რუსეთი

რუსეთში, უკრაინის მოსაზღვრე კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში მოხალისე რაზმებს იარაღს აძლევენ

Olga Maltseva/AFP

კურსკის ოლქის გუბერნატორის, რომან სტაროვოიტის თქმით, კურსკის ოლქში, რომელიც უკრაინას ესაზღვრება, მოხალისეებს იარაღს დაურიგებენ.

სტაროვოიტის განმარტებით, საბრძოლო იარაღით მოხალისეთა სახალხო რაზმებს უზრუნველყოფენ. მისივე თქმით, ეს რაზმები რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, როსგვარდიას, პოლიციას და მესაზღვრეებს დამატებით დახმარებას უწევენ. 

"რამდენიმე თვის განმავლობაში სახალხო რაზმის სამხედრო იარაღით უზრუნველყოფის საკითხზე ვმუშაობდით. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ამის მექანიზმი ნაპოვნია. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენ შევქმენით მისი შენახვისთვის ყველა პირობა. პირველი პარტია უკვე შემოვიდა ბაზაზე. უახლოეს მომავალში იარაღის რაოდენობას 300 ერთეულამდე გავზრდით". - წერს სტაროვოიტი ტელეგრამ-არხზე.

გარდა ამისა, ბელგოროდის რეგიონის თავდაცვის ნაწილებს იარაღი უკვე დაურიგდათ. მათ ტყვიამფრქვევები და დრონების საწინააღმდეგო იარაღები გადაეცათ. როგორც კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, თავდაცვის ქვედანაყოფების შეიარაღება კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაშია და უკრაინის მხრიდან თავდასხმების ფონზე აუცილებელ ღონისძიებას წარმოადგენს. 

მანამდე ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა აღნიშნა, რომ მოხალისე თავდაცვის დანაყოფების შეიარაღებისთვის "კანონიერ საფუძველს" ეძებდა. სენატორმა და ერთიანი რუსეთის გენერალური საბჭოს მდივანმა, ანდრეი ტურჩაკმა კი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ასეთი ფორმირებების ლეგალიზების მოთხოვნით მიმართა. ივლისში შესაბამისი ცვლილებები, რომლებიც გუბერნატორებს საშუალებას აძლევს, შექმნან საკუთარი სამხედრო კომპანიები, რუსეთის სახელმწიფო დუმამ დაამტკიცა.

კომენტარები