყეს გაგება,  რომ "პარკეტის გენერლები" - ასეთები კი მსოფლიოს ნებისმიერ არმიაში მშვიდობიანი დროის კვალობაზე საჭიროზე მეტნი არიან, - ისინი, რბილად რომ ვთქვა, არაეფექტიანები არიან

და პირიქით, აქ თქვენ მართალი ხართ სემიონ ვლადიმიროვიჩ, დაიწყეს გამოჩენა ადამიანებმა, რომლებიც თითქოს ჩრდილში ისხდნენ – ისინი არ ჩანდნენ, არ ისმოდა მათი ხმა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ისინი ძალიან ეფექტიანები და ძალიან საჭიროები არიან. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები სიცოცხლეს პირველები ტოვებენ, რადგან თავს არ ინდობენ – აი უბედურება რაშია". – უპასუხა 13 ივნისს პუტინმა პეგოვს.

პუტინის მიერ დახასიათებული "ჩრდილში მსხდომი" და "ეფექტიანი" ადამიანების აღწერა წააგავდა კერძო ევგენი პრიგოჟინის პიროვნებას. იმ მსგავსების გარდა, რომ პრიგოჟინი 2022 წლის სექტემბრამდე ვაგნერთან კავშირებს უარყოფდა და საჯარო აქტიურობითაც არ გამოირჩეოდა, ის საკუთარ ჯგუფს ყველაზე ეფექტიან რუსულ სამხედრო ძალას უწოდებდა.

23 აგვისტოს ჩამოვარდნილ თვითმფრინავის ბორტზე 10 პირი იმყოფებოდა. ათივეს ნეშტი ნაპოვნია. მათი იდენტიფიცირების პროცესი ჯერ არ დასრულებულა.

კომენტარები