ნარკოპოლიტიკა

SJC: დასჯის ნაცვლად, ზომები ნარკომომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვისკენ უნდა იყოს მიმართული

არასამთავრობო ორგანიზაცია სოციალური სამართლიანობის ცენტრმა საქართველოში ნარკოპოლიტიკის შესახებ ყოველწლიული ანგარიში წარადგინა, რომელშიც 2022 წლის ტენდენციებია განხილული. 

ვრცელ ანგარიშში ვკითულობთ, რომ ნარკოპოლიტიკის სისტემური რეფორმირების საკითხი არც 2022 წელს წარმოადგენდა პოლიტიკურად აქტუალურ საკითხს და მასობრივი განხილვის საგანს და საანგარიშო პერიოდში არ განხორციელებულა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლი­­­ლებები, ამასთან არ დანერგილა ნარკოდანაშაულის პრევენციისა და მომხმარებელთა მკურნალობა-რეაბილიტაციის თვისებრივად ახლებური მიდგომები. მათივე შეფასებით, ამ ყველაფრიდან გამომდინარე  სფეროში არსებული გამოწვევები არსებითად არ შეცვლილა. 

ორგანზიაცია წერს, რომ ცენტრმა 18 უწყებიდან გამოითხოვა სტატისტიკური მონაცემები. 

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საჯარო უწყებების დიდი ნაწილი ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულ ინფორმაციას არასრულყოფილად გასცემს. სამართლიანობის ინსტიტურის ცნობით, პრობლემურია სტატისტიკის წარმოების მეთოდოლოგიაც, რაც ხელს უშლის ეფექტიანი და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის განხორციელებას. 

"2022 წელს რეგისტრირებული ნარკოტიკული დანაშაულის ჯამური მაჩვენებელი (5471), 2021 წელთან შედარებით (3873) გაზრდილია 41%-ით, რაც საანგარიშო პერიოდში დანაშაულის წლიური მატების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამასთან, 2022 წელს გაიზარდა ნარკოტიკულ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ჯამური მაჩვენებელი (4802) და ის მხოლოდ მცირედით ჩამორჩება პანდემიამდე არსებულ (2019 წლის) ნიშნულს (5120);

საანგარიშო წელს ნარკოტიკულ დანაშაულებში მსჯავრდებულ პირებს ყველაზე ხშირად პირობითი სასჯელი ენიშნებოდათ (პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ განხილულ საქმეთა 66%, რაც 10%-ით აღემატება 2021 წლის მაჩვენებელს) ყველაზე იშვიათად კი – საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა".- აღნიშნულია ანგარიშში. 

ნარკოდანაშაულის შესახებ მომზადებულ ნაშრომში ვკითხულობთ, რომ 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, გაზრდილია ნარკოტიკულ შემოწმებაზე გადაყვანილი პირების რაოდენობა. ამასთანავე, მზარდია დადებითი შედეგის მქონე პირთა პროცენტული მაჩვენებელიც (72%). 

"გაზრდილია საქართველოს პრეზიდენტის მიერ ნარკოდანაშაულში მსჯავრდებული პირების შეწყალების მაჩვენებელი – 2022 წელს პრეზიდენტმა ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებული 25 პირი შეიწყალა.

კვლავაც პრობლემად რჩება ოპიოიდებით ჩანაცვლებითი თერაპიის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის საკითხი. გარდა ამისა, პენიტენციურ სისტემაში კვლავაც არ არსებობს ოპიოიდებით ჩანაცვლების გრძლევადიანი სამედიცინო პროგრამა;

ოპიოიდებით ზედოზირების დროს გამოსაყენებელი პირველადი დამხმარე საშუალების – პრეპარატ „ნალოქსონის“ მარაგი სააფთიაქო ქსელებში მცირეა. შესაბამისად, დღის წესრიგში დგას მასზე ხელმისაწვდომობის პრობლემაც".- წერია ანგარიშში. 

სამართლიანობის ცენტრი რეკომენდაციის სახით აღნიშნავს, რომ საქართველოში მოქმედი ნარკოკანონმდებლობა მეტწილად ისევ სადამსჯელო ღონისძიებებისა და მიწოდების შეზღუდვისკენაა მიმართული. SJC აუცილებლად მიიჩნევს ნარკოპოლიტიკის ძირეული რეფორმის განხორციელებას, რომელიც სადამსჯელო ღონისძიებების ნაცვლად ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობისა და პრევენციული ღონისძიებების გატარებისკენ იქნება მიმართული. 

კომენტარები