სტიქია შოვში

მღებრიშვილი: სტიქიის ზონაში დაახლოებით 25% დარჩა შესამოწმებელი – ორ დღეში გადავამოწმებთ

ზურაბ ცერცვაძე/ტაბულა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის თქმით, სტიქიის ზონის ძირითადი ნაწილი შემოწმებულია და დაახლოებით 25-26 % დარჩა შესამოწმებელი, რომელსაც ორ დღეში სრულად გადაამოწმებენ. 

მღებრიშვილი ამბობს, რომ მანამ სანამ ცხედრის პოვნის მცირე თეორიული შანსი იარსებებს, სამძებრო სამუშაოები არ შეწყდება. 

"ინტენსიურად გრძელდება და მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები. გუშინ, გვიან ღამემდე მიმდინარეობდა ოპერატიული თათბირი. მინისტრი ატარებდა თათბირს. ამ დილითაც გაგრძელდა თათბირი, სადაც მივიღეთ ჩვენ მინისტრისგან დავალებები თუ რა კონკრეტულ ღონისძიებებზე უნდა გადავიტანოთ აქცენტები.

გარდა ამისა, იცით თქვენ, რომ მიმდინარეობს ამბროლაურამდე 18 სექტორად დაყოფილი რიონის კალაპოტში საძიებო სამუშაოები. ასევე, ეპიცენტრში დღეს ნანახი იქნა ჰიუნდაის მარკის ავტომობილი, რომელშიც, ჩვენი ინფორმაციით, იმყოფებოდა 3 ადამიანი და ამ დროისთვის კონკრეტულ ლოკაციებზე მიდის სამუშაოები.

ასევე, მინდა დავამატო ინფორმაცია, რომ სტიქიის ეპიცენტრის ძირითადი ნაწილი გადამუშავებულია, შემოწმებულია, დარჩენილია დაახლოებით 25-26%, რომელსაც ვფიქრობთ, რომ ორი დღის განმავლობაში სრულად გადავამოწმებთ. ამის შემდეგ გვაქვს გარკვეული მოსაზრებები, ანალიზის საფუძველზე, და ამაზე ცოტა მოგვიანებით.

არავითარ შემთხვევაში მუშაობა არ წყდება.დღეს კიდევ იქნება გარკვეული შეხვედრა მინისტრთან. მოვახსენებთ, როგორც გუშინ, დღეს არის კიდევ რაღაც-რაღაც ნიუანსები, რომლის შესახებაც მოვახსენებთ მინისტრს დღის ბოლოს და დავიგეგმებით გარკვეული სტრატეგიის მიმართულებით.

ვიდრე იარსებეს თუნდაც მცირე შანსი [ცხედრების პოვნის], თეორიული, არ ვიძახი პრაქტიკულს, აქ ვართ, ვმუშაობთ და ვაკეთებთ ყველაფერს, გასაკეთებელი რაც არის ადამიანის და ტექნიკის შესაძლებლობების ფარგლებში".- თქვა მღებრიშვილმა. 

რაჭაში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა

სტიქიის ზონაში ნაპოვნია 24 ცხედარი, საიდანაც 20 იდენტიფიცირებულია. 9 ადამიანს კვლავ ეძებენ. 

კომენტარები