სტიქია რაჭაში

მღებრიშვილი: სადაც კოტეჯები იყო, ფაქტობრივად, არაფერია – არის ფრაგმენტები, ჯერ ვერ მივედით

ზურაბ ცერცვაძე/ტაბულა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის თქმით, მიწის მასა დიდ ტერიტორიაზეა გაშლილი და მაშველებმა დილის შვიდის ნახევრიდან უკვე განაახლეს სამძებრო სამუშაოები. 

როგორც მან  ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ყველა ეპიცენტრში ისინი შესულები არიან, გარდა რამდენიმე ლოკაციისა. ამასთან მღებრიშვილის თქმით, იქ, სადაც კოტეჯები იყო, აღარაფერია დარჩენილი გარდა რამდენიმე ფრაგმენტისა, რომლამდეც მისვლა ჯერ ვერ ხერხდება. 

"მიწის მასა დიდ ტერიტორიაზე გაშლილი, შესულია ეტაპობრივად ტექნიკა, მობილიზებულია მაშველების ჯგუფი, მდინარის კალაპოტის ორივე მხრიდან მიმდინარეობს ძებნა-შველის პროცესი. 

ყველგან ეპიცენტრში შევედით, გარდა რამდენიმე ლოკაციებისა. სადაც კოტეჯები არსებობდა, იქ, ფაქტობრივად, აღარაფერია. არის კოტეჯების ფრაგმენტები, სადაც ჯერ-ჯერობით ვერ მივედით იმ ადგილებამდე იმიტომ, რომ ძალიან სქელი ფენაა მიწის მასის და იფლობიან ადამიანები, ჩვენი მეხანძრე მაშველები. სწორედ მაგიტომ ხდება ტექნიკის შეყვანა, რომ გზა გაიჭრას და მივიდეთ იქამდე".- ამბობს მღებრიშვილი. 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის თქმით, ბოლოს განახლებული მონაცემებით, რაჭაში, სტიქიის ზონაში, ამ დროისთვის დაკავშირება 35 ადამიანთან ვერ ხერხდება.  მისივე სიტყვებით, ამ დროისთვის გამოყვანილია ყველა ადამიანი, რომელიც უსაფრთხო ადგილას მაშველებთან ერთად იმყოფებოდა.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, უსაფრთხო ადგილას 140 ადამიანია გადაყვანილი. გუშინ, 3 აგვისტოს მაშველებმა სტიქიის ზონიდან 70-ზე მეტი ადამიანის გამოყვანა შეძლეს, დღეს - 80-ზე მეტის.

"ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მეორე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება, რომელშიც 400-მდე მეხანძრე - მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები არიან ჩართულები. დღეს, 06:00 საათიდან სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი ჩაერთო, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკაც. 

შემთხვევის ადგილზე ასევე, მუშაობენ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები. სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი, რომლებიც სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებით მუშაობენ სტიქიის ზონაში. 

შსს-ს თანამშრომლების მიერ სტიქიის ზონიდან აქტიურად ხორციელდება მოქალაქეების გამოყვანა და ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია კიდევ 140 ადამიანი. სტიქიის ზონაში მოწყობილია საველე შტაბი, რომელიც მუდმივ კავშირზეა ადგილობრივ მერიაში შექმნილ საკოორდინაციო შტაბთან, ადგილზე მუშაობენ გეოლოგებიც". - წერია განცხადებაში.   

სამაშველო-სამძებრო სამუშაოები გრძელდება - დაკარგულ მოქალაქეებს, მაშველებთან ერთად, ეძებენ მოხალისეები, ასევე, მათი ახლობლები და ნათესავები.  

შოვში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებრად მეწყერის შედეგად მიწის მასა, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა. ონის მუნიციპალიტეტის მერის, სერგო ხიდეშელის თქმით, შოვში მიწისა და წყლის ძალიან დიდი მასა ჩამოიშალა. ხიდიშელი ამბობს, რომ მეწყერმა ის ხიდი წაიღო, რითიც მოქალაქეები ამ ტერიტორიაზე გადადიოდნენ.  

ბოლო მონაცემებით, მაშველებმა ადგილზე იპოვეს 2 ადამიანის ცხედარი. 

კომენტარები