სტიქია რაჭაში

ძებნა გაგრძელდება, სანამ მცირე თეორიული შანსიც კი იქნება მოქალაქეების პოვნის – გუბერნატორი

რაჭის გუბერნატორის, პაპუნა მარგველიძის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში, დარჩენილია რამდენიმე ადგილი, რომელიც უახლოეს დღეებში დამუშავდება. მისივე თქმით, სამძებრო სამუშაოების არეალი გაიზარდა რიონის ხეობაში.

"გრძელდება 7 დაკარგული მოქალაქის საძიებო სამუშაოები. ნაპოვნი მიცვალებულებიდან არის 23 უკვე იდენტიფიცირებული. რა თქმა უნდა, ძებნის სამუშაოები გრძელდება.

საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება მანამ, სანამ მცირედი თეორიული შანსიც კი იქნება მოქალაქეების პოვნის. დარჩენილია თვითონ კურორტ შოვის ტერიტორიაზე რამდენიმე ფრაგმენტი ტერიტორიის, რომელიც დამუშავდება უახლოეს დღეებში. საძიებო პერიმეტრი გაზრდილია მდინარე რიონის ხეობაშიც" - ამბობს მარგველიძე.

რაჭაში, შოვში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს ჩამოიშალა.

სტიქიის ზონაში მე-14 დღეა, მაშველები სამძებრო სამუშაოებს აგრძელებენ. შსს-ს ინფორმაციით, მიწის მასის 90% უკვე გადამოწმებულია.

კომენტარები