ვაგნერის ჯგუფი

"ფრონტზე ხდება სირცხვილი, არ უნდა ვმონაწილეობდეთ" – რაზე ისაუბრა პრიგოჟინმა ახალ ვიდეოში

ევგენი პრიგოჟინი
Marina Moldavskaja/Kommersant/Sipa

გასულ დღეს, 19 ივლისს კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფთან დაკავშირებულ ტელეგრამ-არხებზე, მათ შორის ერთ-ერთზე, რომელიც ჯგუფის მეთაურებს ეკუთვნით, გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ევგენი პრიგოჟინი საუბრობდა. ეს, აჯანყების შემდეგ, რუსი ოლიგარქის პირველი გამოჩენაა.

გავრცელებულ ვიდეოში კადრი გარკვევით არ ჩანს და სიბნელეშია გადაღებული. მოჩანს მხოლოდ სილუეტები. კადრებში ევგენი პრიგოჟინის გარდა, საუბრობს დმიტრი უტკინიც, რომელიც ვაგნერის ზედმეტსახელითაა ცნობილი და ჯგუფიც მის სახელს ატარებს. როგორც ვიდეოშია ნათქვამი, შეკრება ბელარუსში მიმდინარეობს.

ვიდეოში პრიგოჟინი ამბობს, რომ უკრაინაში რაც ფრონტზე ხდება "სირცხვილია" და ამაში ვაგნერი არ უნდა მონაწილეობდეს. მისი თქმით, უნდა მოუცადონ მომენტს, როცა "თავის სრულად გამოჩენას" შეძლებენ, აქამდე კი ბელარუსის არმიას "პირველ არმიად" აქცევენ და თუ საჭირო გახდება, მათ მხარესაც იბრძოლებენ.

"მოგესალმებით ბელარუსულ მიწაზე. ჩვენ ღირსეულად ვიბრძოდით, რუსეთისთვის ძალიან ბევრი გავაკეთეთ. ახლა რაც ფრონტზე ხდება, არის სირცხვილი, რომელშიც მონაწილეობას არ უნდა ვიღებდეთ. უნდა მოვუცადოთ იმ მომენტს, როცა შევძლებთ თავის სრული პროგრამით გამოჩენას. ამიტომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ვიქნებით აქ, ბელარუსში, რაღაც დროის განმავლობაში. ამ დროში, მე დარწმუნებული ვარ, ბელარუსის არმიას მსოფლიოში მეორე არმიად ვაქცევთ, ხოლო თუ საჭირო გახდა, მათ მხარს დავიჭერთ. ყველას მინდა ვთხოვო, მაქსიმალურად მიაქციონ ყურადღება იმას, რომ ბელარუსები ჩვენ არამხოლოდ როგორც გმირებს, არამედ როგორც ძმებს შეგვხვდნენ. ამბობენ, ადგილობრივი გოგოები მაღაზიებში ვნებიანად ჩურჩულებენ, ვაგნერიდან ჩამოვიდნენო... მაგრამ აკურატულად ბიჭებო, მათგან არავის რომ აწყენინოთ. ამიტომ მათაც ძმურად ვექცევით". – თქვა პრიგოჟინმა.

პრიგოჟინის თქმით, ვაგნერი ბელარუსში მომზადებას გააგრძელებს და მოემზადება აფრიკაში ოპერაციებისთვის და ის არც უკრაინაში დაბრუნებას გამორიცხავს.

"ვემზადებით, ვიმაღლებთ დონეს ახალ გზაზე აფრიკისკენ, შეიძლება სპეციალურ სამხედრო ოპერაციაშიც დავბრუნდეთ, როცა დავრწმუნდებით, რომ ჩვენ არ დაგვაძალებენ გვრცხვენოდეს ჩვენი თავისა და გამოცდილების". – თქვა პრიგოჟინმა.

ვიდეოში ისაუბრა დმიტრი უტკინმაც. მან ვაგნერის მებრძოლებს შესრულებული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ვაგნერის მეტსახელით ცნობილი უტკინი ვიდეოჩანაწერში გამოჩნდა.

"ვინმემ თუ არ იცის, მე ვარ სწორედ ის ვაგნერი... თქვენი უმრავლესობა მე მიცნობს, თქვენს უმრავლესობას პირადად ვიცნობ. დიდი მადლობა ყველას შესრულებული სამუშაოსთვის, ამ სამუშაოს წყალობით, კსკ ვაგნერის სახელი მთელ მსოფლიოში იციან. ყველას მადლობა ბიჭებო... ეს დასასრული არაა, ეს მხოლოდ დასაწყისია. ყველაზე დიდი სამუშაო მსოფლიოში, მალე ჩატარდება... და Welcome to hell! (მოგესალმებით ჯოჯოხეთში)". – თქვა უტკინმა.

ამას გარდა, ჩანაწერში პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ ბელარუსში ვაგნერს გაუძღვება "პიონერი" სერგეი. ამ ადამიანის ზუსტი ვინაობა უცნობია, თუმცა მასთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაცია არსებობს. 

2020 წელს პიონერის ზედმეტსახელით ცნობილი მებრძოლი რუსულ დამოუკიდებელ მედია მედუზასთან საუბარში ახსენა ყოფილმა ვაგნერელმა, მარატ გაბიდულინმა, რომელმაც მემუარები დაწერა. 

"2018-2019 წლებში უკვე შეწყდა განმარტებები რატომ ნიშნავდნენ ადამიანებს ამა თუ იმ დანაყოფის მეთაურებად. მეთაურები თითქოს რაღაც კავშირებით ინიშნებოდნენ. მაგალითად, გამიკვირდა, როცა გუტაში (სირია, დამასკოს მიმდებარე რაიონი) სამხედრო ოპერაციის დროს მეთაურად დანიშნეს პიონერი, რომელიც აქამდე მხოლოდ შტაბში მუშაობდა. საბრძოლო გამოცდილება ხომ არ გაქვს, როგორ აპირებ მეთაურობას?  შემდეგში, 2019 წელს მოვიდა ბრძანება, რომ ჩქარა გადაგვეგზავნა ჩვენი დანაყოფი ISIS-ზე მონადირეებიდან სირიელები ლიბიაში. როცა იქ ჩავიდნენ, პიონერისგან ზარი შემოვიდა: "მისმინე, ისინი, ვინც გამოგზავნეთ, შეიძლება შესაკლავად გავგზავნო?" რომელი ნორმალური ადამიანი იკითხავს ამას? მით უმეტეს ჩემს ბიჭებზე". – ამბობდა გაბიდულინი. 

ამას გარდა, 2021 წელს უკრაინული პორტალი Матрица свободы წერდა, რომ პიონერის მეტსახელით ცნობილი პირი იმყოფებოდა ლიბიაში, ალ ჯუფრას ავიაბაზაზე. ამავე ცნობებით, ის ლიბიაში ვაგნერის "კურატორი" იყო.

2023 წლის 11 ივნისს ვაგნერის მეთაურთა ტელეგრამ-არხზე გავრცელდა განცხადება პიონერის სახელით, რომელთან დაკავშირებითაც ნათქვამი იყო, რომ ჯგუფის ერთ-ერთი მეთაური იყო და მონაწილეობდა სამხედრო მოქმედებებში სირიაში, ცენტრალურ აფრიკაში, სუდანში, მალისა და სხვა ქვეყნებში და ხუთჯერ აქვს მიღებული სიმამაცის ორდენი. გავრცელებულ განცხადებაში ის რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს აკრიტიკებდა ვაგნერისთვის "თავის მოჭრის მცდელობაში" ადანაშაულებდა.


რუსეთში სამხედრო არეულობა 23 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერელების ბანაკზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა და მათ საპასუხო ნაბიჯებს დაჰპირდა.

იერიშის ბრალდების გარდა, პრიგოჟინი უკრაინაში რუსი სამხედროების დიდ დანაკარგებში თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურს, ვალერი გერასიმოვს ადანაშაულებდა. ვაგნერის დამფუძნებელი იმუქრებოდა, რომ გაანადგურებდნენ ყველას, ვინც გზაზე გადაუდგებოდა.

როცა მზარეულს მადა ეხსნება – ევგენი პრიგოჟინის გზა აჯანყებამდე

ვაგნერის ძალები 24 ივნისის გამთენიისას შევიდნენ დონის როსტოვში, სადაც, პრიგოჟინის მტკიცებით, აქამდე იმყოფებოდა რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ. ვაგნერის ლიდერი ამბობდა, რომ შოიგუ აქ სპეციალურად ჩამოვიდა, რათა მისი ძალების განადგურება დაეგეგმა, თუმცა, საპასუხო მოქმედებების დაწყების შემდეგ, გაიქცა. თავად პრიგოჟინი ამბობდა, რომ ეს არა სამხედრო გადატრიალება, არამედ "სამართლიანობის მარში" იყო.

ქალაქ როსტოვში ვაგნერელებმა ალყაში მოაქციეს და დაიკავეს ადმინისტრაციული და სამხედრო ობიექტები. იგივე მოხდა ქალაქ ვორონეჟშიც. პრიგოჟინის მოსკოვისკენ წინსვლას აანონსებდა. რუსეთის დედაქალაქში ამოქმედდა ანტიტერორისტული რეჟიმი.

მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალური მიმართვა გააკეთა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა. ის ამბობდა, რომ ეს მოქმედებები არის ღალატი და გადატრიალების მცდელობა და მის ლიდერებს გარდაუვალ სასჯელს ჰპირდებოდა. საპასუხოდ პრიგოჟინმა განაცხადა, რომ პუტინის მოთხოვნის გამო დანებებას არ აპირებდნენ, რადგან "ბიუროკრატიაში, ტყუილსა და კორუფციაში ცხოვრება" აღარ სურდათ.

დაპირისპირებულ მხარეებს შორის შუამავლობა დაიწყო ბელარუსის ავტოკრატმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ. საბოლოოდ მხარეებმა დეესკალაციის შეთანხმებას მიაღწიეს. პრიგოჟინმა განაცხადა, რომ "გეგმის შესაბამისად", საკუთარ ძალებს უკან, საველე ბანაკებში დააბრუნებდა. შემდეგ კრემლში განაცხადეს, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდებოდა, თავად ოლიგარქი კი ბელარუსში გადავიდოდა. თუმცა, შემდეგში რუსულმა სამთავრობო მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ შეწყვეტილა.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების დროს ვაგნერელებმა ჩამოაგდეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ექვსი ვერტმფრენი, აქედან ერთი ძვირადღირებული რადიოელექტრონული ბრძოლის ვერტმფრენი და ერთი რადიოელექტრონული დაზვერვის თვითმფრინავი.

აჯანყების შემდეგ პრიგოჟინმა თქვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 1-ელი ივლისისთვის კსკ ვაგნერის დაშლას აპირებდა. ოლიგარქის მტკიცებით, ისინი ჯავშანტექნიკას სატვირთოებზე ტვირთავდნენ, რათა როსტოვში ჩაეტანათ და უწყებისთვის საჯაროდ გადაეცათ, თუმცა მათზე იერიში მიიტანეს, რასაც, მისივე მტკიცებით, 30-მდე ვაგნერელი ემსხვერპლა. პრიგოჟინის თქმით, სწორედ ეს გახდა ესკალაციის გამომწვევი მიზეზი.

26 ივნისს პუტინმა ვაგნერელებს სამი ალტერნატივა შესთავაზა: თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის დადება, სახლში დაბრუნება, ან ბელარუსში გადასვლა.

პრიგოჟინი, ვაგნერის სამხედრო მეთაურებთან ერთად, 29 ივნისს ვლადიმირ პუტინს კრემლში შეხვდა.

კომენტარები