თურქეთი-NATO

თურქეთი შვედეთის NATO-ს წევრობას ოქტომბრამდე არ დაამტკიცებს – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვილნიუსში, NATO-ს სამიტზე, 2023 წლის 12 ივლისი.
BBC

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთის პარლამენტი NATO-ში შვედეთის კანდიდატურას მინიმუმ ოქტომბრამდე არ დაამტკიცებს. ამის შესახებ თურქეთის ლიდერმა ვილნიუსში, NATO-ს სამიტზე ისაუბრა.

მისი თქმით, თურქეთის პარლამენტი ორი თვის განმავლობაში შვებულებაშია, რის შემდეგაც ბევრი სხვა საკანონმდებლო წინადადებებია განსახილველი.

მანამდე, NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დაადასტურა, რომ თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას დათანხმდა. ამის შესახებ იგი Twitter-ზე წერს.

"მოხარული ვარ გაცნობოთ, შეხვედრის შემდეგ, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტთან და შვედეთის პრემიერთან ერთად ვმასპინძლობდი, პრეზიდენტი ერდოღანი შვედეთის გაწევრიანების შესახებ პროტოკოლის დიდი ეროვნული ასამბლეისთვის რაც შეიძლება მალე გადაგზავნას და რატიფიკაციის უზრუნველყოფას დათანხმდა.  

ეს არის ისტორიული ნაბიჯი, რომელიც NATO-ს ყველა მოკავშირეს უფრო ძლიერსა და უსაფრთხოს ხდის". - წერს იენს სტოლტენბერგი. 

აქამდე თურქეთი შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას ბლოკავდა, რადგან ერდოღანის განცხადებით, სტოკჰოლმი მფარველობს ეთნიკური ქურთების ჯგუფებს, რომლებიც ანკარას ტერორისტულ ორგანიზაციებად ჰყავს გამოცხადებული. ამასთან, სტოკჰოლმში ანტი-თურქულმა და ანტიისლამურმა პროტესტებმა გააჩინა ეჭვი, რომ შეთანხმების მიღწევა ალიანსის სამიტამდე იქნებოდა შესაძლებელი. 

კომენტარები