თავისუფლების ინსტიტუტი

Liberty Institute: 2022-მდე ჯარს რუსული წარმოშობის საკვებსაც აჭმევდნენ, დღეს რაციონი უცნობია

თავისუფლების ინსტიტუტის [Liberty Institute] ინფორმაციით, 2022 წლამდე ქართულ ჯარს რუსული წარმოშობის საკვებსაც აჭმევდნენ, ხოლო 2022-ის შემდეგ კვების რაციონი უცნობია.  

როგორც თავისუფლების ინსტიტუტის სტატიაში ვკითხულობთ, დღეს ღია წყაროებზე დაყრდნობით, ფაქტობრივად, შეუძლებელია ვუპასუხოთ კითხვებს, თუ რას ჭამს ქართული ჯარი, რომელი კომპანია უზრუნველყოფს ჯარის კვებას და რომელი პროდუქტებისგან შედგება ჯარისკაცების რაციონი.  

სტატიაში განხილულია, თუ ვის ევალება ჯარის კვებით უზრუნველყოფა და როდიდან ჩაიკეტა სისტემა გარე მონიტორინგისთვის, ასევე, ორგანიზაციამ გამოიკვლია, ყიდულობს თუ არა სახელმწიფო საკვებ პროდუქტს ქართული ჯარისთვის რუსული კომპანიებისგან.

2014 წელს შეიქმნა შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა", რომელსაც დაევალა შეიარაღებული ძალების კვებითი მომსახურების გაუმჯობესება და მორგება საერთაშორისო სტანდარტებთან (მათ შორის NATO-ს სტანდარტებთან). კომპანიის 100% წილის მფლობელია სახელმწიფო და მართავს თავდაცვის სამინისტრო. 

2022 წლამდე შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" ჯარის საკვებს ყიდულობდა კონსოლიდირებული ტენდერების გამოცხადების გზით. კვებისთვის საჭირო პროდუქცია, დაწყებული ბურღულეულიდან, დამთავრებული გამაგრილებელი სასმელებით, სხვადასხვა კომპანიების ერთმანეთთან შეჯიბრებისას ამოირჩეოდა. ამ გზით საკვების შესყიდვა უფრო კონკურენტული და გამჭვირვალე იყო, ხოლო სამოქალაქო ორგანიზაციებს ჰქონდათ შესაძლებლობა ეკონტროლებინათ შესასყიდი პროდუქციის წარმომავლობა, გადაემოწმებინათ ხარისხი, ენახათ მიმწოდებელი კომპანიების საქმიანობა.

2022 წლიდან ვითარება იცვლება - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ცნობით, შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფას” 2022 წლიდან აღარ მიუმართავს შესყიდვების სააგენტოსთვის კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების თხოვნით. შესაბამისად, 2022 წლიდან ფაქტობრივად ჩაიკეტა ჯარის კვების უზრუნველყოფის სისტემა და ღია წყაროებით უკვე შეუძლებელია მისი მონიტორინგი. 

კვლევის მიხედვით, როდესაც მონიტორინგი ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო, შპს სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში ხშირად იმარჯვებდა მმართველ პარტიასთან სხვადასხვა ფორმით დაკავშირებული კომპანიები. მაგალითად, თავისუფლების ინსტიტუტის ინფორმაციით,  2019-20 წლებში 4 910 550 ლარის კონსოლიდირებულ ტენდერში გაიმარჯვა 2019 წელს შექმნილმა შპს ლუკა 2005-მა, რომლის დამაარსებელ იაშა ჩაჩუას და დირექტორს იუზა ჯოგლიძეს 2018-2022 წლებში ქართული ოცნებისა და სალომე ზურაბიშვილისთვის ჯამში 135 ათასი ლარი აქვთ შეწირული. იაშა ჩაჩუას კომპანიები (შპს ილი ჯგუფის, შპს გიო 2010-ს, შპს New Star-ს და ა.შ) ათ წელზე მეტია, სახელმწიფო უწყებების კვების უზრუნველყოფის ტენდერებს იგებენ მორგებული პირობებით - Liberty Institute-ის ცნობით, შპს ილი ჯგუფმა 2012-2020 წლებში ელექტრონულ ტენდერებში მონაწილეობით ჯამში 109 016 199 ლარი მიიღო, აქედან უკონკურენტოდ მოგებული ტენდერების ღირებულებამ 101 012 215 ლარი შეადგინა.

თავისუფლების ინსტიტუტის ინფორმაციით, გარდა ამ კომპანიისა, სარგებელი მიიღო შპს საქართველოს მცენარეული ზეთების კომპანია ქარვამ, რომელთანაც 2019 წელს ჯამში 6 137 235 ლარის გამარტივებული შესყიდვა გაფორმდა. კომპანიის ერთ-ერთი დამაარსებელი ნათია ბუკია, რომელიც 2018 წლამდე კომპანიის 100% წილსაც ფლობდა, არის ხობის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას შვილი. გოდერძი ბუკია 2012 წელს ნაციონალური მოძრაობის სახელით გახდა ხობის მაჟორიტარი, თუმცა, მალევე შეუერთდა ქართულ ოცნებას და 2016 წელს, მცირე ხნით, ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატიც იყო. 

კვლევაში აღნიშნულია, რომ 2022 წლიდან დაკვირვების შესაძლებლობა აღარ არსებობს, მაგრამ მანამდე სისტემა იძლეოდა დაკვირვების და შემოწმების საშუალებას - ვინ იგებდა გამარტივებულ ან კონსოლიდირებულ ტენდერებს, რომელი ქვეყნის პროდუქცია მიეწოდებოდა ჯარს. 

მაგალითად, ჩვენი ყურადღება მიიქცია საკვები ზეთის შესყიდვის ხელშეკრულებებმა - სამი ხელშეკრულება გაფორმდა, ჯამური ღირებულებით 18 ათასი ლარი, 2021 წლის მარტსა და დეკემბერში, აგრეთვე 2022 წლის ივლისის თვეში. ხელშეკრულებით შპს “ჯეო-კოოპ”-მა თავდაცვის სამინისტროს მიაწოდა Aston-ის ფირმის ზეთი, რომელიც რუსეთის ბაზარზე არსებული ლიდერი კომპანიაა ბოთლის ზეთების წარმოების მხრივ.

ბოლო და ყველაზე მსხვილი შესყიდვა 10 875 ლარის ღირებულებით შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფამ" რუსული ზეთის შემომტან კომპანიასთან 2022 წლის 19 ივლისს გააფორმა, როცა რუსეთი უკრაინაში უკვე ნახევარი წლის შეჭრილი იყო და ის მასშტაბური სანქციების ქვეშ ექცეოდა.

გაუგებარია, რატომ არ მოძებნა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ქართულ ბაზარზე ზეთის მიმწოდებელი ისეთი კომპანია, რომელიც არსებულ საჭიროებას დააკმაყოფილებდა და რატომ კვებავს ქართველ თუ პარტნიორი ქვეყნის ჯარისკაცებს რუსული ნაწარმით, მაშინ როდესაც, ერთის მხრივ, მისი ქართული ანალოგები არსებობს, ხოლო მეორეს მხრივ, რუსეთთიდან დისტანცირება და მის ბაზარზე დამოკიდებულების შემცირება სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის.

ამის გარდა, წარსულში შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფას" დიდი რაოდენობის თანხა აქვს დახარჯული რუსული წარმოშობის სხვა პროდუქციის შესასყიდადაც. კერძოდ, 2015 წლიდან 2022 წლის თებერვლის ჩათვლით სახელმწიფო შპს-მ 14 გამარტივებული შესყიდვა გააფორმა შპს "დიპლომატ ჰოლდინგთან" ჯამში 232 300 ლარის ღირებულების, რითაც საველე წვრთნებისთვის რუსული წარმოშობის ანაკომის სუპები, კეტჩუპი და მაიონეზი შეიძინა. 

თავისუფლების ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, 2022 წლის შემდეგ გაურკვეველია, ამ კომპანიასთან კვლავ აფორმებს თუ არა თავდაცვის სამინისტრო ხელშეკრულებებს, ვინაიდან ეს ინფორმაცია უკვე სახელმწიფო შესყიდვების საიტზე აღარაა ხელმისაწვდომი. 

ორგანიზაციის შეფასებით, ბოლო წლებში საქართველოს არმიის კვებით უზრუნველყოფის პროცესი ჩაკეტილი და ბუნდოვანი გახდა - შპს სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა პირდაპირი მოლაპარაკებების გზით ყიდულობს საკვებს ქართველი ჯარისკაცებისთვის, რისი მონიტორინგისა და შესწავლის საშუალებაც საქართველოს მოქალაქეებს, ფაქტობრივად, აღარ აქვთ. 

Liberty Institute-ის განცხადებით, გაუგებარია, რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს აღნიშნული პროცედურის ჩაკეტვა და გამჭირვალობის შეზღუდვა - ეჭვს აღრმავებს, რომ სისტემის დახურვა რუსეთის უკრაინაში შეჭრის პერიოდს ემთხვევა. 

მათივე შეფასებით, 2022 წლიდან შეცვლილი ვითარება ორი კუთხით არის არასახარბიელო: 

1) ღია წყაროებით აღარ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია - აგრძელებს თუ არა სახელმწიფო ქართული ჯარის მომარაგებას რუსული პროდუქციით.

2) 2022 წლამდე კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარება ქმნიდა მეტნაკლებად კონკურენტულ გარემოს. ამავე დროს, ამ პერიოდში პირდაპირი შესყიდვებით კიარგებლობდნენ ქართულ ოცნებასთან სხვადასხვა ფორმით დაკავშირებული კომპანიები, თუმცა 2022 წლის შემდეგ სახელმწიფო ისე აირჩევს კომპანიებს, რომ მოქალაქეებს ამის მონიტორინგის საშუალებაც კი არ გვექნება.ვ

თუ 2022 წლამდე შეგვეძლო გვესაუბრა ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული კომპანიებისთვის სასათბურე პირობების შექმნაზე, მორგებულ სატენდერო პირობებზე, ფავორიტიზმსა და ნეპოტიზმზე, ახლა ამის კონტროლის მექანიზმიც მოგვისპეს, რადგან ღია წყაროებით ხელმისაწვდომი აღარ არის რას ყიდულობენ ქართული ჯარისთვის.

სახელმწიფო შესყიდვებში თავდაცვის სამინისტროს მიერ არჩეული გზა ბევრ კითხვას გვიჩენს. შესყიდვების გაუმჭვირვალე სისტემა მხოლოდ აძლიერებს ეჭვს, რომ სახელმწიფო ფული იხარჯება რუსულ კომპანიებზე ან/და ხეირს ნახულობენ მხოლოდ მმართველ პარტიასთან დაახლოებული ადამიანები.

კომენტარები