ინტერვიუ პარტიებთან

განათლების სისტემის გამოწვევები და რეფორმირების ხედვა – ინტერვიუ პარტიებთან

ინტერვიუ პარტიებთან

განათლების სისტემის გამოწვევები და რეფორმირების ხედვა – ინტერვიუ პარტიებთან

ტაბულა გთავაზობთ ინტერვიუს ოპოზიურ პარტიებთან განათლების სისტემის პრობლემებისა და მათი გადაჭრისთვის საჭირო რეფორმების შესახებ. გამოცემის კითხვებს უპასუხეს პარტიამ საქართველოსთვის, ლელომ, ევროპულმა საქართველომ, გირჩი – მეტი თავისუფლებამ, დროამ და სტრატეგია აღმაშენებელმა. ინტერვიუზე უარი თქვეს ქართულმა ოცნებამ და ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ.

საქართველოსთვის

პარტია საქართველოსთვის ხედვის შესახებ ტაბულა ბექა ლილუაშვილს ესაუბრა. პარტიას მიაჩნია, რომ დღეს არსებული განათლების სისტემა ვერ უზრუნველყოფს კონკურენტუნარიანი შრომითი რესურსის მომზადებას, რაც ღირებულებითი ნაწილის მიღმა, სისტემის მთავარი მიზანია.

"მოკლევადიანი გამოსავალი შეიძლება იყოს სასწავლო პროგრამის გაუმჯობესება და აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება. ამის მიღწევის ერთ-ერთი გზაა, რომ გადაიხედოს დღევანდელი ე.წ. ვაუჩერული სისტემა უმაღლეს და საშუალო განათლებაში, უფრო მეტი დაფინანსება გამოიყოს ამ მიმართულებით, რომ უნივერსიტეტმა შეძლონ უფრო მეტად კვალიფიციური აკადემიური პერსონალის მობილიზება შესაბამისი შრომითი პირობების გაუმჯობესებით". – თქვა ბექა ლილუაშვილმა.

პარტია საქართველოსთვის პოზიციით, განათლების სისტემის გაუმჯობესების გრძელვადიანი გზა სფეროში ინვესტიციების მოზიდვაა. პარტიაში მიაჩნიათ, რომ ამ საშუალებით გაიხსნება უფრო მეტი დაწესებულება – როგორც საშუალო, ისე უმაღლესი სასწავლებელი, რაც გაზრდის კონკურენციასა და ხარისხს. პარტიის ცნობით, ასევე მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ბიუჯეტიდან განათლების სექტორის მეტად დაფინანსებაც.

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს პოზიციით, სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ზოგადი განათლების ის ხარისხი საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, რომელიც მშობელს მისცემს გარანტიას, რომ მისი შვილი თანამედროვე დასაქმების ბაზარზე კონკურენტუნარიანი იქნება. 

პარტიაში მიაჩნიათ, რომ საჯარო სკოლებში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება ცენტრალური ხელისუფლების პოლიტიკური კონტროლი მასწავლებლებსა და დირექციაზე. ევროპული საქართველოს ხედვით, სკოლებს უნდა მიენიჭოთ მეტი ფინანსური და მმართველობითი ავტონომია. უნდა გაიზარდოს მშობელთა როლი სკოლების მართვაში. 

"ჩვენი ხედვით, უნდა დაიწყოს საჯარო სკოლების ეტაპობრივად განკერძოება. სკოლების განკერძოება უნდა მოხდეს აქტივებითა და ვალდებულებებით. კერძო ინვესტორს არ ექნება მასწავლებლების შენარჩუნების ვალდებულება, მაგრამ ექნება სკოლის არსებული მოსწავლეებისათვის სწავლის საფასურის გარეშე სწავლების ვალდებულება. ამასთან, უნდა მოხდეს 1 მოსწავლეზე გამოყოფილი ვაუჩერის ოდენობის ხელახალი გადათვლა და გათანაბრება საჯარო და კერძო სკოლებისათვის. ამჟამად, კერძო სკოლების მოსწავლეებისათვის მხოლოდ 300-ლარიანი ვაუჩერი არსებობს, მაშინ როდესაც საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის ეს თანხა დაახლოებით 3-ჯერ მეტია. ვაუჩერული სისტემის ასეთი მოდელი საჯარო სკოლებში სწავლისაკენ აიძულებს მშობლებსა და სკოლის მოსწავლეებს და უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს კერძო სექტორის სკოლებს". – ამბობენ პარტიაში.

ევროპული საქართველოს პოზიციით, უნდა გაუქმდეს ავტორიზაციის წესები სკოლებისათვის, რომელიც დღეს, რეალურად, მხოლოდ კერძო სკოლებისათვის მოქმედებს – სკოლის დაფუძნება და ფუნქციონირება ავტორიზაციისა და სპეციალური ნებართვის გარეშე უნდა იყოს შესაძლებელი. ამასთან, სისტემამ მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი სკოლებით ახალგაზრდა კადრების დაინტერესებას, რისთვისაც უნდა გამარტივდეს მასწავლებლად დასაქმების პროცესი, მათ შორის გაუქმდეს მოთხოვნა ბაკალავრის დიპლომზე, რათა მათ შორის სტუდენტებს შეეძლოთ მასწავლებლად თუნდაც ნახევარ განაკვეთზე მუშაობა. 

ევროპული საქართველო მიიჩნევს, რომ ეროვნულ გამოცდების არსებული მოდელი აბიტურიენტების ანალიტიკურ უნარებს ვერ აფასებს და ხშირ შემთხვევაში, ფაქტობრივ ცოდნაზეა კონცენტრირებული.

პარტიის ხედვით, ერთიანი ეროვნული გამოცდები უნდა მოიცავდეს 2 ტიპის გამოცდას, მათ შორის სამედიცინო პროგრამებისთვის:

  1. General Sat-ის მსგავსი გამოცდა არგუმენტირებული ესეთი, რომელიც შეამოწმებს ანალიტიკურ უნარებსა და კრიტიკულ აზროვნებას.
  2. Subject SAT-ის მსგავსი გამოცდა, რომელიც შეამოწმებს ამა თუ იმ საგანში მიღებულ ცოდნას. (მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ისტორია, ლიტერატურა). გამოცდა უნდა ფარავდეს თითქმის მთელ სასკოლო მასალას. სახელოვნები-შემოქმედებითი და არქიტექტურული პროგრამების შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს 2 ეროვნული გამოცდა: General SAT-ის მსგავსი გამოცდა და შემოქმედებითი ტური. უნივერსიტეტი თავად გადაწყვეტს ამა თუ იმ პროგრამაზე აბიტურიენტის მიღებისას რომელი გამოცდის შედეგებს ექნება მეტი წონა. 

ევროპული საქართველოს გეგმით, სახელმწიფო გრანტს აიღებენ მხოლოდ ის აბიტურიენტები, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აბარებენ და არა მათი საგანმანათლებლო თუ პროფესიული ინტერესების მიხედვით. აბიტურიენტი გრანტს მიიღებს General SAT-ის და Subject SAT-ის გამოცდების შედეგების მიხედვით და მისი გამოყენება შეეძლება არა მხოლოდ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლისთვის, არამედ მატი ინტერესების და საჭიროების მიხედვით. 

"უნივერსიტეტების აკრედიტაციის და ავტორიზაციის პროცესები არის არაეფექტური და უნივერსიტეტების ავტონომიურობას აზიანებს. უმაღლესი სასწავლებლის ავტორიზაცია-აკრედიტაციის პროცესი გრძელდება 240 დღემდე. ავტორიზაციის პროცესი უნივერსიტეტს საშუალოდ 33 000-დან 58 000 ლარამდე უჯდება, აკრედიტაციის პროცესი კი საშუალოდ 7 000-დან 38 000 ლარამდე. 

ამასთან, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ბიუროკრატიულ პროცესებს შორის მნიშვნელოვანი გადაფარვაა. მაგ: ორივე პროცესის გავლისას მოწმდება ადამიანური და მატერიალური რესურსები, ხარისხის უზრუნველყოფის და სტუდენტების მხარდაჭერის მექანიზმები და ა.შ. რის შედეგადაც უნივერსიტეტი ერთი წლის განმავლობაში ერთი და იმავე საკითხზე რამდენჯერმე შეიძლება შემოწმდეს. 

აკრედიტაცია-ავტორიზაციის არსებულ მოდელს ცენტრალური ხელისუფლება პოლიტიური გავლენის ინსტრუმენტად იყენებს. (ამის მაგალითია 2013 წელს აგრარული უნივერსიტეტისთვის პოლიტიკური მოტივით ავტორიზაციის გაუქმება). პარალელურად, ივანიშვილის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ავტომარურად და სამუდამოდ მიენიჭა ავტორიზაცია, ხოლო პროგრამების აკრედიტაციას უნივერსიტეტისვე საერთაშორისო საბჭოს დასკვნის საფუძველზე იღებს. საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებას საერთოდ არ მოეთხოვება ავტორიზაცია და აკრედიტაცია". – ამბობენ ევროპულ საქართველოში.

პარტიის ხედვით, ავტორიზაციისთვის უნდა დარჩეს მხოლოდ ერთი პროცესი, რომელიც ESG-ის სტანდარტების შესაბამისად აკრედიტაციად იხსენიება, თუმცა თავისი შინაარსით ავტორიზაციის როლსაც ითავსებს, რადგან უნივერსიტეტი მოწმდება მთლიანობაში. იმ შემთხვევაში, თუ ახალ პროგრამას ამატებს უნივერსიტეტი, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია გაატაროს პროგრამას აკრედიტაცია. აღნიშნული შეამცირებს ბიუროკრატიულ წნეხს და ავტონომიურობას დაუბრუნებს უნივერსიტეტებს.

"უნდა მოხდეს აკრედიტაციის პროცესის კერძო სექტორისთვის დელეგირება, კერძო უწყებები განახორციელებენ უნივერსიტეტების აკრედიტაციას სერვისის სახით (აუდიტის მსგავსად). ამ უკანასკნელთ აკრედიტაციის გაცემის უფლებამოსიელბას მიანიჭებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, რომელიც ვალდებული იქნება აღნიშნული უფლება კერძო უწყებას მიანიჭოს მოთხოვნიდან 1 სამუშაო დღეში (ავტომატურად). აკრედიტაციის ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება უნივერსიტეტსა და კერძო სექტორს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისიწინებულ პირობებზე". – ამბობენ პარტიაში.

ევროპული საქართველო ასევე მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება უსახსრობის გამო უმაღლეს განათლებაზე წვდომის არქონა. ევროპული საქართველო გეგმავს სახელმწიფო საგრანტო პროგრამებით დაფინანსებულ სტუდენტთა რაოდენობა 8 000-მდე გაზარდოს, რაც ხელს შეუწყობს კომპეტენციაზე დამყარებულ კონკურენციას და ხელმომჭირნე აბიტურიენტებს მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ სრულფასოვანი უმაღლესი განათლება.

ევროპული საქართველოს შენიშვნა: ინტერვიუს პასუხებში მოცემულია საკითხები, რომლებზეც პროექტ "ახალი რესპუბლიკის" ფარგლებში ევროპულმა საქართველომ და პარტნიორმა ორგანიზაციებმა კონსენსუსს უკვე მიაღწიეს. მსჯელობის, დისკუსიის და რეფორმების დეტალიზების პროცესი კვლავ გრძელდება და გაზაფხულისთვის დასრულდება რეფორმების სრული დოკუმენტი, რომელიც იქნება საჯარო განხილვისთვის.

გირჩი – მეტი თავისუფლება

პარტიის წევრის, ცოტნე კობერიძის თქმით, აუცილებელია, რომ ურბანულ დასახლებებში საჯარო სკოლები მოქალაქეებს გადაეცეთ სპეციალური საპრივატიზაციო ფულის ერთეულის გამოყენებით, ხოლო კერძო საგანმანათლებლო ინსტიტუტები სრულად უნდა გათავისუფლდნენ სახელმწიფოს რეგულირებისგან.

პარტიას საჭიროდ მიაჩნია ეროვნული სასწავლო გეგმის გაუქმება და საჯარო სკოლებისთვის ამ მიმართულებით ავტონომიის მინიჭება. ასევე, გირჩი – მეტ თავისუფლებაში თვლიან, რომ უნივერსიტეტში მისაღები ერთიანი ეროვნული გამოცდები უნდა ჩანაცვლდეს ერთი ნებაყოფლობითი გამოცდით ზოგად უნარებში, რომელიც მხოლოდ საგრანტო დაფინანსებას განსაზღვრავს, ხოლო მისაღები კრიტერიუმების განსაზღვრისთვის ყველა უნივერსიტეტს სრული ავტონომია უნდა მიენიჭოთ.

საშუალო განათლების მიმართულებით, პარტიას სურს, რომ ოჯახის სასკოლო ასაკის თითოეულ წევრზე ოჯახს წელიწადში 1 500-ლარიანი სასკოლო ვაუჩერი გამოეყოს, რომელსაც ოჯახი სურვილისამებრ დახარჯავს საჯარო სკოლაში, კერძო სკოლაში ან რეპეტიტორებზე (ე.წ Home Schooling). ამგვარ სისტემაში თუ მოსწავლე ვერ შეძლებს ვაუჩერის სრულად ათვისებას, ნაშთი შეინახება გრძელვადიან დეპოზიტზე, რომელიც მას სრულწლოვან ასაკამდე მიღწევის შემდეგ გადაეცემა. პარტიის პოზიციით, სახელმწიფომ მეტად უნდა შეუწყოს ხელი ინკლუზიურ განათლებასაც დაფინანსების ეტაპობრივი ზრდით.

ლელო

ლელოს პოზიციით, სკოლების მართვაში ოჯახები აქტიურად უნდა ჩაერთონ, ხოლო სასწავლო დაწესებულებები დეპოლიტიზებული უნდა იყოს. პარტიაში მიაჩნიათ, რომ საჭიროა სკოლების საკადრო, ფინანსური და ლოჯისტიკური დეცენტრალიზაცია. ასევე, პარტიას სურს წაახალისოს დასავლური უმაღლესი სასწავლებლების საქართველოში დაფუძნება.

დროა

დროას ხედვის შესახებ ტაბულა გიგა ლემონჯავას ესაუბრა. პარტია მიიჩნევს, რომ განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმა ყველა სხვა სფეროს განვითარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა, ამიტომ განათლებისა და მეცნიერების ხელშეწყობა საქართველოს მომავალი ხელისუფლების აბსოლუტურ პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს.

დროას განათლების სფეროში რამდენიმე ინიციატივა აქვს:

  • განათლების სისტემის პრიორიტეტიზაცია გამოხატული უნდა იყოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში. განათლების სისტემის დასაფინანსებლად საწყის ეტაპზე უნდა მიემართოს ქვეყნის მშპ-ს მინიმუმ 10% ეტაპობრივი ზრდის პერსპექტივით;
  • აუცილებელია შეიცვალოს სასკოლო ვაუჩერის სისტემა და სკოლის ნაცვლად სახელმწიფო ვაუჩერი გადაეცეს კონკრეტულ მოსწავლეს. პარტიაში მიაჩნიათ, რომ ეს მიდგომა გაზრდის კონკურენციას და სწავლების ხარისხს საჯარო სკოლებში;
  • პარტიის პოზიციით, შესაცვლელია სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამების განსაზღვრის წესი. დროას აზრით, დღევანდელი მდგომარეობით, აღნიშნული პროგრამების განსაზღვრის პროცესი არ ეფუძნება არავითარ ობიექტურ კვლევასა თუ მონაცემს, რაც საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანი/უშედეგო ხარჯვის პრობლემას წარმოშობს;
  • დროაში მიაჩნიათ, რომ შესაცვლელია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროგრამების აკრედიტაციის წესი, რადგან არსებული მოდელი არ ემსახურება სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას და წარმოადგენს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პოლიტიკური ზეგავლენის, ნეპოტიზმისა და კორუფციის წყაროს;

"აუცილებელია მასწავლებელთა კორპუსის ცვლილება/გადახალისება. აღნიშნული პროცესი უნდა დაეფუძნოს მასწავლებლის პროფესიაში შესვლის წესის გამარტივებას, (არსებული არარელევანტური ბიუროკრატიული წესის ნაცვლად შესამუშავებელია კომპეტენციისა და პედაგოგის უნარ-ჩვევების გაზომვის მოქნილი მეთოდი) სახელფასო ანაზღაურებისა და სხვა მოტივატორების გაზრდას, სისტემატური და შედეგზე ორიენტირებული სეტიფიცირების პროცესს. კრიტიკულად მნიშვნელოვანია განათლების სფეროში (სკოლამდელი, სასკოლო უმაღლესი) დასაქმებული პირების განთავისუფლება მმართველი პარტიის პოლიტიკური გავლენისაგან". – ამბობენ დროაში.

პარტია ასევე უმნიშვნელოვანეს საკითხად მიიჩნევს ინკლუზიურობას სკოლამდელი, სასკოლო და უმაღლესი განათლების საფეხურზე. დროას პოზიციით, სახელმწიფო უნდა უზრუნველყოფდეს თითოეული აღსაზრდელის, მოსწავლისა და სტუდენტისათვის ხარისხიანი განათლების მიწოდებას მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, მიუხედავად ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური, გენდერული და სხვა მახასიათებლისა.

სტრატეგია აღმაშენებელი

სტრატეგია აღმაშენებლის ხედვით, განათლების სფეროში საჭიროა რეფორმები სამი ძირითადი მიმართულებით – დეცენტრალიზაციისთვის, დეპოლიტიზაციისთვის და მოდერნიზაციისთვის.

პარტიას განათლების სფეროში რამდენიმე ინიციატივა აქვს: სტრატეგია აღმაშენებელს სურს განათლების ეროვნული საბჭოს შექმნა, რომელსაც 7-წლიანი მანდატი ექნება და პირდაპირი წესით აირჩევა 80 ათასამდე განათლების სფეროს წარმომადგენლის მიერ. პარტიას სურს ასევე პირდაპირი წესით 4 წლით მშობლებმა და მასწავლებლებმა აირჩიონ ბაღისა და სკოლის დირექტორები, ამასთან, საჭიროდ მიაჩნიათ იმავე წესით აირჩიონ სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორებიც.

სტრატეგია აღმაშენებლის პოზიციით, საჭიროა ამოქმედდეს თანაბარი ვაუჩერული სისტემა საჯარო და კერძო სკოლებსა და ბაღებში, ხოლო თანხის რაოდენობა ყოველწლიურად 10%-ით უნდა იზრდებოდეს. პარტიას ასევე სურს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ინტერნაციონალიზაცია და მსოფლიოს უნივერსიტეტებთან პარტნიორობის გაძლიერება, რასაც სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების ზრდაც მოჰყვება. ამასთან, პარტია საჭიროდ თვლის, დაწესდეს ყოველწლიური გრანტი პროფესიული კურსებისთვის, რომელიც მსურველებისთვის მე-10 კლასიდან გახდება ხელმისაწვდომი.

სტრატეგია აღმაშენებლის პოზიციით, საჭიროა ჩამოყალიბდეს თვითმმართველი, დეცენტრალიზებული და ფინანსურად დამოუკიდებელი სკოლების მოდელი.
 

კომენტარები