მარცვლეულის შეთანხმება

რუსეთი, თურქეთი და კატარი მარცვლეულის სამმხრივ შეთანხმებას ამზადებენ – BILD

გამოცემა BILD-ი წერს, რომ რუსეთმა თურქეთი მარცვლეულის ინიციატივიდან გამოსვლის შესახებ წინასწარ გააფრთხილა, ხოლო ახლა რუსეთი, თურქეთი და კატარი ახალ სამმხრივ შეთანხმებაზე ერთად მუშაობენ. ამის შესახებ ინფორმაციას BILD-ი რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებსა და საელჩოებს შორის 21 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით ოფიციალურ მიმოწერაზე დაყრდნობით ავრცელებს.

"არსებობს წინადადება, რომლის მიხედვით რუსული მარცვლეულის მიწოდება ღარიბი ქვეყნებისთვის, ძირითადად აფრიკაში უნდა მოხდეს. თურქეთი იმოქმედებს როგორც ორგანიზატორი, კატარი - როგორც მომარაგების სპონსორი.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი რუსეთს სთხოვს, განაახლოს მარცვლეულის წინა შეთანხმება, რათა მარცვლეულის მიწოდება უკრაინიდანაც გახდეს შესაძლებელი. ანკარას წინადადებაა, რომ იმოქმედოს გაეროს ეგიდით". - წერს BILD-ი.

BILD-ის ცნობით, ახალი გარიგება, შესაძლოა, 19-20 აგვისტოს ბუდაპეშტში გაფორმდეს - თათარსტანის ხელმძღვანელი რუსტამ მინნიხანოვი უკვე გაფრინდა ბუდაპეშტში, სადაც ერდოღანის ჩასვლაცაა დაგეგმილი.


18 ივლისს, რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, შეთანხმების დატოვების მიზეზად დაასახელა რუსეთის მიმართ აღებული ვალდებულებები შეუსრულებლობა. 

ამავდროულად, რუსეთის გადაწყვეტილება გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც რუსეთისა და ოკუპირებული ყირიმის მაკავშირებელ ხიდზე აფეთქება მოხდა. 17 ივლისს ქერჩის სრუტეზე გამავალ ხიდზე, რომელიც ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთის ფედერაციას აკავშირებს, აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ობიექტი დაზიანდა და გადაადგილება დროებით შეჩერდა. უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ეს უსაფრთხოების სამსახურისა და სამხედრო-საზღვაო ძალების ერთობლივი სპეცოპერაცია იყო და იერიში საზღვაო დრონების გამოყენებით განახორციელეს. მსგავსი უპილოტო აპარატების გამოყენებაზე საუბრობდა რუსული მხარეც.

აფეთქებიდან რამდენიმე საათში, რუსეთმა დატოვა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება, რომელიც უკრაინული სავაჭრო ხომალდების გადაადგილების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. შეთანხმებას თურქეთი შუამავლობდა.

კომენტარები