ინტერვიუ პარტიებთან

კულტურის პოლიტიკის გამოწვევები და რეფორმირების ხედვა – ინტერვიუ პარტიებთან

ინტერვიუ პარტიებთან

კულტურის პოლიტიკის გამოწვევები და რეფორმირების ხედვა – ინტერვიუ პარტიებთან

ტაბულა გთავაზობთ ინტერვიუს ოპოზიურ პარტიებთან ქვეყნის კულტურის პოლიტიკის გამოწვევებისა და საჭირო რეფორმების ხედვის შესახებ. გამოცემის კითხვებს უპასუხეს პარტიამ საქართველოსთვის, ლელომ, ევროპულმა საქართველომ, გირჩი – მეტი თავისუფლებამ, დროამ და სტრატეგია აღმაშენებელმა. ინტერვიუზე უარი თქვეს ქართულმა ოცნებამ და ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ.

საქართველოსთვის

პარტია საქართველოსთვის ხედვის შესახებ ტაბულა ბექა ლილუაშვილს ესაუბრა. პარტიამ პირველ რიგში ყურადღება კულტურის სფეროში მიმდინარე პრობლემაზე, საავტორო უფლებების საკითხზე გაამახვილა.

"თუ ქვეყანაში პატენტი არ არის დაცული, როგორ შეიძლება კვლევასა და განვითარებაზე ისაუბრო? თუ ქვეყანაში საავტორო უფლებები არ არის დაცული, როგორ შეიძლება ისაუბრო კულტურის სფეროს განვითარებაზე?

სხვა საკითხია, პრაქტიკაში იმუშავებს თუ არა საავტორო უფლებებზე ის რეგულაცია, რასაც მთავრობა გვთავაზობდა. მაგალითად, ჩემთვის გაუგებარია რატომ არ შეიძლება იყოს საავტორო უფლებების დამცველი რამდენიმე ორგანიზაცია. რატომ უნდა იყოს ექსკლუზივი სახელმწიფოს ხელში, თუ ვის მიანიჭებს ამ ლიცენზიას". – თქვა ლილუაშვილმა.

ძეგლთა დაცვის საკითხთან დაკავშირებით პარტიაში ამბობენ, რომ ეს სახელმწიფოს ფასეულობების ნაწილია და ის მაქსიმალურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

"კულტურული ძეგლები რომ უნდა ლპებოდეს, გელათის მაგალითი მახსენდება, არაერთი ღია ცის ქვეშ დარჩენილი ძეგლი ყოველდღიურად ნადგურდება". - თქვა ლილუაშვილმა.
 

გირჩი – მეტი თავისუფლება

ტაბულა კულტურის სფეროს გამოწვევებზე პარტიის წევრს, ცოტნე კობერიძეს ესაუბრა. პარტიის პოზიციით, პირველ რიგში საჭიროა კულტურის სამინისტროს გაუქმება, ხოლო მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომ ქონების მფლობელს, სურვილის შემთხვევაში, შეეძლოს ყველანაირი რეგულაციის გარეშე, საკუთრებისთვის კულტურული სტატუსის მოხსნა.

ლელო

ლელოს სურს კულტურის ეკონომიკის განვითარება, ახალი ბაზრების ათვისება და მათზე ხელმისაწვდომის გაზრდა. პარტიაში მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, რომ საქართველო საერთაშორისო საფესტივალო ცხოვრების მიზიდულობის ცენტრი გახდეს და შემოქმედებითი ინდუსტრიები დაფინანსდეს. პარტია ემხრობოდა კულტურის სამინისტროს აღდგენას და მასში მართვის თანამედროვე პრინციპების დანერგვის საჭიროებაზე საუბრობს.

დროა

ტაბულა კულტურის პოლიტიკის შესახებ პარტიის ხედვის შესახებ გიგა ლემონჯავას ესაუბრა. დროაში მიაჩნიათ, რომ კულტურის სფეროს მიმართ სახელმწიფოს მიდგომა წლებია საბჭოთა ინერციითაა ნაკარნახევი და ძირითადად სახელისუფლო პარტიის პოლიტიკურ დღის წესრიგს ემსახურება.

"სახელმწიფო ბიუჯეტის გამოყენებით ხელისუფლება ცდილობს კულტურის სფეროს წარმომადგენლების დამორჩილებასა და პოლიტიკური ლოიალობის მოპოვებას". – ამბობენ პარტიაში.

დროაში მიაჩნიათ, რომ მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა სახელმწიფოს გამგებლობაში არსებული განსაკუთრებული კომპეტენცია უნდა იყოს.

პარტიის ხედვით, კულტურის სხვა სეგმენტების დაფინანსება შესაძლოა ხორციელდებოდეს კერძო ფონდებისა და ასოციაციების მეშვეობით. ამისათვის სახელმწიფო შესაძლებელია ახორციელებდეს სპონსორობისა და კულტურის სფეროში ინვესტირების სტიმულირებას კერძო ინიციატივების წახალისების მიზნით, საჯარო-კერძო პარტნიორობის პრინციპზე დაყრდნობით.

ევროპული საქართველოს შენიშვნა: ინტერვიუს პასუხებში მოცემულია საკითხები, რომლებზეც პროექტ "ახალი რესპუბლიკის" ფარგლებში ევროპულმა საქართველომ და პარტნიორმა ორგანიზაციებმა კონსენსუსს უკვე მიაღწიეს. კულტურის პოლიტიკის შესახებ მსჯელობის, დისკუსიის და რეფორმების დეტალიზების პროცესი კვლავ გრძელდება და გაზაფხულისთვის დასრულდება რეფორმების სრული დოკუმენტი, რომელიც იქნება საჯარო განხილვისთვის.

სტრატეგია აღმაშენებლის მიერ მოწოდებულ პასუხში კულტურის პოლიტიკის რეფორმის შესახებ პასუხი არ ყოფილა.

კომენტარები