სტიქია რაჭაში

პაპუაშვილი ადრეული გაფრთხილების სისტემებზე: იყო სურვილი, 2-3 წელში ყოფილიყო, მაგრამ დრო უნდა

ქართული ოცნება

"გასაგებია, რომ იყო სურვილი, ეს ყოფილიყო 2-3 წელიწადში, მაგრამ დრო სჭირდება, ვინაიდან ეს არის ტექნიკურად რთული საკითხი" - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომელსაც ჰკითხეს - რატომ ვერ მოხერხდა ადრეული გაფრთხილების სისტემის შოვში დამონტაჟება. ის აღნიშნავს, რომ "მნიშვნელოვანია არა სპონტანურად მონტაჟი სხვადასხვა ადგილას, არამედ საჭიროების მიხედვით და საჭიროა პრიორიტეტების განსაზღვრა".

"მას შემდეგ, რაც დევდორაკის მყინვარზე იყო ბუნებრივი კატასტროფა, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ამ სისტემით დაიფაროს მთლიანად საქართველო. 200-მდე სხვადასხვა ასეთი სახის მოწყობილობა იქნა შეძენილი და ის მონტაჟდება საჭიროების განსაზღვრის მიხედვით იმ ადგილებში, სადაც საჭიროა. დღეს ეს დამონტაჟებულია დარიალის ხეობაში, თბილისში – ვერეს ხეობაში და მიდის ეტაპობრივად. შეიძლება, სამი წელი არ ეყოს მთლიანად დაფარვას, მაგრამ საქმე ისაა, რომ სწორედ ეს არის ნაწილი პოლიტიკისა, რომელიც აქვს ჩვენს მთავრობას.

200 ასეთი მოწყობილობა უკვე შეძენილია და მიდის მისი დამონტაჟება, რასაც გარკვეული დრო სჭირდება. გარდა ამისა, იცით, რომ სარადარო სისტემა, რომელიც მთლიანად მოშლილი იყო, ესეც აღდგენილია. ორი რადარია დაყენებული, რომელიც ფარავს საქართველოს და იძლევა ასევე ინფორმაციას ამინდთან და სხვადასხვა ბუნებრივ მოვლენებთან დაკავშირებით" - თქვა პაპუაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

გარემოს დაცვის ყოფილმა და ეკონომიკის მოქმედმა მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა 2018 წელს, ჭუბერის ხეობაში მომხდარი სტიქიის დროს აღნიშნა, რომ "2-3 წელიწადში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა გვექნება. მნიშვნლოვანია, რომ ისეთ მდინარეებზე, როგორიც არის ნენსკრა, ჩვენ გვქონდეს ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა, რაზეც უკვე აქტიურად მუშაობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახური. აღნიშნული სისტემებით მივიღებთ ინფორმაციას, რომელიც პრევენციის ღონისძიებებისთვის აუცილებელია“.

კომენტარები