დონალდ ტრამპი

NYT: ტრამპი ტაკერ კარლსონთან ინტერვიუსთვის რესპუბლიკური დებატების გამოტოვებას გეგმავს

ტაკერ კარლსონი და დონალდ ტრამპი ნიუ ჯერსიში მდებარე ტრამპის გოლფის ეროვნულ კლუბში. 2022 წლის 31 ივლისი
RICH GRAESSLE/ICON SPORTSWIRE/GETTY

the New York Times-ის ცნობით, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რომელსაც 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა კვლავ სურს, რესპუბლიკური პრაიმერის პირველი დებატების გამოტოვებას და ტაერ კარსონთან ონლაინ ინტერვიუში მონაწილეობის მიღებას გეგმავს.

როგორც გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, გასული 24 საათის განმავლობაში ტრამპმა რამდენიმე ადამიანს უთხრა, რომ მილუოკში დაგეგმილი დებატების გამოტოვებას აპირებს.

საკუთარი სოციალური მედია Truth Social-ში ტრამპმა დებატების შესახებ ბუნდოვანი პოსტიც დაწერა. მისი თქმით, ის რეიტინგით საკმაოდ უსწრებს კონკურენტებს.

"რეიგანმა ეს არ გააკეთა და არც სხვებმა გააკეთეს. ხალხმა იცის ჩემი მონაცემები, ერთ-ერთი საუკეთესო, ასე რომ, რატომ ვიდებატო?" - წერს ტრამპი და იმის შესაძლებლობას, რომ პრაიმერის პირველ დებატებში მონაწილეობას მიიღებს მაინც ტოვებს.

კარლსონთან ინტერვიუს დრო და ადგილი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა თუ ის მართლაც ჩატარდება და დებატების დროს დაემთხვევა, ეს რესპუბლიკური პარტიის დანარჩენი კანდიდატებისა და მთლიანად პრაიმერის პროცესის დაჩრდილვის აშკარა მცდელობა იქნება.

ცნობისთვის, ტაკერ კარლსონი FOX NEWS-იდან 2023 წლის აპრილში გაათავისუფლეს, მაისში კი მან ონლაინ გადაცემების გაშვება სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაიწყო.

კომენტარები