რუსეთი

"ბარბაროსული რეიდი" – ჩეჩნეთში მაღალჩინოსნები მეჩეთის რეიდს აკრიტიკებენ

ჩეჩენი მაღალჩინოსნები აკრიტიკებენ რეიდს, რომელიც მოსკოვის მახლობლად, კოტელნიკის რაიონში მდებარე მეჩეთში 14 ივლისს ჩატარდა.

თავდაპირველად რეიდს ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი გამოეხმაურა. მან სამართალდამცავების პასუხისგება მოითხოვა და თქვა, რომ სახელმწიფო დუმის დეპუტატი, მისი მარჯვენა ხელი, ადამ დელიმხანოვი ამ საკითხთან დაკავშირებით მოსკოვის ოლქის გუბერნატორს შეხვდა. დელიმხანოვი ირწმუნება, რომ დამნაშავეები დაისჯებიან. 

მომხდარს 16 ივლისს გამოეხმაურა ჩეჩნეთში ადამიანის უფლებათა დამცველი, მანსურ სოლტაევი და შემთხვევას "ბარბაროსული რეიდი" უწოდა. 

მაღალჩინოსანი შეშფოთებულია, რომ სამართალდამცავები ადამიანებს ლოცვის დასრულების საშუალებას არ აძლევდნენ და მათ შეურაცხყოფდნენ. მისი თქმით, პოლიციელები "უცერემონიოდ და თავხედურად" იქცეოდნენ. როგორც სოლტაევი ამბობს, სამართალდამცველებმა "მუსლიმების რელიგიური გრძნობები შეურაცხყვეს" და მორწმუნეების უფლება დაარღვიეს.

"სამართალდამცველთა მოქმედებები არამხოლოდ არაპროფესიონალურია, არამედ ხელს უწყობს სხვადასხვა პროვოკატორებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვას ცდილობენ". – თქვა სოლტაევმა. 

ამას გარდა სოლტაევი რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სთხოვს, რომ სამართალდამცველებს, მომხდართან დაკავშირებით, სამსახურეობრივი შემოწმება ჩაუტარონ. მან ასევე მიმართა რუსეთის ადამიანის უფლებათა დამცველს, ტატიანა მოსკალკოვას, რომელიც მომხდარს არ გამოხმაურებია.

შეიარაღებული რუსი პოლიციელები მეჩეთში, ლოცვის დროს, 14 ივლისს შევიდნენ და ჩხრეკა ჩაატარეს. კადრებში ჩანდა როგორ აწვენდნენ მლოცველებს იატაკზე და მათ დოკუმენტებს უმოწმებდნენ. ასევე ჩანდა ვერბალური დაპირისპირება უკმაყოფილო მორწმუნეებსა და პოლიციელებს შორის. 

კომენტარები