ირანი

ირანში ჰიჯაბის სავალდებულო ტარების შესახებ კანონი მკაცრდება

AP

ირანის რესპუბლიკის პარლამენტის კომისიის გადაწყვეტილებით, ირანში ჰიჯაბის სავალდებულო ტარების შესახებ კანონი მკაცრდება

მაჰსა ამინის სიკვდილით გამოწვეული მასობრივი საპროტესტო აქციებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, ირანის ხელისუფლება ჰიჯაბის შესახებ უპრეცედენტოდ მკაცრ სადამსჯელო ზომებს იღებს. 

70 მუხლისგან შემდგარ კანონპროექტში წერია, რომ თუ ქალი უარს იტყვის ჰიჯაბის ტარებაზე, მას ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრება. კანონი შეეხება იმ ცნობილ ადამიანებსა და ბიზნესებს, რომლებიც "წესებს არღვევენ". 

ექსპერტების თქმით, კანონპროექტი, რომელიც ჯერ არ მიუღიათ, ერთგვარი გაფრთხილებაა ირანელებისთვის, რომ რეჟიმი ჰიჯაბის თაობაზე უკან არ დაიხევს, მიუხედავად მასობრივი დემონსტრაციებისა, რომელმაც წინა წელს ქვეყანა მოიცვა. 

კანონპროექტი სასამართლომ მთავრობას განსახილველად მიმდინარე წლის დასაწყისში წარუდგინა, შემდეგ პარლამენტს გადაეცა და ამის შემდეგ დაამტკიცა იურიდიულმა და სასამართლო კომისიამ. კანონპროექტს პარლამენტში წარდგენამდე მმართველთა საბჭო მიმდინარე კვირას განიხილავს.

პარლამენტი ტექსტის დასრულებაზე და კანონპროექტის კენჭისყრაზე მომდევნო ორი თვე იმუშავებს.

"ეს არის მკაფიო პასუხი გასული შემოდგომის პროტესტებზე". - თქვა CNN-ს ლონდონის Chatham House-ის ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის პროგრამის დირექტორმა, სანამ ვაკილმა და დასძინა, რომ დაწესებულება "ხელახლა განმტკიცებას" ცდილობს. 

ქალების მხრიდან დრესკოდის მიმართ პროტესტი სექტემბერში ახალგაზრდა ირანელი ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ გაიზარდა. ის მორალის პოლიციამ ჰიჯაბის "არასწორად ტარების" გამო დააკავა და სასტიკად სცემა. ქალი დაკავებიდან მალევე გარდაიცვალა. მას შემდეგ ირანელმა ქალებმა საჯარო სივრცეში ჰიჯაბის გარეშე დაიწყეს მოძრაობა. ბევრმა ცნობილმა ქალმა სოციალურ მედიაზე ჰიჯაბის გარეშე გადაღებული ფოტოები ატვირთა. 

ირანის ხელისუფლება ქალების ე.წ დრესკოდის გაკონტროლების მიზნით, საჯარო სივრცეში და ტრასებზე სათვალთვალო კამერებს აყენებს. პოლიციის ცნობით, კონტროლის გამკაცრება ქალების მხრიდან მსგავს გადაცდომათა რაოდენობის ზრდამ გამოიწვია. 

პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წესების დარღვევის შემთხვევაში, იდენტიფიცირებული პირი მოსალოდნელ სასჯელთან დაკავშირებით გამაფრთხილებელ შეტყობინებას წერილობით მიიღებს. 

ასევე, კონტროლის გამკაცრების მიზნით, თეირანის მეტროში სპეციალური ჯგუფი განთავსდება, რომელიც ქალების დრესკოდს გააკონტროლებს. ჰიჯაბის გარეშე ქალი მგზავრები მეტროში არ დაიშვებიან

კომენტარები