ოკუპირებული ყირიმი

ოკუპირებულ ყირიმში ანიმატორები სასამართლომ უკრაინულ სიმღერაზე ცეკვისთვის დააჯარიმა

უკრაინელი არტისტი, ანდრეი დანილკო სასცენო პროექტით - ვერკა სერდიუჩკა

დროებით ოკუპირებული ყირიმის რეგიონის, კურორტ ალუშტას საქალაქო სასამართლომ ადგილობრივი აკვაპარკის 3 ანიმატორი "რუსული არმიის დისკრედიტაციის" ბრალდებით, 15 000 რუბლით (160 აშშ დოლარი) დააჯარიმა. ინფორმაციას რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ "სამმა ანიმატორმა ქალმა, რომლებიც სამუშაო ადგილზე იმყოფებოდნენ, საჯაროდ იცეკვეს უკრაინელი შემსრულებლის თემატურ სიმღერაზე, რომელსაც მიუღებელი შინაარსი აქვს".

8 აგვისტოს Telegram-ის არხზე Крымский СМЕРШ, რომლის უკანაც რუსეთის უშიშროების სამსახურთან თანამშრომლობაში შემჩნეული ბლოგერი, ალექსანდრ ტალიპოვი დგას, გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც ანიმატორები ვერკა სერდიუჩკას [უკრაინელი მუსიკოსის, ანდრეი დანილკოს პროექტი] სიმღერაზე Гуляночка ცეკვავდნენ. სიმღერის განახლებულ ვერსიაში გამოყენებულია სიტყვები: "არ მომკვდარა უკრაინა, თუ ჩვენ ასე ვერთობით".

19, 20 და 26 წლის ანიმატორები მომდევნო დღესვე დააკავეს. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი ადგილობრივია, ორი კი ალუშტაში რუსული რეგიონებიდან სეზონური სამუშაოსთვის იყვნენ ჩასულები.

მოგვიანებით, Telegram-ის იმავე არხზე (Крымский СМЕРШ) გამოქვეყნდა ახალი ვიდეო, სადაც დაკავებული ანიმატორები "დაუფიქრებელი ქცევისთვის" ბოდიშს იხდიან, ვლადიმირ პუტინისა და "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მონაწილეებისადმი კი მხარდაჭერას გამოთქვამენ. ამავე ვიდეოში, ანიმატორები ასრულებენ სიმღერას სიტყვებით: "ვლადიმირ პუტინ – ყოჩაღ. პოლიტიკოსი, ლიდერი და მებრძოლი".

კომენტარები