არასრულწლოვანზე ძალადობა

9 წლის ბავშვზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული მამინაცვლის მამა გაათავისუფლეს

რუსთავში 9 წლის ბავშვზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული მამინაცვლის მამა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს - მოსამართლემ კაცი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა.  

"გუშინ შემაკავებელი ორდერი გამოუწერა გამოძიებამ. სასამართლომ ყოველგვარი აღკვეთის გარეშე დატოვა, იმიტომ, რომ მართლა სამართლიანი მოსამართლეა და მართლა პროვოკაცია იყო ამ ადამიანის მიმართ მოწყობილი. სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო". - ამბობს ადვოკატი ნანა ჯახველაძე ფორმულასთან სატელეფონო ინტერვიუში.  

მისივე სიტყვებით, ბავშვმა გამოკითხვაზე ცემა არ აღიარა.  

ბავშვზე ძალადობის ბრალდებით მამინაცვლის მამა 6 ივლისს დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც არასრულწლოვანი პირის მიმართ ძალადობას გულისხმობს.  

დაკავებას წინ უძღოდა აქტივისტის მიერ გავრცელებული პოსტი, რომელშიც ვკითხულობთ, რომ კაცმა ბავშვს ეზოში სცემა, ფაქტს შეესწრო მისი ცოლიც, რომელიც არასრულწლოვანს მოკვლით დაემუქრა. მისივე ინფორმაციით, სახლში წაყვანამდე ბავშვმა თანატოლებს უთხრა, რომ თუ 10 წუთში უკან არ დაბრუნდებოდა, პოლიციაში დაერეკათ. 

კომენტარები