აშშ-იაპონია-სამხრეთ კორეა

ჯო ბაიდენმა აშშ-ს, იაპონიისა და სამხრეთ კორეის ისტორიული სამიტი გახსნა

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, იაპონიის პრემიერმინისტრი, ფუმიო კიშიდა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტი, იუნ სუკ იოლი ჰიროშიმაში, G7-ის სამიტზე. 2023 წლის 21 მაისი
Susan Walsh - staff, ASSOCIATED PRESS

18 აგვისტოს მერილენდში, კემპ დევიდის საპრეზიდენტო რეზიდენციაში ჯო ბაიდენმა ამერიკის შეერთებული შტატების, იაპონიისა და სამხრეთ კორეის ისტორიული სამიტი გახსნა.

სამიტი შორეულ აღმოსავლეთში ჩინეთის პროვოკაციებისა და ჩრდილოეთ კორეის ატომური საფრთხის წინააღმდეგ მხარეებს შორის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

"ჩვენი ერთად დგომით ჩვენი ქვეყნები უფრო ძლიერები არიან, მსოფლიო კი უფრო უსაფრთხო იქნება. და ვიცი, რომ ეს არის რწმენა, რომელსაც სამივენი ვიზიარებთ... მადლობას გიხდით თქვენი პოლიტიკური გამბედაობისთვის, რამაც აქ მოგიყვანათ". - თქვა ბაიდენმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტ იუნ სუკ იოლთან და იაპონიის პრემიერმინისტრ ფუმიო კიშიდასთან შეხვედრის დაწყებისას.

ჟურნალისტებთან საუბრისას იუნმა აღნიშნა, რომ "დღევანდელი დღეს დავიმახსოვრებთ როგორც ისტორიულ დღეს, სადაც ჩვენ სამმხრივი პარტნიორობისთვის მყარი ინსტიტუციური საფუძველი და ვალდებულებები დავადგინეთ".

კომენტარი გააკეთა იაპონიის პრემიერმაც.

"ფაქტი, რომ ჩვენ, სამი ლიდერი ასე შევიკრიბეთ, მჯერა ნიშნავს, რომ ჩვენ დღეს მართლაც ახალ ისტორიას ვქმნით. საერთაშორისო თანამეგობრობა ისტორიის შემობრუნების მომენტშია". - თქვა კიშიდამ.

მხარეები "თათბირის ვალდებულებაზე" შეთანხმდნენ, რაც წყნარი ოკეანის რეგიონში უსაფრთხოების კრიზისის შემთხვევაში ქვეყნებს ერთმანეთისთვის კონსულტაციების გაწევას და ინფორმაციის გაზიარებას ავალდებულებს.

სამიტს ოფიციალური პეკინიც გამოეხმაურა და აშშ, იაპონია და სამხრეთ კორეა სიტუაციის გამწვავებაში დაადანაშაულა.

"საერთაშორისო საზოგადოება თავად განსჯის ვინ ქმნის წინააღმდეგობებს და ზრდის დაძაბულობებს. აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ბლოკური დაპირისპირების გაჩენისთვის სხვადასხვა ექსკლუზიური ჯგუფებისა და ჩაკეტილი გაერთიანებების შექმნის მცდელობები არაპოპულარულია და რეგიონის ქვეყნებში სიფხიზლესა და წინააღმდეგობას აუცილებლად გამოიწვევს". - თქვა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვანგ ვენბინმა.

ჩინეთის ბრალდებებს უპასუხა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა, რომელმაც აღნიშნა, რომ სამმხრივი ურთიერთობების გაძლიერება არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული და პარტნიორობა "თავისუფალი, ღია, უსაფრთხო და წარმატებული" ინდო-წყნარი ოკეანის იდეას ეფუძნება.

იაპონიასა და სამხრეთ კორეას შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე, რომელიც იაპონიის მიერ კორეის 1910-1945 წლების ოკუპაციის შემდეგ გრძელდება, აღნიშნული სამიტი დიდი მნიშვნელობის მატარებელია. 1965 წელს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ხელშეკრულებასაც მოეწერა ხელი, თუმცა რეალური შედეგი არ დამდგარა.

2022 წელს ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად იუნ სუკ იოლი ტოკიოსთან საერთო ენის გამონახვას ცდილობს. ჩრდილოეთ კორეასა და ჩინეთიდან მომავალი საფრთხის ფონზე ორ აზიურ დემოკრატიას შორის სტაბილური ურთიერთობის დამყარების მცდელობაში აშშ-ც აქტიურადაა ჩართული.

კომენტარები