ივან საფრონოვი

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ჟურნალისტ ივან საფრონოვის საჩივარი არ დააკმაყოფილა

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ჟურნალისტ ივან საფრონოვის საჩივარი სახელმწიფო ღალატის საქმეზე გამოტანილი განაჩენის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა

სასამართლო სხდომა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. ეს იყო უკანასკნელი ინსტანცია, სადაც საფრონოვს ქვემდგომი სასამართლოების გადაწყვეტილებები გასაჩივრება შეეძლო. 

2022 წლის სექტემბერში რუსეთის სასამართლომ როსკოსმოსის თავჯდომარის მრჩეველსა და კომერსანტის ყოფილ ჟურნალისტს, ივან საფრონოვს სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ საფრონოვს განაჩენი 5 სექტემბერს გამოუტანა, მას შემდეგ, რაც ის დამნაშავედ ცნო საიდუმლო მასალების უცხოეთის აგენტებისთვის გადაცემაში. მიუხედავად იმისა, რომ საფრონოვის საქმეს ბევრი პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

განაჩენის გამოტანის დღეს რამდენიმე დამოუკიდებელმა მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მოითხოვა საფრონოვისთვის წაყენებული ყველა ბრალდების მოხსნა და ჟურნალისტის გათავისუფლება. განცხადების სათაური იყო "ჟურნალისტიკა არ არის დანაშაული".

ამავე დღეს ბასმანის ოლქის სასამართლომ დაბეჭდვის ლიცენზია გაუუქმა ავტორიტეტიან დამოუკიდებელ გამოცემას, ნოვაია გაზეტას.

ჟურნალისტი 2020 წელს დააკავეს.

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ვერსიით, საფრონოვი ნატო-ს წევრი ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის მუშაობდა. ფსბ-ს განცხადებით, ივან საფრონოვი აგროვებდა და გადასცემდა ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის, თავდაცვისა და უშიშროების შესახებ. მსგავსი სახის ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს. სახელმწიფოს ღალატისთვის საფრონოვს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომერსანტში ივან საფრონოვი 2010-2019 წლებში მუშაობდა. ის ხშირად წერდა კოსმოსურ ინდუსტრიასა და სამხედრო საკითხებზე.

2019 წლის მარტში ივან საფრონოვმა და ალექსანდრა ჯორჯევიჩმა კომერსანტში გამოაქვეყნეს სტატია ეგვიპტეში რუსული გამანადგურებლების, სუ-35-ის მიწოდებაზე, სტატია შემდგომში გამოცემის საიტიდან წაშალეს. იმავე წლის მაისში კომერსანტის წინააღმდეგ საქმე აღიძრა ადმინისტრაციული დარღვევებისთვის, რაც სახელმწიფო საიდუმლოს გათქმას ითვალისწინებდა. სასამართლომ საქმე არ დააკმაყოფილა. საფრონოვი რამდენჯერმე დაკითხა ფსბ-მ.

საფრონოვი კომერსანტიდან 2019 წელს გაათავისუფლეს. რისი მიზეზიც გახდა მისი სტატია, რომელიც მთავრობის წარმომადგენლებთან დაახლოებული ადამიანების ინფორმაციაზე დაყრდნობით დაწერეს. სტატიაში ნათქვამი იყო, რომ, შესაძლოა, ფედერალური საბჭოს ლიდერი, ვალენტინა მატვიენკო მაისში საგარეო სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი სერგეი ნარიშკინით ჩაენაცვლებინათ. კრემლში თქვეს, რომ მათ არ იცოდნენ მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ და ამ ინფორმაციას ჭორი უწოდეს. სტატიაზე ხუთი ჟურნალისტი მუშაობდა. საფრონოვთან ერთად კომერსანტიდან დაითხოვეს მაქსიმ ივანოვიც. პროტესტის ნიშნად კომერსანტის ბიზნეს გამოცემის პოლიტიკური დეპარტამენტის ყველა თანამშრომელმა სამსახური დატოვა.

ივან საფრონოვის მამა, ივან საფრონოვ-უფროსი ასევე კომერსანტში მუშაობდა და არმიასა და ფლოტთან დაკავშირებულ საკითხებს აშუქებდა. ის 2007 წლის მარტში ფანჯრიდან გადმოვარდა და დაიღუპა. სიკვდილის წინ ჟურნალისტი სირიაში რუსული სუ-30 გამანადგურებლების, ხოლო ირანში C-300B ზენიტური სარაკეტო კომპლექსების მიწოდებაზე ამზადებდა სტატიას. კომერსანტის ინფორმაციით, სტატია შესაძლოა სკანდალის მიზეზი გამხდარიყო. სტატიის თანაავტორის, მიხაილ ზიგარის თქმით, სტატიის ტექსტი მზად იყო, თუმცა ის არ გამოქვეყნებულა.

კომენტარები