ინტერვიუ პარტიებთან

საბიუჯეტო სისტემის ფორმირების გამოწვევები და რეფორმირების ხედვა – ინტერვიუ პარტიებთან

ინტერვიუ პარტიებთან

საბიუჯეტო სისტემის ფორმირების გამოწვევები და რეფორმირების ხედვა – ინტერვიუ პარტიებთან

ტაბულა გთავაზობთ ინტერვიუს ოპოზიურ პარტიებთან სახელმწიფო საბიუჯეტო სისტემის ფორმირების პრობლემებისა და მათი გადაჭრისთვის საჭირო რეფორმების ხედვის შესახებ. გამოცემის კითხვებს უპასუხეს პარტიამ საქართველოსთვის, ლელომ, ევროპულმა საქართველომ, გირჩი – მეტი თავისუფლებამ, დროამ და სტრატეგია აღმაშენებელმა. ინტერვიუზე უარი თქვეს ქართულმა ოცნებამ და ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ.

საქართველოსთვის

პარტია საქართველოსთვის ხედვის შესახებ ტაბულა ბექა ლილუაშვილს ესაუბრა. პარტიის პოზიციით, სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებისა და განაწილების ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა სახელმწიფო აპარატის ზომაა. ლილუაშვილი აღნიშნავს, რომ დღეს სახელმწიფო კვლავ რჩება ერთ-ერთ უდიდეს დამსაქმებლად, რომელსაც თავისი სოციალური წონა აქვს – სახელმწიფო სექტორში დასაქმებულები, ხშირ შემთხვევაში არა ეფექტიანობიდან გამომდინარე არიან ამ სექტორში დასაქმებული, არამედ იმისთვის, რომ სახელმწიფომ შეასრულოს თავისი სოციალური ფუნქცია. მისი თქმით ეს ფუნქცია, ერთი მხრივ, პოლიტიკურად ლოიალური მოქალაქეების შენარჩუნებას, ხოლო მეორე მხრივ, გაზრდილი სოციალური გარანტიების დაკმაყოფილებას გულისხმობს.

"დღეს ობიექტური რეალობაა, რომ ბიუჯეტის 37-39% მიმართულია მხოლოდ სოციალურ გარანტიებზე, ეს უზარმაზარი თანხაა. ქვეყანაში გვყავს 900 000-მდე პენსიონერი, 600 000-მდე უკიდურესად გაჭირვებული (რა თქმა უნდა, გადაფარვაც არსებობს), მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობს სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით და მეორე მხრივ, გვყავს 1 200 000 დასაქმებული, საიდანაც 300 000 სახელმწიფო სექტორშია დასაქმებული, 400 000 ბიზნეს სექტორში და დანარჩენი თვითდასაქმებულია ან სამეწარმეო სექტორშია. ესე იგი, ბიზნეს სექტორში დასაქმებული 400 000, თვითდასაქმებულები და ემიგრანტები ინახავენ ადამიანების უზარმაზარ რაოდენობას. მათი გადასახადებით ფინანსდება ამ ადამიანების სოციალური სერვისები. ეს საუკეთესო მოდელია? არა, არ არის საუკეთესო მოდელი". – ამბობს ლილუაშვილი.

პარტია საქართველოსთვის პოზიციით, ამ სისტემის ტრანსფორმაცია მთელი ეკონომიკური პოლიტიკის მიზანი უნდა იყოს, რადგან სხვაგვარად ქვეყანა დადგება დემოგრაფიული გამოწვევების წინაშე, როცა გადასახადის გადამხდელთა რაოდენობა ვერ უზრუნველყოფს იმ სოციალურ ტვირთს, რაც ბიუჯეტშია გაწერილი.

"საჭიროა დასაქმებული ადამიანების რაოდენობის ზრდა, იმიტომ, რომ ჩვენ ამის რესურსი გვაქვს. დაახლოებით, 16%-ია უმუშევრობის მაჩვენებელი, ჩვენნაირი ქვეყნების მაგალითს თუ ავიღებთ, ნიშნული არის 7%-ის დაბლა. ამიტომ, უზარმაზარი რესურსია ახალი სამუშაო ძალის უტილიზაციის და შესაბამისად, იმ ადამიანების რაოდენობის ზრდის, რომლებმაც შემდეგ გადასახადები უნდა იხადონ ბიუჯეტში". – ამბობს ლილუაშვილი.

პარტია საქართველოსთვის მიიჩნევს, რომ ქვეყანას სჭირდება მოქნილი, სწრაფი და ეფექტიანი საჯარო მმართველობის სისტემა, რომლის პირობებშიც შესაძლებელი იქნება სოციალური სერვისების მიწოდება მოწყვლადი მოქალაქეებისთვის და ეს უნდა იყოს საბიუჯეტო პოლიტიკის ძირითადი მიზანი.

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ხედვით, ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის აუცილებელია სახელმწიფო ბიუროკრატიის და გადასახადების შემცირება – ნაკლები ფული ბიუროკრატიას, მეტი ფული ხალხს და ბიზნესს.

ევროპული საქართველო მხარს უჭერს თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის განვითარებას და ისეთი ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებას, რომელიც ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, ინვესტიციების მოზიდვაზე, უმუშევრობის შემცირებაზე, ფასების დასტაბილურებასა და მოქალაქეთა შემოსავლების ზრდაზე იქნება ორიენტირებული.

"მცირე მთავრობის მოდელის რეალურად დანერგვით, დაბალი გადასახადებით, ადამიანებისა და ბიზნესის საქმიანობაში ნაკლები ჩარევით, მიმზიდველი საინვესტიოციო გარემოს შექმნით, ფისკალური დისციპლინით, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გატარებით, მიზნობრივი სოციალური პოლიტიკის განხორციელებით შესაძლებელია ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა, სიღარიბისა და უმუშევრობის დაძლევა, მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და ყოველივე ამის შედეგად – მეტი კეთილდღეობის, განვითარებისა და სოციალური დაცულობის უზრუნველყოფა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის". – ამბობენ პარტიაში.

ევროპული საქართველოს პოზიციით, მაღალი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია გადასახადები შემცირდეს თითქმის ყველა სფეროში, მათ შორის:

  • საშემოსავლო გადასახადი უნდა შემცირდეს 20%-დან 10%-მდე;
  • განაწილებული მოგების გადასახადი უნდა შემცირდეს 15%-დან 10%-მდე;
  • დღგ-თი დაუბეგრავი ბრუნვის ზღვარი 100 000 ლარიდან 200 000 ლარამდე უნდა გაიზარდოს;
  • ქონების გადასახადი დროებით უნდა განულდეს;
  • დამატებითი ღირებულების გადასახადი 18%-დან 16%-მდე უნდა შემცირდეს;
  • გაყიდვის გადასახადით (Sales Tax) უნდა ჩანაცვლდეს და საბოლოოდ, ეს უკანასკნელი უნდა შემცირდეს 8%-მდე.

"დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუროკრატიაში მასობრივად იფლანგება გადასახადის გადამხდელთა ფული. ხელისუფლება საბიუჯეტო სახსრებს კორუფციასა და ნეპოტიზმში ხარჯავს, რაც მათთვის ძალაუფლების შენარჩუნების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია. ევროპული საქართველო სამთავრობო ხარჯების 2 მილიარდი ლარით შემცირებას გეგმავს, რაც მეტ ფულს დატოვებს ეკონომიკაში და დრამატულად შეამცირებს კორუფციისა და ნეპოტიზმის რისკებს". – ამბობენ ევროპულ საქართველოში.

პარტიის ხედვით, უნდა მოხდეს სახელმწიფო საწარმოთა ეტაპობრივი პრივატიზება და გადასახადის გადამხდელებზე ამ ფინანსური ტვირთის შემცირება. ევროპული საქართველო მიიჩნევს, რომ დიდ პრობლემად რჩება სსიპ-ებისა და ააიპ-ების საქმიანობის და ხარჯების გაუმჭვირვვალობა, რადგან არ არსებობს ერთიანი მონაცემთა ბაზა/რეესტრი, რომელშიც სახელმწიფო უწყებების დაქვემდებარებაში არსებული სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების ზუსტი სია/რაოდენობაა მოცემული. პარტია ხაზს უსვამს, რომ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებზე არ ვრცელდება მთელი რიგი ანტიკორუფციული რეგულაციები. შედეგად, ხელისუფლება მათ პარტაქტივის დასასაქმებლად, კორუმპირებული, ნეპოტისტური მიზნებისთვის იყენებს. 

ევროპული საქართველო მიიჩნევს, რომ საჭიროა არსებული სსიპ-ებისა და ააიპ-ების დაყოფა საჯარო და კერძო პირების მიერ დაფუძნებულ კატეგორიებად; საჯარო იურიდიული პირის მიერ შექმნილი სსიპების რეგისტრაცია ხელახლა უნდა მოხდეს პარლამენტისა და საკრებულოს მიერ მათი თავიდან დამტკიცების შემდეგ. სსიპ-ებს უნდა ჩამოერთვათ ახალი სსიპ-ის თვითნებურად შექმნის უფლება; ყველა სსიპ-ი და ააიპ-ი საჯარო რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს; 10 წლის შემდეგ, უნდა გადაიხედოს ყველა სსიპ-ი და ააიპ-ი, რომელიც საჯარო პირის მიერ იქნება შექმნილი და თავიდან უნდა შეფასდეს მათი ეფექტურობა. 

ევროპული საქართველოს შენიშვნა: ინტერვიუს პასუხებში მოცემულია საკითხები, რომლებზეც პროექტ "ახალი რესპუბლიკის" ფარგლებში ევროპულმა საქართველომ და პარტნიორმა ორგანიზაციებმა კონსენსუსს უკვე მიაღწიეს. მსჯელობის, დისკუსიის და რეფორმების დეტალიზების პროცესი კვლავ გრძელდება და გაზაფხულისთვის დასრულდება რეფორმების სრული დოკუმენტი, რომელიც იქნება საჯარო განხილვისთვის.

გირჩი – მეტი თავისუფლება

სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებისა და განაწილების არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის ხედვაზე ტაბულა ცოტნე კობერიძეს ესაუბრა. პარტიის პოზიციით, საჭიროა, რომ მთავრობის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 20%-ს არ აჭარბებდეს, ამასთან სახელმწიფოს მიერ აღებული ვალები მშპ-ს 40%-ს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო საბიუჯეტო დეფიციტი მშპ-ს 1%-ს არ უნდა ასცდეს. ამასთან, საჭიროა საკანონმდებლო ჩანაწერი, რომ თუ ხელისუფლება თავისუფლების ქარტიას დაარღვევს, ის დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს.

პარტიას სახელმწიფო ბიუჯეტის პრობლემების მოგვარებისა და რეფორმების 4-წლიანი ხედვა აქვს:

  • უნდა გაუქმდეს საშემოსავლო გადასახადი;
  • უნდა გაუქმდეს მოგების გადასახადი;
  • უნდა გაუქმდეს იმპორტზე გადასახადი;
  • დარჩეს მხოლოდ დამატებითი ღირებულების გადასახადი და აქციზის ტარიფი;
  • საგადასახადო წნეხი 26%-დან 16%-მდე უნდა შემცირდეს.

ლელო

პარტია ლელოს ხედვით, საქართველოს მცირე ზომის და ეფექტიანი მთავრობა სჭირდება, ხოლო არსებული მასშტაბური საჯარო სექტორის მაგივრად, უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები კერძო სექტორში. პარტიაში ამ ხედვას "ძლიერი საშუალო ფენა – ძლიერი სახელმწიფო"-ს უწოდებენ.

ლელოში მიიჩნევენ, რომ საჭიროა სახელმწიფო კომპანიების პრივატიზაცია მათი აქციების საფონდო ბირჟაზე განთავსების გზით. პარტია თვლის, რომ საჭიროა სახელმწიფოს მიერ შეიქმნას 3-მილიარდიანი საგარანტიო ფონდი, რომელიც უზრუნველყოფს ბიზნესის გრძელვადიანი და შეღავათიანი ფინანსური რესურსებით მხარდაჭერას.

ამასთან, ლელოს პოზიციით, სახელმწიფო დაზღვევა, რომელსაც ბიუჯეტში ერთ-ერთი უდიდესი წილი აქვს, საჭიროა ფორმირდეს ისე, რომ მასში ჩართულები იყვნენ კერძო სადაზღვევო კომპანიები და უნდა მოხდეს ფარმაცევტული ბაზრის დემონოპოლიზაციაც.

პარტია მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მიერ სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დახმარება საჭიროა "სოციალურად სოლიდარული საზოგადოების" შესაქმნელად და დასაქმების შემთხვევაში ბენეფიციარს ორი წლის განმავლობაში უნდა შეუნარჩუნდეს სოციალური დახმარება.

დროა

პარტია დროას სახელით ტაბულას კითხვებს გიგა ლემონჯავამ უპასუხა. პარტიაში მიაჩნიათ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი იგეგმება არა საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი, არამედ მმართველი პარტიის პოლიტიკური საჭიროებების მიხედვით. პარტიის ეკონომიკური განვითარების ხედვა გულისხმობს ინოვაციებზე დაფუძნებულ ცენტრისტულ (ჰიბრიდულ) მოდელს, ორიენტირებულს თავისუფალ ბაზარსა და დეცენტრალიზაციაზე.

"ჩვენ გვჯერა კერძო საკუთრების, სახელმწიფო ბალანსზე არსებული ქონების პრივატიზაციის. ჩვენ გვჯერა მცირე და ეფექტიანი მთავრობისა და ბიუროკრატიული ხარჯების მაქსიმალური შემცირების. მივიჩნევთ, რომ სახელმწიფო მინიმალურად უნდა ერეოდეს მოქალაქის ფინანსების განკარგვასა და მეწარმეობაში, თუმცა, ასევე მკაფიოდ ვხედავთ საზოგადოების გარკვეული სეგმენტების მიმართ (შშმ პირები, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობა, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირები – აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მაგალითი და სხვა) სახელმწიფოს ვალდებულებას და მივიჩნევთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვისას გათვალისწინებული უნდა იყოს ჩამოთვლილ პირთა გადაუდებელი საჭიროებები". – ამბობენ დროაში.

პარტიის პოზიციით, საქართველოს მოქალაქეთა გამდიდრების გზა საქართველოს სატრანზიტო/სატრანსპორტო ფუნქციის ეფექტიან გამოყენებაზე გადის, რეგიონში შექმნილი ვითარება კი საუკეთესო შესაძლებლობაა ამ ეკონომიკური მიმართულების მაქსიმალურად გამოყენებისთვის.

პარტიაში მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო საბიუჯეტო დანახარჯები მიმართული უნდა იყოს ინფრასტრუქტურული განვითარებისკენ (ავტობანი, რკინიგზა) და არა ეკონომიკისათვის ნაკლებად მნიშვნელოვანი დარგებისაკენ (მაგ: სოფლის მეურნეობა). 

დროასთვის მიუღებელია სახელმწიფოს მიერ ფასების ხელოვნური რეგულირება. მათი პოზიციით, სხვადასხვა პროდუქტზე გაზრდილი ფასების შემცირება შესაძლებელია სწორი საგადასახადო პოლიტიკის განხორციელების, მიზნობრივი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და კერძო ინიციატივების (კერძო მეწარმეობის) სტიმულირებით.

სტრატეგია აღმაშენებელი

პარტიის პოზიციით, საქართველომ უნდა შეამციროს იმპორტდამოკიდებულება და მაქსიმალურად გამოიყენოს თავისი საექსპორტო შესაძლებლობები. სტრატეგია აღმაშენებლის ხედვით, საჭიროა ეტაპობრივად და ერთმანეთთან თანხვედრაში განვითარდეს წარმოება, სოფლის მეურნეობა, სერვისების ეკონომიკა, ტურიზმი, ცოდნის ეკონომიკა და სხვა სფეროები.

პარტია წარმოების გასაზრდელად საჭიროდ მიიჩნევს დაბალტექნოლოგიური წარმოების განვითარებას იმპორტის ჩასანაცვლებლად; მაღალტექნოლოგიური წარმოების განვითარებას საექსპერტო პოტენციალის ამაღლებისთვის, საკვანძო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და კვალიფიციური მუშახელის მომზადებას.

პარტიის ხედვა აქვს სოფლის მეურნეობაში სახელმწიფოს როლის ზრდის შესახებაც. სტრატეგია აღმაშენებლის პოზიციით, საჭიროა კონკრეტული პროდუქტების დადგენა და მათი წარმოების ხელშეწყობა; კონკრეტულ პროდუქტზე გარანტირებული ფასის დაწესება და სოფლის მეურნეობის მარკეტინგის ცენტრის შექმნა.

კომენტარები