ოკუპირებული ყირიმი

ოკუპირებულ ყირიმში სარკინიგზო ლიანდაგი კვლავ დაზიანდა, მატარებლის მოძრაობა შეჩერდა

ყირიმის კიროვსკის ოლქში სარკინიგზო ლიანდაგი დაზიანდა და მატარებლის მოძრაობა შეჩერდა. ამის შესახებ ინფორმაციას ანექსირებული ყირიმის მარიონეტი ხელმძღვანელი, სერგეი აქსენოვი Telegram არხზე ავრცელებს.

"დაშავებულები არ არიან, ადგილზე სპეციალური სამსახურები მუშაობენ." - წერს აქსენოვი.

მისივე ინფორმაციით, აღდგენით სამუშაოებს 4-დან 8 საათამდე დასჭირდება. აქსენოვს არ დაუკონკრეტებია, თუ რამ გამოიწვია რკინიგზის ლიანდაგების დაზიანება.

ქერჩის სარკინიგზო ხაზი კიროვსკის ოლქის ტერიტორიაზე გადის.

ოკუპირებულ ყირიმში ბოლო კვირების განმავლობაში რკინიგზის ლიანდაგები რამდენჯერმე აფეთქდა. ორჯერ, 11 და 21 ივნისს, ლიანდაგის დაზიანების გამო, მატარებლების მოძრაობა რამდენიმე საათით შეჩერდა. 

ანექსირებული ყირიმის ხელისუფლებამ არ დააკონკრეტა ტრასების დაზიანების მიზეზი, თუმცა სხვა წყაროების ინფორმაციით, აფეთქება დივერსიულმა ჯგუფებმა გამოიწვიეს. 

კომენტარები