ქართული ოცნება

სერგეენკო: ვხედავდი EU-ს, აშშ-ს, საზოგადოების დამოკიდებულებას – ამიტომ არ დავესწარი კენჭისყრას

კადრი ვიდეოდან / TV პირველი

ქართული ოცნების დეპუტატის, დავით სერგეენკოს თქმით, აგენტების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებისას კენჭისყრაზე არდასწრების საფუძველი დასავლელი პარტნიორებისა და საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულება იყო. სერგეენკომ ამის შესახებ TV პირველთან ინტერვიუში ისაუბრა.

"ვხედავდი, რომ ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, საზოგადოების დიდი ნაწილი ძალიან ნეგატიურად უყურებდა ამ ყველაფერს [აგენტების შესახებ კანონის მიღებას]. ვერ გეტყვით, რომ დეტალებში შევედი და გავაანალიზე ეს კანონპროექტი, არ მაქვს მაგის კომპეტენცია, მაგრამ ვხედავდი ამ დამოკიდებულებას და ალბათ, ეს იყო გადაწყვეტილების [კენჭისყრაზე არდასწრების] საფუძველი". – თქვა სერგეენკომ.

მისივე თქმით, ამჟამად მიმდინარეობს განხილვა, დარჩება თუ არა დეპუტატის პოსტზე, თუმცა პარლამენტარი ასევე ამბობს, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტი მისთვის ბოლო საჯარო სამსახური იქნება.

"არ არის პოლიტიკოსობა ის, რაზეც მე ვოცნებობდი. მირჩევნია, რომ ექიმად ვიმუშაო. ცალსახად, მე-10 მოწვევა არის ბოლო მოწვევა, როცა მე პარლამენტში, საჯარო სამსახურში და პოლიტიკაში ვარ. [გეგმები] დამოკიდებული იქნება შეჯერებულ პოზიციაზე. საბოლოო ჯამში, ახლა იქნება თუ პარლამენტის ვადის დასრულების შემდეგ, მე მაინც ვფიქრობ, რომ პროფესიას დავუბრუნდები". – თქვა დეპუტატმა.

დავით სერგეენკო ერთ-ერთია ქართული ოცნების იმ დეპუტატებიდან, რომლებმაც უცხოური აგენტების შესახებ კანონის კენჭისყრაზე ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს. სერგეენკო ასევე არ დასწრებია კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვასაც, რომელზეც საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტი ჩააგდო.

ხალხის ძალის მიერ ინიცირებულ უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა. კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ 7-8 მარტს პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა. დემონსტრაციების დროს საპოლიციო ძალებმა მშვიდობიანი მოქალაქეები არაერთხელ დაარბიეს, დააკავეს 100-ზე მეტი ადამიანი.

9 მარტს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კანონპროექტს უპირობოდ გაიწვევდა, ხოლო 10 მარტს პარლამენტმა აგენტების შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით ოფიციალურად ჩააგდო.

კომენტარები