გერმანია, სავარაუდოდ, უკრაინას Taurus-ის ტიპის საჰაერო ბაზირების ზუსტი დამიზნების მქონე ფრთოსან რაკეტებს გადასცემს. ინფორმაციას NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელი, ეგორ ჩერნიევი და გერმანიის მმართველი პარტიის (სოციალ-დემოკორატიული) წევრი და თავდაცვის ბიუჯეტის სპიკერი, ანდრეას შვარცი ავრცელებენ.
ჩერნიევის თქმით, ბუნდესთაგში გადაწყვეტილების მიმღებმა ფრაქციებმა მიაღწიეს კონსესუსს უკრაინისთვის Taurus-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების გადაცემის შესახებ.
"ჩემმა მეგობრებმა ბუნდესთაგიდან შემატყობინეს, რომ გადაწყვეტილების მიმღებმა ფრაქციებმა კონსესუს მიაღწიეს უკრაინისთვის Taurus-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების გადაცემის შესახებ". - წერს ჩერნიევი.
ბუნდესთაგის ბიუჯეტის კომიტეტში თავდაცვის ბიუჯეტის სპიკერმა, ანდრეას შვარცმა კი ამის შესახებ Der Spiegel-თან ინტერვიუში ისაუბრა.
შვარცის თქმით, უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო საჰაერო ძალების ნაკლებობა აქვს და მათ სწორედ ზუსტი დამიზნების მქონე ფრთოსანი რაკეტები სჭირდებათ.
"ჩემი აზრით დეჟა-ვუში ვართ. მსგავსი მდგომარეობა იყო ტანკებთან დაკავშირებით, ახლა კი უარს ვამბობთ მნიშვნელოვანი ეკიპირების მიწოდებაზე, რომელსაც, სავარაუდოდ, მოგვიანებით, მაინც მივაწვდით". - თქვა შვარცმა.
გერმანიის ბუნდესთაგში უკრაინისთვის Taurus-ის ტიპის საჰაერო ბაზირების ზუსტი დამიზნების მქონე ფრთოსანი რაკეტების გადაცემაზე რამდენიმე კვირაა მსჯელობენ. თუმცა, მხარეებმა ამ დრომდე საბოლოო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.