რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აზოვსტალის მცველების უკრაინაში დაბრუნებით შეთანხმების პირობები დაარღვიეს – პესკოვი

დმიტრი პესკოვი
დმიტრი პესკოვი

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსული ტყვეობიდან გათავისუფლებული აზოვსტალის მცველების უკრაინაში დაბრუნებით თურქეთმა და უკრაინამ შეთანხმების პირობები დაარღვიეს. პესკოვის განმარტებით, შეთანხმება გულისხმობდა, რომ აზოვსტალის მცველები კონფლიქტის დასრულებამდე თურქეთის ტერიტორიაზე უნდა დარჩენილიყვნენ. 

პრესის სპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეთანხმება ორმხრივად დარღვეულია, უკრაინისა და თურქეთის მიერ. მისივე თქმით, მომხდართან დაკავშირებით რუსეთი წინასწარ არ გაუფრთხილებიათ.

პესკოვმა თურქეთის გადაწყვეტილება NATO-ს მომდევნო სამიტის მოახლოებასთან დაკავშირებულ წნეხს დაუკავშირა. მისი თქმით, რუსეთს ესმის, რომ თურქეთმა, როგორც ალიანსის წევრმა ქვეყანამ, სოლიდარობა უნდა გამოუცხადოს უკრაინას, თუმცა შეთანხმების პირობების დარღვევა კარგად არავის წარმოაჩენს. 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსული ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ აზოვსტალის მცველები უკრაინაში ბრუნდებიან.

"ვბრუნდებით სახლში თურქეთიდან და თან მიგვყავს ჩვენი გმირებიც. უკრაინელი ჯარისკაცები, დენის პროკოპენკო, სვიატოსლავ პალამარი, სერგეი ვოლინსკი, ოლეგ ხომენკო, დენის შლეგა საბოლოოდ ოჯახებთან იქნებიან". - თქვა ზელენსკიმ.

აზოვსტალის მცველთა ნაწილი 2022 წლის სექტემბერში გაათავისუფლეს ტყვეობიდან. ისინი ამ დრომე თურქეთში იმყოფებოდნენ. ტყვეთა გაცვლის თაობაზე მოლაპარაკებებს თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ხელმძღვანელობდა.

კომენტარები