მარცვლეულის შეთანხმება

უკრაინამ მარცვლეულის გადამზიდი ხომალდებისთვის დროებითი ჰუმანიტარული დერეფანი გახსნა

REUTERS/Mehmet Emin Caliskan

უკრაინის საზღვაო ძალების პრესსპიკერის ოლეგ ჩალუკის თქმით, 10 აგვისტოს უკრაინამ შავ ზღვაში მარცვლეულის გადამზიდი ხომალდებისთვის დროებითი ჰუმანიტარული დერეფანი გახსნა

თავდაპირველად, დერეფანი გაატარებს კონტეინერ ხომალდებს, რომლებიც უკრაინულ პორტებში 2022 წლის თებერვლის შემდეგ არიან გაჭედილები და რომლებსაც არ შეეხოთ 2022 წლის მარცვლეულის შეთანხმება. 2022 წელს მარცვლეულით დატვირთულმა გემების ნაწილმა დატოვა შავი ზღვა. 

რუსეთი მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ შავი ზღვის სავაჭრო გზების ბლოკადას ცდილობს. ჰუმანიტარული დერეფნის გახსნა უკრაინისთვის ერთგვარი ტესტია, თუ რამდენად შეძლებს უკრაინა დერეფნის უსაფრთხოების უზრუნველყოფას რუსეთისგან მომავალი მუდმივი თავდასხმების ფონზე. 

"დერეფანი ძალიან გამჭვირვალე იქნება, ჩვენ დავამონტაჟებთ კამერებს ხომალდებზე და გვექნება პირდაპირი ტრანსლაცია, რათა ვაჩვენოთ, რომ ამ წმინდად ჰუმანიტარულ მისიას არანაირი სამხედრო მიზანი არ აქვს". - თქვა უკრაინის საზღვაო ძალების პრესსპიკერმა ოლეგ ჩალუკმა. 

ჰუმანიტარული დერეფნის მარშრუტის შესახებ უკრაინის მიერ სრულად ინფორმირებულია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM). 

18 ივლისს, რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, შეთანხმების დატოვების მიზეზად დაასახელა რუსეთის მიმართ აღებული ვალდებულებები შეუსრულებლობა. 

ამავდროულად, რუსეთის გადაწყვეტილება გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც რუსეთისა და ოკუპირებული ყირიმის მაკავშირებელ ხიდზე აფეთქება მოხდა. 17 ივლისს ქერჩის სრუტეზე გამავალ ხიდზე, რომელიც ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთის ფედერაციას აკავშირებს, აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ობიექტი დაზიანდა და გადაადგილება დროებით შეჩერდა. უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ეს უსაფრთხოების სამსახურისა და სამხედრო-საზღვაო ძალების ერთობლივი სპეცოპერაცია იყო და იერიში საზღვაო დრონების გამოყენებით განახორციელეს. მსგავსი უპილოტო აპარატების გამოყენებაზე საუბრობდა რუსული მხარეც.

აფეთქებიდან რამდენიმე საათში, რუსეთმა დატოვა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება, რომელიც უკრაინული სავაჭრო ხომალდების გადაადგილების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. შეთანხმებას თურქეთი შუამავლობდა.

კომენტარები