NATO-საქართველო

საგარეო: მივესალმებით ვილნიუსის სამიტის დასკვნით დოკუმენტში გამოხატულ მხარდაჭერას

"ქართული მხარე მიესალმება სამიტის დასკვნით დოკუმენტში გამოხატულ მხარდაჭერას, როგორც პოლიტიკურ, ასევე პრაქტიკულ განზომილებაში" - ვილნიუსის სამიტის კომუნიკეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება და აღნიშნავს, რომ "საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია სამიტზე წევრი ქვეყნების მიერ დადასტურებული მზაობა, რათა გაგრძელდეს მუშაობა ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების განხორციელების მიმართულებით".    

"ქართული მხარე მიესალმება, ნატო-ს მტკიცე და ცალსახა პოზიციას, რომ დაუშვებელია სუვერენული ქვეყნების საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის არჩევანის შეზღუდვის მცდელობები.

შექმნილი კომპლექსური და რთული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, ქართული მხარისთვის განსაკუთრებით ღირებულია სამიტზე ალიანსის მიერ დაფიქსირებული ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ისევე როგორც, მოწოდება, რათა რუსეთის ფედერაციამ გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ განლაგებული მისი საოკუპაციო ძალები და უარი თქვას საქართველოს რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებაზე.

საქართველო მიესალმება ნატო-ს მხრიდან, გლობალურ უსაფრთხოებაში საქართველოს მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის აღიარებას და ადასტურებს მზაობას, კვლავ გააგრძელოს აქტიური ჩართულობა ნატო-ს მისიებსა და ოპერაციებში.

ქართული მხარე უაღრესად აფასებს სამიტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების და თავსებადობის გაძლიერების კუთხით და გამოხატავს მადლიერებას წევრი ქვეყნების მიერ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის და საქართველოზე მორგებული მხარდაჭერის ღონისძიებების ფარგლებში განხორციელებული უმნიშვნელოვანესი დახმარებისთვის.

საქართველო გამოხატავს მხარდაჭერას სამიტზე ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ და ადასტურებს მზაობას, კვლავაც გააგრძელოს ჩართულობა შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებით სტრატეგიულ დიალოგში.

საქართველო მიესალმება სამიტის ფარგლებში მიღწეულ შეთანხმებას, შვედეთის გაწევრიანების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებით, ისევე როგორც სხვა გადაწყვეტილებებს უკრაინასთან მიმართებაში და როგორც ასპირანტი ქვეყანა, უაღრესად აფასებს ღია კარის პოლიტიკის განხორცილების მიმართულებით გადადგმულ ყველა ნაბიჯს.

საქართველო, მისი კონსტიტუციური ნორმის შესაბამისად, კვლავაც გააგრძელებს არსებული ინტეგრაციული ინსტრუმენტების ეფექტურ გამოყენებას" - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო და აღნიშნავს, რომ ქართული მხარისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ნატო-ს ვილნიუსის სამიტში მონაწილეობა. 


ვილნიუსში მიმდინარე NATO-ს სამიტზე ალიანსის წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ერთგულება ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებისადმი და აღნიშნეს, რომ იმედოვნებენ, საქართველო NATO-ს წევრი გახდება

"ჩვენ ვადასტურებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP-ის), როგორც ამ პროცესის განუყოფელი ნაწილის შესრულების შემდეგ". - ვკითხულობთ კომუნიკეში. 

ამასთან, ალიანსმა დაადასტურა მზადყოფნა, სრულად გამოიყენონ NATO-საქართველოს კომისია და წლიური ეროვნული პროგრამა (ANP) საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

"ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის საქართველომ უნდა მიაღწიოს პროგრესს, მათ შორის საკვანძო დემოკრატიულ რეფორმებში და მაქსიმალურად მისდიოს ANP-ს". - წერია დოკუმენტში. 

ვილნიუსში NATO-ს სამიტი მიმდინაორებს, სადაც ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინის NATO-სთან დაახლოების სამი ნაბიჯი წარადგინა: 

NATO-ს სამიტი დღეს, 11 ივლის დაიწყო და ხვალ, 12 ივლისს დასრულდება. 

კომენტარები