NATO-საქართველო

სტოლტენბერგი: საქართველო და უკრაინა ინსტიტუტებითა და რეფორმებით სხვადასხვა დონეზე არიან

იენს სტოლტენბერგი
Yves Herman/Reuters

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რადიო თავისუფლებასთან ალიანსში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების გზაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ორი ქვეყანა განსხვავებული ინსტიტუტებისა და რეფორმების შედეგად, სხვადასხვა ასპექტში, სხვადასხვა დონეზე არიან.

ამასთანავე, სტოლტენბერგი ამბობს, რომ საქართველოსა და უკრაინას ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პასუხისმგებლობები აქვთ, შესაბამისად, მათი NATO-ში გაწევრიანების საკითხი ცალ-ცალკე განიხილება.

"განსხვავება ისაა, რომ ეს ორი განსხვავებული ქვეყანაა და თუ შევხედავთ მათ სხვადასხვა ინსტიტუციას, რეფორმებს და ა.შ., დავინახავთ, რომ ისინი სხვადასხვა დონეზე არიან, სხვადასხვა ასპექტში. მე არ ვამბობ, რომ უკრაინა საქართველოს უსწრებს ყველა ასპექტში, მაგრამ ისინი ინდივიდუალურად ფასდებიან, მათი მხარდაჭერაც ინდივიდუალურად ხდება და გადაწყვეტილებებიც, მათთან დაკავშირებით, ცალ-ცალკე მიიღება. ერთმანეთზე მიბმული არ არიან, არანაირად". - პასუხობს სტოლტენბერგი კითხვაზე, თუ რატომ იმსახურებს უკრაინა საქართველოზე მეტად NATO-ში გაწევრიანებას.

"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უკრაინისთვის MAP-ის პროცესი გავაუქმოთ, საქართველოსთან დაკავშირებით მსგავსი გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ვფიქრობ, კონცენტრაცია საჭიროა სწორედ იმაზე, რომ საქართველოს და უკრაინას ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პასუხისმგებლობები აქვთ". - თქვა სტოლტენბერგმა ინტერვიუში.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რას შეიძლება ელოდეს საქართველო ვაშინგტონიდან. სტოლტენბერგის თქმით, "ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეგვიძლია საქართველოსთვის გავაკეთოთ, არის ის, რომ დაგეხმაროთ საჭირო რეფორმების გატარებაში გამჭვირვალობის, კორუფციასთან ბრძოლის, კანონის უზენაესობისა და ინსტიტუციების განმტკიცების კუთხით".

სტოლტენბერგი ამბობს, რომ ეს რეფორმები თავისთავადაა მნიშვნელოვანი, "რადგან ისინი გააძლიერებენ საქართველოს, იმის მიუხედავად, ახლო მომავალში გახდება თქვენი ქვეყანა NATO-ს წევრი თუ შედარებით შორეულში".

კომენტარები