ინტერვიუ პარტიებთან

სასამართლო სისტემის გამოწვევები და რეფორმირების ხედვა – ინტერვიუ პარტიებთან

ინტერვიუ პარტიებთან

სასამართლო სისტემის გამოწვევები და რეფორმირების ხედვა – ინტერვიუ პარტიებთან

ტაბულა გთავაზობთ ინტერვიუს ოპოზიურ პარტიებთან სასამართლო სისტემის პრობლემებისა და მათი გადაჭრისთვის საჭირო რეფორმების შესახებ. გამოცემის კითხვებს უპასუხეს პარტიამ საქართველოსთვის, ლელომ, ევროპულმა საქართველომ, გირჩი – მეტი თავისუფლებამ, დროამ და სტრატეგია აღმაშენებელმა. ინტერვიუზე უარი თქვეს ქართულმა ოცნებამ და ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ.

საქართველოსთვის

პარტია საქართველოსთვის ხედვის შესახებ ტაბულა ბექა ლილუაშვილს ესაუბრა. მისი თქმით, პრობლემებზე საუბრისას, შესაძლებელია, სასამართლო პირობითად ორად დაიყოს – კომერციული დავები და სხვა დანარჩენი.

"ინსტიტუციურად რომ შევხედოთ, დღეს როგორ უნდა ისაუბრო სასამართლო სისტემის ეფექტიანობაზე, როცა მოსამართლეები, ვინც სისტემას განაგებენ, სანქცირებულები არიან. ასვე მოცემულობაა ისიც, რომ სასამართლო დავების ეფექტიანობის კუთხით ქვეყანა ძალიან უკანაა. კერძო სექტორში ვგულისხმობ და არა მხოლოდ, თუმცა ეს ნაწილი რეიტინგებით უფრო აქტიურადაა შეფასებული. სამწუხაროდ, ქვეყანაში ვერ განვითარდა ე.წ. საარბიტრაჟო დავების მექანიზმი. ვერც კომერციულ დავებში, ვერც სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის დავებში". – თქვა ლილუაშვილმა.

პარტია საქართველოსთვის მიიჩნევს, რომ სასამართლოში ხშირ შემთხვევაში ვაწყდებით კვალიფიკაციის ნაკლებობის პრობლემას, როგორც ადმინისტრაციულ, ისე სისხლის სამართლის და ბიზნესის დავებში. პარტიის პოზიციით, კვალიფიკაციის ეს პრობლემები განპირობებულია იმით, რომ მოსამართლეების საზოგადოების ტრანსფორმაცია არ ხდება, მათ შორის, უვადო დანიშვნა თუ ერთი მხრივ გარანტიის მექანიზმია მისი დამოუკიდებლობისთვის, ამავდროულად არის უარყოფითი მხარეც, რადგან კონკურენციის შეგრძნება არ არსებობს და არ აქვთ განცდა, რომ კვალიფიკაცია უნდა აიმაღლონ.

რეფორმებისა და პრობლემების გადაჭრის კუთხით, პარტია ოპტიმალურ გამოსავლად სასამართლოს განმუხტვას და მასში სპეციალიზებული დავების დატოვებას მიიჩნევს.

"კომერციული სამართლის საკითხებისთვის მოხდეს სპეციალური არბიტრაჟის ან შესაბამისი კორპუსის განვითარება, რომელიც ამ დავებს გადაწყვეტს. ასევე, შეიძლება იყოს საერთაშორისო საარბიტრაჟო კომპონენტების შემოტანა, როცა საქმე ეხება საგადასახადო სუბიექტსა და ბიზნესს შორის დავას. შესაძლებელია, კანონმდებლობაში ჩაწერო, რომ ყველა მსხვილი ინვესტორის შემთხვევაში ეს დავა საერთაშორისო საარბიტრაჟო დავაში გადადის". – თქვა ბექა ლილუაშვილმა.

პარტია საქართველოსთვის მიიჩნევს, რომ გავლენების აღმოფხვრა შეუძლებელია აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების შეთანხმების გარეშე, თუმცა შეთანხმება მათ შორის სხვა საკითხებზე უკვე არსებობს და აქ რადიკალური გადაწყვეტილებები ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ძნელი იქნება.

ამასთან, ბექა ლილუაშვილმა უპასუხა კითხვას ქვეყანაში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაძლიერებისა და ყველა მიმართულების დაფარვის შესახებ შეკითხვასაც.

"ჩვენ გვგონია, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ უნდა გაიაროს გარკვეული პერიოდი. შეიძლება, სახელმწიფო პოლიტიკის ხაზით ჩვენ წავახალისოთ არსებულ ჩარჩოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გამოყენების პრაქტიკა და საზოგადოებას დავანახოთ კონტრასტი, რა დადებითი, უარყოფითი მხარეები აქვს ტრადიციული გზითა და ნაფიც მსაჯულთა გზით წასვლის შემთხვევებს. მხოლოდ ასეთი ტიპის ინფორმირებულობის შემდეგ გაიხსნას დიალოგი ნაფიც მსაჯულთა არეალის გაფართოებაზე. [...] მე ცალსახად დარწმუნებული არ ვარ, რომ ამ მმართველობის პირობებში ნაფიც მსაჯულთა შემოყვანით შესაძლებელი იქნება უფრო მეტი სამართლიანობის უზრუნველყოფა, იმიტომ, რომ მგონია, თუკი პოლიტიკური ინტერესი არსებობს კონკრეტული საქმეების მიმართ, სახელმწიფოს ბერკეტები, მოახდინოს გავლენები მოსამართლეებზე და მათ შორის, ადამიანებზე, არ არის დიდად ასიმეტრიული სიმძიმის თვალსაზრისით". – თქვა ლილუაშვილმა.

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველო სასამართლო სისტემის რეფორმის ხედვაზე საუბრისას პირველ რიგში ინსტიტუტის დამოუკიდებლობის საკითხს გამოყოფს. პარტიის ხედვით, დამოუკიდებელი სასამართლო ინსტიტუტის შესაქმნელად არსებითია გაფართოვდეს ნაფიც მსაჯულთა განსჯადობა ყველა სისხლის სამართლის და პოლიტიკურად მნიშვნელოვან საქმეზე; სააპელაციო და უზენაეს სასამართლოში უნდა დაინიშნონ ამერიკელი მოსამართლეები, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები კი უზენაეს სასამათლოს უნდა გადაეცეს.

"ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობა უნდა გავრცელდეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ყველა დანაშაულზე, ადმინისტრაციულ სამართლებრივ დავებზე, სამოქალაქო დავებზე, რომლის ღირებულებაც აღემატება ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მოცულობას და ისეთ დავებზე, სადაც ერთ–ერთი მხარეა მედია, პოლიტიკური პარტია, არასამთავრობო ორგანიზაცია, საგანმანათლებლო დაწესებულება ან რელიგიური გაერთიანება". – ამბობენ პარტიაში.

ევროპული საქართველოს პოზიციით, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში უნდა დაინიშნონ ამერიკელი მოსამართლეები. ჯამში 100 მოსამართლე. აქედან 10 მოსამართლე დაინიშნება უზენაეს სასამართლოში, ხოლო დანარჩენი მოსამართლეები გადანაწილდებიან სამ სააპელაციო სასამართლოში დატვირთულობის მიხედვით; სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლეები, მათი სურვილის შემთხვევაში, დაინიშნებიან პირველი ინსტანციის მოსამართლეებად. 

პარტია ასევე გამოყოფს სასამართლოს გადატვირთულობის პრობლემას. ევროპულ საქართველოში მიაჩნიათ, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი, ტექნიკურ ხარვეზებთან ერთად ადამიანური რესურსის, კერძოდ, კი სამოქალაქო სამართლის პროფილის მოსამართლეთა არასაკმარისი რაოდენობაა. პარტიაში აღნიშნავენ, რომ მსგავსი გადატვირთულობა მწვავედ არ დგას სისხლის და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. აღნიშნული პროფილის მოსამართლეები საქმეების უდიდეს ნაწილს საანგარიშო წელშივე ასრულებენ.

ევროპულ საქართველოში მიაჩნიათ, რომ სასამართლოს გადატვირთულობის გადასაჭრელად პირველ ინსტანციაში სამოქალაქო სამართლის პროფილის მოსამართლეთა რაოდენობა უნდა გაორმაგდეს და გახდეს 200, ხოლო სისხლის და ადმინისტრაციული სამართლის მოსამართლეთა რაოდენობა 80-დან 140-მდე უნდა გაიზარდოს.

"საქართველოში ხშირად ფიქსირდება აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან მართლმსაჯულების სისტემაზე ზეწოლა. ასეთ დროს დგება საკითხი, თუ ვის უნდა მიმართონ მოსამართლეებმა, მართლმსაჯულების სისტემის წარმომადგენლებმა ან პროცესის სხვა მონაწილეებმა. საგამოძიებო უწყებები პოლიტიკური ხელისუფლების მითითებებს ასრულებენ  და ზემოაღნიშნულ შემთხვევებზე პრაქტიკულად არ რეაგირებენ". – ამბობენ პარტიაში.

აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად, ევროპული საქართველოს ხედვით, უნდა გაფართოვდეს მანდატურის ინსტიტუტი, რომელიც დაიცავს მოსამართლეებს და სასამართლო პროცესის სხვა მონაწილეებს მათ შორის ცენტრალური ხელისუფლების ზეწოლისგან. მანდატურის სამსახურის უფლებამოსილებები არ იქნება შეზღუდული კონკრეტული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიით და ამასთან, არ იქნება მიბმული აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. მანდატურის სამსახური იქნება სრულფასოვანი საგამოძიებო ორგანო, რომელიც გამოიძიებს მართლმსაჯულების წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებს. მანდატურის სამსახურს ექნება ბრალდებულის დაკავების და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების უფლება. ასევე, მანდატურის სამსახური დაიცავს მოწმეებს და პროცესის სხვა მონაწილეებს.

პარტიის პოზიციით, ასევე უნდა გაუქმდეს სახელფასო დანამატები, როგორც მოსამართლეების გაკონტროლების ინსტრუმენტია. 

"რაც შეეხება მოსამართლეთა დანიშვნას, დღეს მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების უფლებამოსილება აქვს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედგება 15 წევრისაგან, რომელთაგან 8 მოსამართლე წევრს ირჩევს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო, 5 წევრს ირჩევს საქართველოს პარლამენტი და 1 წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. მე-15 წევრი კი არის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე". – ამბობენ ევროპულ საქართველოში.

პარტია ხაზს უსვამს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მართავს "კლანი", რომელიც ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმებით პოლიტიკურ ზეწოლას ახორციელებს მართლმსაჯულების პროცესზე.

ევროპული საქრთველოს ხედვით, პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭიროა ინსტიტუციონალური ცვლილება: იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უნდა აირჩნენ ისეთი წევრები, რომლებიც დანიშნავენ კეთილსინდისიერ და კვალიფიციურ მოსამართლეებს, იმისათვის, რომ მაქსიმალურად შემცირდეს კორუფციის რისკები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებაში დახმარება უნდა ეთხოვოს ავტორიტეტულ ამერიკულ ორგანიზაციებს, რომელთაც წლების მანძილზე აქტიური როლი აქვთ აშშ-ს ფედერალურ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში – ესენია "ფედერალისტთა საზოგადოება" და "ამერიკის იურისტთა ასოციაცია". 

პარტიას სურს, რომ რეფორმის ფარგლებში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ფედერალისტთა საზოგადოების წარდგინებით და ამერიკის იურისტთა ასოციაციის დადებითი დასკვნით აირჩეს საქართველოს პარლამენტის მიერ, ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნის აღნიშნული მექანიზმი იმოქმედებს 50 წლის განმავლობაში – საბჭო უკვე დანიშნავს პირველ ინსტანციაში  ქართველ, ხოლო აპელაციასა და უზენაესში – ამერიკელ მოსამართლეებს. 

ევროპული საქართველოს შენიშვნა: ინტერვიუს პასუხებში მოცემულია საკითხები, რომლებზეც პროექტ "ახალი რესპუბლიკის" ფარგლებში ევროპულმა საქართველომ და პარტნიორმა ორგანიზაციებმა კონსენსუსს უკვე მიაღწიეს. მსჯელობის, დისკუსიის და რეფორმების დეტალიზების პროცესი კვლავ გრძელდება და გაზაფხულისთვის დასრულდება რეფორმების სრული დოკუმენტი, რომელიც იქნება საჯარო განხილვისთვის.

გირჩი – მეტი თავისუფლება

სასამართლო სისტემაში პრობლემებისა და საჭირო რეფორმების შესახებ ტაბულა ცოტნე კობერიძეს ესაუბრა. პარტია მიიჩნევს, რომ საჭიროა საკონსტიტუციო ცვლილებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი შემადგენლობის უფლებამოსილების შეწყვეტა და უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების გაერთიანება. ამასთან, საკანონმდებლო ცვლილებით უნდა გაუქმდეს 2017 წლიდან მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის ყველა აქტი.

ამასთან, პარტიის პოზიციით, არბიტრაჟის გადაწყვეტილება საბოლოო უნდა იყოს და მას აღსრულების მექანიზმი უნდა გააჩნდეს.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთან დაკავშირებით გირჩი – მეტი თავისუფლება მიიჩნევს, რომ ინსტიტუტი უნდა გაფართოვდეს, რეფორმის დაწყებიდან პირველი წლის ბოლომდე გავრცელდეს მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში კი ყველა დანაშაულზე, რომელიც პატიმრობას ითვალისწინებს.

პარტია მიიჩნევს, რომ საჭიროა მოსამართლეთა არჩევითობის შემოღება პირველ ინსტანციაში. ხოლო სისხლის სამართლის საქმეებში ბრალდებულს, ნაფიც მსაჯულთან ერთად, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებში კი მოსარჩელეს, ექნება შესაძლებლობა, აირჩიოს მისი საქმის განმხილველი მოსამართლე იქნება დანიშნული თუ პირდაპირი წესით არჩეული.

გირჩი – მეტი თავისუფლების აზრით, რეფორმების გარდამავალ პერიოდში საჭირო იქნება ხანგრძლივი ვადით უზენაეს და სააპელაციო ინსტანციებში ყველა კოლეგიის უმრავლესობის აშშ-დან და გაერთიანებული სამეფოდან მოწვეული მოსამართლეებით დაკომპლექტება.

პარტიას მყარი პოზიცია აქვს პრეცედენტულ სამართალთან დაკავშირებითაც და მიიჩნევს, რომ სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე სახელმწიფოსა და ბიზნესს ან მოქალაქეს შორის (სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ) დავებზე, აშშ-ს უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებები სამართლებრივ პრეცედენტებად უნდა აღიარდეს.

ლელო

ლელო მიიჩნევს, რომ საჭიროა შეიქმნას სასამართლო სისტემა, რომელსაც "ენდობა მოქალაქე და ემორჩილება ხელისუფლება". პარტია უმნიშვნელოვანეს ამოცანად თვლის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პოლიტიკური და კლანური გავლენისგან გათავისუფლებას და გამჭვირვალე სისტემის შექმნას.

ლელო საჭიროდ მიიჩნევს სასამართლო კორპუსის ისე ფორმირებას, რომ დაინიშნოს 400 ახლი "სანდო" მოსამართლე, რომლებიც გადაწყვეტილებებს დროულად და სამართლიანად მიიღებენ.
პარტიას ასევე სურს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს "მინი სტრასბურგის" (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო) ფუნქცია დაემატოს.

დროა

სასამართლო სისტემის რეფორმაზე პარტია დროას ხედვის შესახებ ტაბულა გიგა ლემონჯავას ესაუბრა. პარტიის პოზიციით, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის შექმნა შეუძლებელია მართლმსაჯულების სისტემის ჰოლისტური რეფორმის გარეშე, რაც გულისხმობს სასამართლოს, საგამოძიებო სისტემას და გამოძიებაზე ზედამხედველობას.

პარტიაში მიიჩნევენ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო, როგორც სასამართლო სისტემის მმართველი ორგანო უნდა გაუქმდეს საქართველოს კანონმდებლობასა და კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის გზით.

"აუცილებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლის სტრუქტურის, კომპეტენციისა და მოსამართლეთა განწესების პროცესში იუსტიციის უმაღლესი სკოლის მონაწილეობის მოდელის ცვლილება. მნიშვნელოვანია მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ექსკლუზიური უფლებამოსილება ჩამოერთვას იუსტიციის უმაღლეს სკოლას და გაუნაწილდეს საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს". – ამბობენ დროაში.

პარტიის პოზიციით, მნიშვნელოვანია საქართველოს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების კომპეტენციების შერწყმა და თავმოყრა უზენაესი სასამართლოს ბაზაზე. ამასთან, სასამართლოს გადატვირთულობის შესამცირებლად პარტია აუცილებლად მიიჩნევს, რომ გაძლიერდეს დავების გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები, მათ შორის, სასამართლო მედიაცია, კერძო მედიაცია, სასამართლოში მხარეთა მორიგების ინსტიტუტის გაძლიერება, ადმინისტრაციული მედიაციის დანერგვა, სისხლის სამართალში მედიაციისა და განრიდების გაფართოება.

დროაში მიაჩნიათ, რომ აუცილებელია ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გავრცელება ყველა ტიპის დავაზე.

სტრატეგია აღმაშენებელი

სტრატეგია აღმაშენებლის ხედვით, რეალური დამოუკიდებლობის მისაღწევად საჭიროა ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის შემოღება რეფორმის დაწყებიდან პირველი წლის ბოლოს მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე, ხოლო შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ყველა დანაშაულზე, რომელიც პატიმრობას ითვალისწინებს.

პარტია აუცილებლად მიიჩნევს მოსამართლის არჩევითობის შემოღებას პირველ ინსტანციაში, ხოლო საკონსტიტუციო ცვლილებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი შემადგენლობისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების გაერთიანება სურს.

პარტია საჭიროდ თვლის უზენაეს და სააპელაციო ინსტანციებში აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოდან მოსამართლეების დანიშვნას ხანგრძლივი ვადით, რომლებიც ყველა შესაძლო კოლეგიის უმრავლესობას უნდა შეადგენდნენ.

კომენტარები