თურქეთი-NATO

შვედეთისგან NATO-ში მიღებისთვის საკმარისი პროგრესი არ გვინახავს – ერდოღანი

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

"ანკარას არ უნახავს საკმარისი პროგრესი შვედეთისგან მათი NATO-ში მიღების განაცხადის მხარდასაჭერად". - ვილნიუსის სამიტის წინ, სატელეფონო ზარისას, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამერიკელი კოლეგა, ჯო ბაიდენი გააფრთხილა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Politico წერს.

"ერდოღანმა განაცხადა, რომ შვედეთმა ანტი-ტერორიზმის კანონის მიღებით, სწორი მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადადგა. თუმცა, ტერორისტული ორგანიზაციები, მათ შორის, თურქეთში აკრძალული, ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) მხარდამჭერი ჯგუფები შვედეთში დემონსტრაციებს მართავენ". - წერია თურქეთის კომუნიკაციის სააგენტოს განცხადებაში.

ერდოღანის ადმინისტრაცია შვედეთის NATO-ში შესვლის მცდელობას სტოკჰოლმის მიერ "ქურთული სეპარატიზმის" მხარდაჭერის გამო ბლოკავდა. თავდაპირველად თურქეთის მთავრობას ანალოგიური ბრალდება ფინეთის მიმართაც ჰქონდა, თუმცა, მოგვიანებით ერდოღანმა ჰელსინკის გაწევრიანების განაცხადს მწვანე შუქი აუნთო და ქვეყანა აპრილში ალიანსის წევრი გახდა.

ერდოღანის თქმით, თურქეთი სტოკჰოლმის NATO-ში გაერტიანების განაცხადს მხარს არ დაუჭერს, თუ შვედეთი თურქეთისა და მუსლიმების მიმართ პატივისცემას არ გამოიჩენს. ანკარამ რამდენჯერმე გააკრიტიკა შვედეთში ყურანის დაწვის ფაქტები, რასაც უკანასკნელად ივნისის ბოლოს ჰქონდა ადგილი. ასევე, აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისში კი სტოკჰოლმში, თურქეთის საელჩოსთან ახლოს ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსმა ყურანი დახია.

თურქული მხარის განცხადებით, ერდოღანი და ბაიდენი ვილნიუსში პირისპირ შეხვედრაზე და თურქულ-ამერუკული ორმხრივი ურთიერთობისა და რეგიონალური საკითხების განხილვაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები