შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი

ევროპული საქართველო NAEC-ზე: გამოცდების ეს მოდელი არ პასუხობს განათლების სისტემის მიზნებს

ევროპული საქართველო შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრის მიერ (NAEC) სასამართლოს დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

საქმე ეხება აბიტურიენტს, რომელიც ისტორიის გამოცდაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გამოცხადდა. 28 ივლისს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა PHR-ის ადვოკატების მოთხოვნა და განათლების სამინისტროს სსიპ "შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს" დაავალა, აბიტურიენტის დამატებით ეროვნულ გამოცდაზე დაშვება. გადაწყვეტილება მოსამართლე ციცინო როხვაძემ მიიღო. 

ევროპული საქართველო სოლიდარობას უცხადებს აბიტურიენტსა და მის მშობლებს და მოითხოვს, დაუყონებლივ აღსრულდეს სასამართლოს მიერ გამოტანილი დროებითი განჩინება. 

"საგანგაშოა გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ აბიტურიენტის ისტორიის დამატებით გამოცდაზე დაშვებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს დანაშაულებრივი დაუმორჩილებლობა.

ქართული სახელმწიფოს სირცხვილია, რომ აბიტურიენტის მშობელს სასამართლოს გადაწვყეტილების აღსრულების მოთხოვნით შიმშილობის დაწყება უწევს მაშინ, როდესაც მისი აღუსრულებლობა სისხლის სამართლის დანაშაულია.

სოლიდარობას ვუცხადებთ აბიტურიენტს და მის მშობელს და მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ აღასრულოს გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სასამართლოს მიერ საქმეზე გამოტანილი დროებითი განჩინება.

მსგავსი განუკითხაობა კანონის უზენაესობის უტიფარ უგულებელყოფასთან ერთად, კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ეროვნული გამოცდების არსებული მოდელი არ პასუხობს განათლების სისტემის მიზნებსა და გამოწვევებს და ხელოვნურ ბარიერებს უქმნის აბიტურიენტებს უმაღლესი განათლების მიღებაში.

ვარდების რევოლუციის შემდგომ ეროვნული გამოცდების შემოღებით აღმოიფხვრა კორუფცია საგამოცდო პროცესიდან და დამკვიდრდა კომპეტენციაზე დამყარებული კონკურენცია აბიტურიენტებს შორის, რამაც შესაძლებლობა მისცა ყველა აბიტურიენტს საქართველოს ნებისმიერი ქალაქიდან თუ სოფლიდან, თავისუფალ კონკურენციაში გამარჯვებით მიეღო წვდომა უმაღლეს განათლებაზე.

2019 წელს განათლების სამინისტრომ ეროვნული გამოცდებიდან უნარების გამოცდა ამოიღო, რამაც კატასტროფულად შეამცირა გამოცდების ეფექტურობა აბიტურიენტთა კომპეტენციის შეფასების კუთხით.

დღეს არსებული საგამოცდო სისტემა საჭიროებს ძირფესვიან რეფორმირებას, რისი ნებაც ქართული ოცნების ხელისუფლებას და გამოცდების ეროვნულ ცენტრს არ გააჩნიათ.

განათლების სისტემის რეფორმის სრული კონცეფცია მუშავდება პარტნიორ ორგანიზაციებთან, ექსპერტებთან და დაინტერესებულ სტუდენტურ ჯგუფებთან ერთად პროექტ "ახალი რესპუბლიკის" ფარგლებში და დოკუმენტი საჯარო განხილვისთვის ახლო მომავალში გამოქვეყნდება.

 რეფორმის სრული კონცეფციის განხილვამდე, გთავაზობთ ევროპული საქართველოს ხედვას, ერთიანი ეროვნული გამოცდების რეფორმირების ძირითადი პრინციპების თაობაზე. არსებული საგამოცდო სისტემა უნდა ჩანაცვლდეს სამი სახის გამოცდით:

1. უნარების გამოცდა - შეამოწმებს აბიტურიენტის კრიტიკულ აზროვნებას და ანალიტიკურ უნარებს. უნარების გამოცდა სავალდებულო იქნება ნებისმიერ პროგრამაზე ჩაბარებისთვის;

2. საგნობრივი/სპეციალობის გამოცდა - უნივერსიტეტები დამოუკიდებლად განსაზღვრავენ, რომელი საგნობრივი გამოცდით იქნება შესაძლებელი კონკრეტულ სპეციალობაზე ჩაბარება;

3. ზოგადი განათლების გამოცდა - შეამოწმებს საშუალო განათლების საფეხურის ყველა შესაბამის დისციპლინაში მიღებულ მინიმალურ ცოდნას. ამ გამოცდის საფუძველზე შედგება სკოლების რეიტინგი;

სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღება შესაძლებელი უნდა იყოს უნარებისა და სპეციალობის გამოცდებში მიღებული სკალირებული ქულების გათვალისწინებით. ამასთან ერთად, აუცილებელი უნდა იყოს ზოგადი განათლების გამოცდაში მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვა.

 ერთიანი ეროვნული გამოცდები უნდა ტარდებოდეს წელიწადში რამდენჯერმე და აბიტურიენტებს კი ამ გამოცდების ჩაბარება უნდა შეეძლოთ მე-9 კლასიდან. რამდენჯერმე ერთი და იმავე გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, გათვალისწინებული უნდა იყოს აბიტურიენტის საუკეთესო შედეგი სწავლის გაგრძელებისა და გრანტის მოსაპოვებლად.

გამოცდების მრავალჯერადად ჩაბარების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია პროცესში კერძო სექტორის ჩართვა. გამოცდების ადმინისტრირების პროცესში ჩართვა უნდა შეეძლოთ საერთაშორისო ავტორიტეტული აკრედიტაციის მქონე ორგანიზაციებს. შედეგად, აბიტურიენტებს შეეძლებათ თავად აარჩიონ მათთვის ხელსაყრელი ცენტრი, დრო და ადგილი.

ეროვნული გამოცდების ახალი მოდელი:

1. ადეკვატურად შეამოწმებს აბიტურიენტის სააზროვნო უნარებს და ამა თუ იმ საგანში დაგროვებულ ცოდნას;

2. სრულად უპასუხებს აბიტურიენტების საჭიროებებს და მოხსნის ყველა სისტემურ ბარიერს უმაღლესი განათლების მისაღებად;

3. გამოცდების ჩაბარების დროითი მოქნილობა გარკვეულწილად სტრესის მომხსნელი ფაქტორი იქნება და რაც მთავარია, მისი სადამსჯელო ბუნება თვითგანვითარების წამახალისებელ მექანიზმად გარდაიქმნება". – წერია განცხადებაში.

 

ცოტა ხნის წინ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (NAEC) სასამართლო განჩინების მიუხედავად აბიტურიენტის დამატებით გამოცდაზე დაშვებაზე უართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. 

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ შეუძლებელია აბიტურიენტის დაშვება იმ გამოცდაზე, რომელიც უკვე ჩატარებულია. ამასთან, მათივე ინფორმაციით, ცენტრმა განჩინება გაასაჩივრა. 

"2023 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებაში შევიდა ცვლილება - ტესტირებაზე გამოუცხადებელ აბიტურიენტებს მიეცათ დამატებით  გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა იმ შემთხვევაში, თუ მათ საგამოცდო ბარათში მითითებულ დროს ვერ შეძლეს გამოცდაზე გამოცხადება შემდეგი მიზეზების გამო:

ა) ჯანმრთელობის გაუარესების შედეგად გამოცდის დღეს სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის გამო არანაკლებ 24 საათის განმავლობაში;

ბ) ოჯახის წევრის (მეუღლე, დედა, მამა, და-ძმა, შვილი) გარდაცვალების გამო;

გ) დაუძლეველი ძალის გამო.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აცხადებს, რომ საგამოცდო  პროცესი დასრულებულია, ჩატარებულია ყველა დამატებითი გამოცდაც იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებიც აკმაყოფილებდნენ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს. ცენტრმა უკვე დაიწყო პირველადი შედეგების გამოცხადება.  

გამოცდების და დამატებითი სესიების დასრულების შემდეგ ცენტრში წარმოდგენილი იქნა სასამართლოს დროებითი განჩინება, რომლითაც ცენტრს დაევალა ერთ-ერთი აბიტურიენტის დაშვება დამატებით გამოცდაზე. შეუძლებელია აბიტურიენტის დაშვება იმ გამოცდაზე, რომელიც უკვე ჩატარებულია. ცენტრმა განჩინება გაასაჩივრა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

გამოცდების ჩასატარებლად მნიშვნელოვანია ყველა საგამოცდო წესისა და კანონის დაცვა, რაც უზრუნველყოფს ყველასთვის თანაბარი გარემოს შექმნას და ათი ათასობით აბიტურიენტს აძლევს უმაღლეს სასწავლებელში  სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას".- აღნიშნულია განცხადებაში. 

არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)  დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც  შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა (NAEC) სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარი თქვა.

საქმე ეხება აბიტურიენტს, რომელიც ისტორიის გამოცდაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გამოცხადდა. 

როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ 28 ივლისს NAEC-ს დაავალა აბიტურიენტი ისტორიის დამატებით გამოცდაზე დაეშვა. თუმცაღა გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უარს განაცხადა და თქვა, რომ ისტორიის დამატებითი გამოცდა 25 ივლისს უკვე ჩატარდა. 

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის განმარტებით, 25 ივლისს ჩატარდა გეგმიური დამატებითი გამოცდა. სასამართლო განჩინების შესაბამისად კი ცენტრმა, მათი განსაზღვრული გრაფიკის მიუხედავად, კიდევ უნდა ჩაატაროს დამატებითი სესია. 

"შეგახსენებთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა სისხლის სამართლის დანაშაულია. ამასთან, დროებითი განჩინება, თავისი ბუნებით გულისხმობს მის დაუყონებლივ აღსრულებას. მივმართავთ გამოცდების ეროვნულ ცენტრს, უზრუნველყონ აბიტურიენტის განათლებისა და საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დაცვა და მისცენ აბიტურიენტს საშუალება, დაწეროს ისტორიის დამატებითი გამოცდა".- აღნიშულია განცხადებაში. 

დღეს აბიტურიენტის დედამ შიმშილობაც დაიწყო. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, ის იშიმშილებს მანამ, სანამ ცენტრის დირექტორი თანამდებობას არ დატოვებს. 

კომენტარები