ინტერვიუ პარტიებთან

თავდაცვის სისტემის პრობლემები და რეფორმირების ხედვა – ინტერვიუ პარტიებთან

ინტერვიუ პარტიებთან

თავდაცვის სისტემის პრობლემები და რეფორმირების ხედვა – ინტერვიუ პარტიებთან

ტაბულა გთავაზობთ ინტერვიუს ოპოზიურ პარტიებთან ქვეყნის თავდაცვის სექტორის პრობლემებისა და მათი გადაჭრისთვის საჭირო რეფორმების შესახებ. გამოცემის კითხვებს უპასუხეს პარტიამ საქართველოსთვის, ლელომ, ევროპულმა საქართველომ, გირჩი – მეტი თავისუფლებამ, დროამ და სტრატეგია აღმაშენებელმა. ინტერვიუზე უარი თქვეს ქართულმა ოცნებამ და ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ.

საქართველოსთვის

პარტია საქართველოსთვის ხედვის შესახებ ტაბულა ბექა ლილუაშვილს ესაუბრა. პარტია მიიჩნევს, რომ ქვეყანას აუცილებლად უნდა ჰქონდეს ძლიერი სამხედრო საკონტრაქტო სამსახური, რომელსაც ძირითადად ექნება შემკავებლის ფუნქცია. 

"ჩვენ რუსეთთან ხანგრძლივი ცხელი ომის წარმოების შესაძლებლობა ქვეყნის ტერიტორიიდან, მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, უბრალოდ შეუძლებელია, გვქონდეს. უნდა იყოს თუ არა სავალდებულო სამხედრო სამსახურის ელემენტები? ვფიქრობ, რომ გარკვეულ გარდამავალ პერიოდში ეს უნდა იყოს, მანამ სანამ ძლიერი სარეზერვო სისტემა არ შეიქმნება. რას ნიშნავს ძლიერი სარეზერვო სისტემა და უნდა ითვალისწინებდეს თუ არა ეფექტიანად მობილიზების შესაძლებლობას? რა თქმა უნდა, უნდა ითვალისწინებდეს. დაბალანსებული მეთოდი უნდა იყოს. უნდა ეფუძნებოდეს თუ არა წახალისების მექანიზმებს? როგორც ახლა განიხილება კოდექსში, მაგ. ხელფასის გადახდა. ის, რაც დღეს განიხილება, პირობითად – 200 ლარი, არ არის საკმარისი. ალბათ უნდა იყოს შრომითი გარანტიებიც". – ამბობს ბექა ლილუაშვილი.

პარტიის პოზიციით, თუკი სარეზერვო სისტემაში ჩართულია დასაქმებული სტუდენტი, რომელმაც საზაფხულო პერიოდი უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ დასაქმდეს და სწავლის ფული გადაიხადოს, ამ შემთხვევაში მას სახელმწიფომ შრომითი გარანტიებიც უნდა მისცეს. მაგალითად, დამსაქმებელი უნდა დაავალდებულო, რომ არ შეუწყვიტოს შრომითი კონტრაქტი ამ ერთი თვის განმავლობაში უნდა მისცეს ხელფასიც, ან ეს ხელფასი სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს. 

"რთულია დღევანდელ მოცემულობაში იმ რეალობის მიღწევა, რომ ეს ქვეყანა სრულად საკონტრაქტო სამსახურზე გადავიდეს. ამიტომ ჩვენი ხედვაა ძლიერი საკონტრაქტო კორპუსი, ასევე ძლიერი სარეზერვო სისტემა". – ამბობენ პარტიაში საქართველოსთვის.

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ხედვით, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იყოს ქართველი ხალხის უსაფრთხოება, საქართველო NATO-ში უნდა გაწევრიანდეს, ხოლო გაწევრიანებამდე მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს NATO-სა და ევროკავშირის ქვეყნებთან.

პარტიაში ამბობენ, რომ დღეს ქართულ არმიაში მწვავედ დგას საკმარისი და კარგად მომზადებული სამხედროების დეფიციტის პრობლემა. მათი პოზიციით, საქართველო უნდა გადავიდეს ტოტალური თავდაცვის სისტემაზე: უნდა შეიმქნას შესაბამისი რეზერვის სისტემა, უნდა ჩამოყალიბდეს ტერიტორიული რეზერვი, რეზერვი უნდა იყოს აქტიური და სამობილიზაციო,აქტიური რეზერვი უნდა იყოს 5-წლიანი კონტრაქტით, სადაც წოდებრივი სარგოს 20%-ით განისაზღვრება შემოსავალი. საბოლოოდ კი რეზერვი იქნება სამი კატეგორიის: სპეციალისტთა, შეიარაღებული და ტერიტორიული რეზერვი. 

"უნდა მოხდეს რეზერვისტების გამოძახება წელიწადში ორჯერ საველე მომზადების გასატარებლად, რაც 18-დან 21 კვირამდე პერიოდს მოიცავს. შემდეგ ყოველ წელიწადს თითოეულმა რეზერვისტმა უნდა გაიაროს სამკვირიანი მოსამზადებელი წრთვნა. ამ ეტაპზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეუძლია 5 000 რეზერვისტის მომზადება. 

უნდა გაიზარდოს თავდაცვის ბიუჯეტი მშპ-ის 5%-მდე – სამხედრო რეზერვისტის აღჭურვილობას სჭირდება დაახლოებით 3 200-დან 3 500 დოლარამდე. ერთი სამხედროს მომზადება საშუალოდ 15 000-დან 18 000 დოლარამდე ჯდება". – ამბობენ პარტიაში.

ევროპული საქართველოს პოზიციით, აუცილებლად უნდა არსებობდეს რეგულარული, პროფესიული არმია, რომელიც რეზერვის წვრთნაში მიიღებს მონაწილეობას. რეზერვისტებსა და რეგულარულ არმიასთან შეფარდება საშუალოდ 1/3  უნდა იყოს.

"თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს ჯარის მოცულობა კანონმდებლობის მიხედვით, უნდა იყოს 37 000 პერსონალამდე. აქედან 8000 პროფესიონალი სამხედრო უნდა იყოს, 24 000 კი რეზერვისიტი, რომელიც მომზადებას სამხედრო ბაზაზე გაივლის. 

ყველა რეზერვისტი, რომელიც გადის საველე მომზადებას, უნდა  აუნაზღაურდეს ბაზაზე გატარებული დრო – დღევანდელი მდგომარეობით წელიწადში 2 250 ლარი. ყველა რეზერვისტმა უნდა გაიაროს მომზადება სამხედრო ბაზაზე და არა დაცვის სასახურში. აქტიური რეზერვის თითოეულ წევრს უნდა ჰქონდეს ჯანმრთელობის დაზღვევა. თუ ადამიანი უარს იტყვის სამხედრო სავალდებულო გაწვევაზე უნდა ჰქონდეს უფლება გაიაროს ალტერნატიული სამხედრო სამსახური. მაგ. სახანძრო, სამაშველო, სამედიცინო, დასუფთავების  და სხვა საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობა. (თუ საველე მომზადება 3-4 თვე გრძელდება, ალტერნატიული სამსახური უნდა გაგრძელდეს 8 თვიდან ერთი წლამდე). რეზერვისტს უნდა ჰქონდეს სატრანსპორტო შეღავათები (ქალაქის ავტობუსი, საქალაქთაშორისო მატარებელი და ა.შ.)". – ამბობენ ევროპულ საქართველოში.

პარტიაში მიაჩნიათ, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის თავიდან არიდების მიზეზი არ უნდა გახდეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა. ევროპული საქართველოს ხედვით, ასეთ შემთხვევაში, სტუდენტისთვის, ან აბიტურიენტისთვის შესაძლებელი უნდა იყოს 3-4 თვიანი მომზადება გაიაროს ზაფხულში, არდადეგების დროს, სამკვირიანი გაწვევა კი ზამთრის ან ზაფხულის არდადეგების პერიოდში მოდეს. 

ევროპული საქართველოს შენიშვნა: ინტერვიუს პასუხებში მოცემულია საკითხები, რომლებზეც პროექტ "ახალი რესპუბლიკის" ფარგლებში ევროპულმა საქართველომ და პარტნიორმა ორგანიზაციებმა კონსენსუსს უკვე მიაღწიეს. მსჯელობის, დისკუსიის და რეფორმების დეტალიზების პროცესი კვლავ გრძელდება და გაზაფხულისთვის დასრულდება რეფორმების სრული დოკუმენტი, რომელიც იქნება საჯარო განხილვისთვის.

გირჩი – მეტი თავისუფლება

პარტიის წევრის, ცოტნე კობერიძის ცნობით, თავდაცვის სექტორში ქვეყნის უპირველესი ამოცანა ევრო-ატლანტიკურ სამხედრო სისტემაში ინტეგრაცია უნდა იყოს. ამასთან, პროაქტიულად უნდა დაიწყოს დეოკუპაციის პოლიტიკის გატარება.

პარტიაში მიაჩნიათ, რომ საჭიროა სავალდებულო გაწვევის გაუქმება და ნახევრად-პროფესიულ და მოხალისეობრივ პრინციპზე დაფუძნებული რეზერვის შექმნა. ამასთან სახელმწიფო ბიუჯეტიდან თავდაცვის დაფინანსება მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-დან 5%-მდე უნდა გაიზარდოს. აქცენტი უნდა გაკეთდეს პროფესიონალიზმსა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ხოლო უნდა ჩამოყალიბდეს ქვეყნის თავდაცვის და უსაფრთხოების ხედვა ეროვნული კონსენსუსის მიღწევით.

ლელო

ლელოს პოზიციით, 18-დან 27 წლამდე მოქალაქეებისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახური კვლავ უნდა დარჩეს, თუმცა 6-თვიანი ვადით და მისი ალტერნატივა იმავე ვადიანი პროფესიული სტაჟირება უნდა იყოს თავდაცვის უწყებებში. ამასთან, უნდა გაძლიერდეს საკონტრაქტო პროფესიული სამხედრო სამსახური და პროფესიულ ჯარისკაცებს მაღალი და პრესტიჟული ანაზღაურება უნდა ჰქონდეთ. საბოლოოდ, უნდა ჩამოყალიბდეს NATO-ს სტანდარტის ჯარი.

დროა

ტაბულა დროას ხედვის შესახებ პარტიის წევრს, გიგა ლემონჯავას ესაუბრა. დროას პოზიციით, თავდაცვის სისტემის რეფორმა უნდა განხორციელდეს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთიანი ხედვის ფარგლებში. 

"საქართველო, რომლის თავდაცვისუნარიანობა და ეროვნული უსაფრთხოების სისტემის მედეგობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული საერთაშორისო თანამშრომლობასა და ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების სისტემაზე, ვერ იქნება მდგრადი ერთიანი სამთავრობო ხედვის ფარგლებში თავდაცვის სფეროში საერთაშორისო ურთიერთობების გაძლიერების გარეშე". – ამბობენ დროაში.

დროას პოზიციით, საქართველოში არსებული სავალდებულო სამხედრო სამსახურის სისტემა, აგრეთვე, ქართული ოცნების მიერ დაგეგმილი ცვლილებები ვერ პასუხობს ქვეყნის წინაშე არსებულ სამხედრო გამოწვევებს, ამიტომ ტოტალური თავდაცვის კონცეფციის ფარგლებში აუცილებელია საკონტრაქტო/პროფესიულ სამხედრო სამსახურსა და ტერიტორიული თავდაცვის სარეზერვო სისტემაზე გადასვლა.

დროას ხედვით:

  • კრიტიკულად მნიშვნელოვანია სამხედრო შესყიდვების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება;
  • კრიტიკულად მნიშვნელოვანია სამხედრო პერსონალის მართვის პროცესში პოლიტიკური/პარტიული კომპონენტის აღმოფხვრა;
  • კრიტიკულად მნიშვნელოვანია სამხედრო პერსონალის კარიერული წინსვლის კრიტერიუმების შემუშავება/აღსრულება;
  • კრიტიკულად მნიშვნელოვანია სამხედრო განათლებისა და წვრთნის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება, აგრეთვე, ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და თავდაცვის ძალების განათლების სარდლობის ფუნდამენტური რეფორმა სამხედრო პერსონალის განათლებისა და სამხედრო მომზადების დონის ზრდისათვის.

დროაში მიიჩნევენ, რომ საჭიროა საქართველოს თავდაცვის ძალებში ამოცანით მართვის პრინციპების დანერგვა, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის გაზრდა თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, მათ შორის, ეროვნული დონის წვრთნები და მისთვის საჭირო ინვენტარი/აღჭურვილობა, ბრიგადების აღჭურვა თანამედროვე ტექნოლოგიებით, სამხედრო ბაზების ინფრასტრუქტურული განვითარება, იარაღის შესყიდვა, სამხედრო პერსონალის განათლება, საბოლოოდ კი ადგილობრივი სამხედრო წარმოებისა და ტექნოლოგიური განვითარება.

სტრატეგია აღმაშენებელი

პარტიის ხედვით, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის პრიორიტეტულია ბრძოლისუნარიანობის სწრაფი ამაღლება თავდაცვის ბიუჯეტის საგრძნობი გაზრდით, თანამედროვე აღჭურვილობის და ახალი ტექნოლოგიების შეძენის გზით და საბრძოლო მომზადების/სწავლებების დონის ამაღლებით; ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეების ადეკვატური თავდაცვის ძალების დაკომპლექტების ოპტიმალური სისტემის დანერგვა; თავდაცვის კრიტიკული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ადგილობრივი სამხედრო მრეწველობის განვითარება; ტოტალური თავდაცვის პრინციპების სწრაფი გატარება, ე.ი. ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურის, ეკონომიკისა და საკომუნიკაციო სისტემის დაცულობის გაზრდა, მატერიალური და სხვა მარაგების შექმნა, საზოგადოების თავდაცვის მიზნებისთვის აქტიური მომზადება.

სტრატეგია აღმაშენებელი ხაზს უსვამს მოსახლეობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების და საჭირო რაოდენობის სარეზერვო ქვედანაყოფების ოპტიმალური აღჭურვა-მომზადების საჭიროებას. ამასთან პარტიაში მნიშვნელოვნად მიაჩნია NATO-ში გაწევრიანების დაჩქარება, საქართველო-NATO-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოება, მათი ქვედანაყოფების და საქართველოს თავდაცვის ძალების ერთობლივი სამხედრო  სწავლებების ინტენსიფიკაცია.

პარტია ხაზს უსვამს სამხედრო მოსამსახურეთა განათლების, კარიერისა და ადეკვატური სოციალური პირობების უზრუნველყოფის მნიშვნელობას.

"მიუხედავად იმისა, რომ ტოტალური თავდაცვის პრინციპი 2006 წლიდან არის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში და სამხედრო სარეზერვო სამსახური ამ პრინციპს ეფუძნება, დღემდე არ არსებობს დამტკიცებული ტოტალური თავდაცვის კონცეფცია. ტოტალური თავდაცვის კონცეფციის შემდეგ აუცილებლად მიგვაჩნია სამხედრო სავალდებულო სამსახურის, ისევე როგორც რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის რეფორმირება". – ამბობენ პარტიაში.

კომენტარები