რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც უკრაინისთვის $300 მილიონს ითვალისწინებს

გუშინ, 14 ივლისს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ 2024 ფისკალური წლისთვის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი (NDAA) მიიღო, რომლითაც უკრაინისთვის 300 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარებაა გათვალისწინებული.

როგორც ამერიკის ხმა წერს, წარმომადგენელთა პალატა თითქმის შუაღამემდე განიხილავდა კანონპროექტის 200 შესწორებას. რესპუბლიკელებმა მოახერხეს რიგი წინადადებების დამტკიცება, თუმცა ხუთმა შესწორებამ, რომელიც უკრაინის დახმარების შემცირებას ან სრულად შეწყვეტას მოითხოვდა, მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

“კერძოდ, რესპუბლიკელი ტეილორ გრინის ინიციატივა, რომელიც ბიუჯეტიდან 300 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარების ამოღებას ითვალისწინებდა, 89 მომხრე და 358 წინააღმდეგი ხმით, არ დაკმაყოფილდა. რესპუბლიკელი მეტ გეცის ცვლილება, რომელიც მოითხოვდა კიევისთვის უსაფრთხოების ყველა სახის დახმარების გაუქმებას, ასევე არ დაკმაყოფილდა”. - ვკითხულობთ სტატიაში.

გასათვალისწინებელია, რომ 2024 წელს უკრაინის უსაფრთხოების დახმარების გაგრძელებისთვის 300 მილიონი აშშ დოლარი იყო გათვალისწინებული, როგორც წარმომადგენელთა პალატის, ისე სენატის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტში. ეს ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ მოთხოვნილ თანხას უტოლდება, მაგრამ, ამავდროულად, 500 მილიონით ნაკლებია გასულ წელს მიღწეულ შეთანხმებასთან შედარებით.

კომენტარები