მარცვლეულის შეთანხმება

პუტინი: დავუბრუნდებით მარცვლეულის შეთანხმებას, თუ რუსეთის მიმართ ვალდებულებები შესრულდება

Pavel Bednyakov / AFP / Getty Images

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთი კვლავ შეუერთდება მარცვლეულის შეთანხმებას იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის მიმართ აღებული ვალდებულებები სრულად შესრულდება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა BRICS-ის ბიზნეს ფორუმზე ისაუბრა.

"18 ივლისიდან მოყოლებული ჩვენ უარი ვთქვით ამ ე.წ. შეთანხმების გახანგრძლივებაზე. ჩვენ მზად ვიქნებით, ხელახლა შევუერთდეთ მას, მაგრამ, ჩვენ მას დავუბრუნდებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის მიმართ ყველა ვალდებულება ნამდვილად შესრულდება. [...] რუსეთის მარცვლეულისა და სასუქების მსოფლიო ბაზარზე ექსპორტის შემზღუდავი სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით ამ შეთანხმების არცერთი პირობა არ შესრულდა. რუსეთთან მიმართებით ყველა ვალდებულება უყურადღებოდაა დატოვებული". – ამბობს პუტინი.

რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეჩერების გადაწყვეტილება 18 ივლისს მიიღო. კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, შეთანხმების დატოვების მიზეზად დაასახელა რუსეთის მიმართ აღებული ვალდებულებები შეუსრულებლობა. 

ამავდროულად, რუსეთის გადაწყვეტილება გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც რუსეთისა და ოკუპირებული ყირიმის მაკავშირებელ ხიდზე აფეთქება მოხდა. 17 ივლისს ქერჩის სრუტეზე გამავალ ხიდზე, რომელიც ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთის ფედერაციას აკავშირებს, აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ობიექტი დაზიანდა და გადაადგილება დროებით შეჩერდა. უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ეს უსაფრთხოების სამსახურისა და სამხედრო-საზღვაო ძალების ერთობლივი სპეცოპერაცია იყო და იერიში საზღვაო დრონების გამოყენებით განახორციელეს. მსგავსი უპილოტო აპარატების გამოყენებაზე საუბრობდა რუსული მხარეც.

აფეთქებიდან რამდენიმე საათში, რუსეთმა დატოვა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება, რომელიც უკრაინული სავაჭრო ხომალდების გადაადგილების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. შეთანხმებას თურქეთი შუამავლობდა.

 

კომენტარები