რუსეთი

რუსეთის აღმოსავლეთის სამხედრო ოკრუგის ყოფილი მეთაური "ხანგრძლივი ავადმყოფობით" მოკვდა

გენადი ჟიდკო

რუსეთის აღმოსავლეთის სამხედრო ოკრუგის ყოფილი მეთაური და თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გენადი ჟიდკო მოკვდა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ხაბაროვსკის გუბერნატორმა, მიხაილ დეგტიარიოვმა საკუთარ ტელეგრამ-არხზე 16 აგვისტოს დაწერა.

დეგტიაროვის თქმით, ჟიდკო "ხანგრძლივი ავადმყოფობის" შემდეგ მოსკოვში მოკვდა. მას სიკვდილის გარემოებების დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია.

სავარაუდოდ, 2022 წელს ჟიდკო მცირე ხნით ხელმძღვანელობდა უკრაინაში მყოფ საოკუპაციო ძალებს. დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანიზაცია Conflict Intelligence Team-ი გასულ წელს, მაისის ბოლოს წერდა, რომ საოკუპაციო ძალების მეთაურად გენადი ჟიდკო დანიშნეს. ის შემდეგ, 2022 წლის ივლისში ჩუმად ჩაანაცვლეს ახალი მეთაურით. ოფიციალური მიზეზი ცნობილი არაა, თუმცა, როგორც BBC-ის რუსული სამსახური წერს, მედიები ეყრდნობოდნენ წყაროებს, რომ ის საბრძოლო მოქმედებების წარუმატებლობის გამო გაათავისუფლეს.

აქამდე, 2016-2018 წლებში გენერალი ჟიდკო სირიაში მყოფ რუსულ ძალებს მეთაურობდა. ის რუსეთის გმირის წოდებით არის დაჯილდოებული. ამას გარდა ის 2018-2021 და 2022 წლის 6 ივლისიდან 5 ოქტომბრამდე აღმოსავლეთის სამხედრო ოკრუგის ძალებს მეთაურობდა. 2021 წლის 12 ნოემბრიდან 2022 წლის 28 ივლისამდე კი თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო 2022 წელს ამბობდა, რომ გენერალ-პოლკოვნიკი გენადი ჟიდკო პასუხისმგებელი იყო ომში რუსეთის ახალგაზრდული არმიიდან 17-18 წლის ახალგაზრდების გაწვევაზე.

დამოუკიდებელი ჟურნალისტის, დმიტრი კოლეზევის თქმით, 57 წლის ჟიდკოს სიკვდილი საეჭვო არაა, რადგან მას სიმსივნე აწუხებდა. ჟურნალისტმა ეს ინფორმაცია საკუთარ წყაროზე დაყრდნობით დაწერა.

2023 წლის დასაწყისში ჟიდკო აშშ-სა და ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვდა როგორც რუსეთის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი.

რუსეთის სამხედრო უწყებას ჟიდკოს სიკვდილთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

კომენტარები