რუსეთი

"კომერსანტის" ყოფილი ჟურნალისტი რუსეთში სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააკავეს

ივან საფრონოვი / კომერსანტი

დღეს გახდა ცნობილი, რომ როსკოსმოსის თავჯდომარის მრჩეველი და კომერსანტის ყოფილი ჟურნალისტი, ივან საფრონოვი სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით დააპატიმრეს.

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ვერსიით, საფრონოვი ნატო-ს წევრი ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის მუშაობდა. ფსბ-ს განცხადებით, ივან საფრონოვი აგროვებდა და გადასცემდა ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის, თავდაცვისა და უშიშროების შესახებ. მსგავსი სახის ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს. სახელმწიფოს ღალატისთვის საფრონოვს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

როსკოსმოსის ინფორმაციით, საფრონოვის დაკავება არ არის კავშირში მის ახლანდელ საქმიანობასთან და როსკოსმოსში მას ხელი არ მიუწვდება სახელმწიფო საიდუმლოებაზე. 

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრეს-მდივანის განცხადებით, საფრონოვის დაკავება არ არის დაკავშირებული მის ჟურნალისტურ საქმიანობასთან.

თუმცა Открытые медиа-ს ვერსიით, ივან საფრონოვის დაკავება კომერსანტში მის ჟურნალისტურ საქმიანობასთანაა დაკავშირებული.

კომერსანტში ივან საფრონოვი 2010-2019 წლებში მუშაობდა. ის ხშირად წერდა კოსმოსურ ინდუსტრიასა და სამხედრო საკითხებზე.

2019 წლის მარტში ივან საფრონოვმა და ალექსანდრა ჯორჯევიჩმა კომერსანტში გამოაქვეყნეს სტატია ეგვიპტეში რუსული გამანადგურებლების, სუ-35-ის მიწოდებაზე, სტატია შემდგომში გამოცემის საიტიდან წაშალეს. იმავე წლის მაისში კომერსანტის წინააღმდეგ საქმე აღიძრა ადმინისტრაციული დარღვევებისთვის, რაც სახელმწიფო საიდუმლოს გათქმას ითვალისწინებდა. სასამართლომ საქმე არ დააკმაყოფილა. საფრონოვი რამდენჯერმე დაკითხა ფსბ-მ.

საფრონოვი კომერსანტიდან 2019 წელს გაათავისუფლეს. რისი მიზეზიც გახდა მისი სტატია, რომელიც მთავრობის წარმომადგენლებთან დაახლოებული ადამიანების ინფორმაციაზე დაყრდნობით დაწერეს. სტატიაში ნათქვამი იყო, რომ, შესაძლოა, ფედერალური საბჭოს ლიდერი, ვალენტინა მატვიენკო მაისში საგარეო სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი სერგეი ნარიშკინით ჩაენაცვლებინათ. კრემლში თქვეს, რომ მათ არ იცოდნენ მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ და ამ ინფორმაციას ჭორი უწოდეს. სტატიაზე ხუთი ჟურნალისტი მუშაობდა. საფრონოვთან ერთად კომერსანტიდან დაითხოვეს მაქსიმ ივანოვიც. პროტესტის ნიშნად კომერსანტის ბიზნეს გამოცემის პოლიტიკური დეპარტამენტის ყველა თანამშრომელმა სამსახური დატოვა.

ივან საფრონოვის მამა, ივან საფრონოვ-უფროსი ასევე კომერსანტში მუშაობდა და არმიასა და ფლოტთან დაკავშირებულ საკითხებს აშუქებდა. ის 2007 წლის მარტში ფანჯრიდან გადმოვარდა და დაიღუპა. სიკვდილის წინ ჟურნალისტი სირიაში რუსული სუ-30 გამანადგურებლების, ხოლო ირანში C-300B ზენიტური სარაკეტო კომპლექსების მიწოდებაზე ამზადებდა სტატიას. კომერსანტის ინფორმაციით, სტატია შესაძლოა სკანდალის მიზეზი გამხდარიყო. სტატიის თანაავტორის, მიხაილ ზიგარის თქმით, სტატიის ტექსტი მზად იყო, თუმცა ის არ გამოქვეყნებულა.

კომენტარები