საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები

44 ევროპარლამენტარი ხელისუფლებას მოუწოდებს, გადაიყვანონ სააკაშვილი EU-ს ერთ-ერთ კლინიკაში

მიხეილ სააკაშვილი 3 ივლისის სასამართლო სხდომაზე

ევროპარლამენტის 44 წევრისგან შემდგარი ჯგუფი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გადაიყვანონ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში, სადაც მას შეეძლება მიიღოს საჭირო და შესაბამისი სამედიცინო დახმარება. ამის შესახებ ევროპარლამენტარები მათ მიერ გავრცელებულ საერთო წერილში საუბრობენ. 

44 ევროპარლამენტარი პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილსა და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს. ისინი აღნიშნავენ, რომ ევროკავშირის წევრი და წევრობის კანდიდატი ქვეყნებისგან მოელიან ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულებას, რომელიც ადამინის უნივერსალური უფლების აღიარებასაც გულისხმობს. 

"ჩვენ, ევროპარლამენტის ქვემორე ხელმომწერი წევრები ვწერთ, რათა გამოვხატოთ ჩვენი ღრმა შეშფოთება  ბოლო დროს სასამართლო სხდომიდან შემაშფოთებელი ვიზუალური მტკიცებულებების გავრცელებასთან დაკავშირებით, რომელიც ცალსახად ასახავს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სწრაფ და მძიმე გაუარესებას.  აშკარაა, რომ სააკაშვილის ამჟამინდელი მდგომარეობა ღრმად შემაშფოთებელია, ამასთან შეიცავს პოტენციალს გამოიწვიოს შეუქცევადი შედეგები და ადამიანის სიცოცხლის დაკარგვა.

ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ სააკაშვილის გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი მიმდინარეობა მიუთითებს იმაზე, რომ სამედიცინო ღონისძიებები არც უზრუნველყოფს და არც ხელს უწყობს მის სწრაფ აღდგენას. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მიღებულ იქნას გადაუდებელი ზომები ამ მდგომარეობის სასწრაფოდ გამოსასწორებლად, სანამ ის კრიტიკულ სტადიას მიაღწევს.

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის დაჩქარებული გაუარესების გათვალისწინებით ჩვენ, ევროპარლამენტის  ქვემორე ხელმომწერი წევრები, სასწრაფოდ მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ ერთადერთ ემპათიურ, მორალურად სამართლიან და ქმედით გადაწყვეტილებას: გადაიყვანოთ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში, სადაც მას შეეძლება მიიღოს საჭირო და სათანადო სამედიცინო დახმარება.

როგორც ევროპარლამენტის წევრები, ჩვენ ხაზს ვუსვამთ უნივერსალური ადამიანური ღირებულებების მნიშვნელობას, რომელიც აღიარებს თითოეული ადამიანის ღირსებას. Ჩვენ ველით, დათქმების გარეშე, ევროკავშირის წევრმა და კანდიდატმა ქვეყნებმა აჩვენონ თავიანთი ურყევი ერთგულება ამ საერთო ევროპული ღირებულებებისადმი.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ნებისმიერი შემდგომი ინტეგრაცია ეფუძნება ფუნდამენტური ჰუმანიტარული პრინციპების, მათ შორის ადამიანური თანაგრძნობისა და ნებისმიერი ინდივიდისთვის ადეკვატური სამედიცინო დახმარების მიღების ბაზისურ უფლებებისადმი თანაბრად ურყევი ერთგულების დემონსტრირებას.

გვჯერა, რომ ამ საკითხს დიდ ყურადღებას დაუთმობთ და საჭირო ნაბიჯებს გადადგამთ, რათა ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაცვა უზრუნველყოთ".-აღნიშნულია განცხადებაში. 


3 ივლისს მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომას დისტანციურად ჩაერთო. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო და ფოტო მასალას, სადაც მისი მდგომარეობა ჩანს, საერთაშორისო პლატფორმაზე გამოხმაურება მოჰყვა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვების განკარგულება მისცა. ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, "უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი საჭირო მკურნალობისთვის უკრაინას გადასცეს".

4 ივლისს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მესამე პრეზიდენტის მიხეილ საკააშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით პროტესტის გამოსახატად საქართველოს ელჩი უკრაინაში, გიორგი ზაქარაშვილი დაიბარა და მას კონსულტაციებისთვის თბილისში ჩასვლა შესთავაზა. უწყებამ განმარტა, რომ სააკაშვილის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება აბსოლუტურად მიუღებელია და ხელისუფლებას მოუწოდა, შეწყვიტოს დამამცირებელი მოპყრობა.  

კომენტარები