საქართველო-უკრაინა

ქადაგიშვილი: უკრაინის ხელისუფლება საქართველოს არ უყურებს, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას

ირაკლი ქადაგიშვილი

ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი უკრაინის მიერ საქართველოს ელჩის დაბარებას ეხმაურება. ქადაგიშვილის თქმით, უკრაინის ხელისუფლება საქართველოს არ უყურებს, როგორც სუვერენულ და დამოუკიდებელ ქვეყანას.

"ეს არის ელჩის გაძევება. ის ფორმულირება, რაც უკრაინამ გააკეთა, ასეთ ფორმულირებას საერთაშორისო დიპლომატიური კანონმდებლობა და პრაქტიკა არ იცნობს [...] ძალიან საწყენია, რომ უკრაინის ხელისუფლება საქართველოს არ უყურებს, როგორც სუვერენულ, დამოუკიდებელ ქვეყანას და მიაჩნია, რომ საქართველო მიხეილ სააკაშვილის მიერ შეთავაზებული სერვისების გამცემი ქვეყანა უნდა იყოს". - თქვა ქადაგიშვილმა. 

4 ივლისს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მესამე პრეზიდენტის მიხეილ საკააშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით პროტესტის გამოსახატად საქართველოს ელჩი უკრაინაში, გიორგი ზაქარაშვილი დაიბარა და მას კონსულტაციებისთვის თბილისში ჩასვლა შესთავაზა. უწყებამ განმარტა, რომ სააკაშვილის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება აბსოლუტურად მიუღებელია და ხელისუფლებას მოუწოდა, შეწყვიტოს დამამცირებელი მოპყრობა.  

3 ივლისს მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომას დისტანციურად ჩაერთო. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო და ფოტო მასალას, სადაც მისი მდგომარეობა ჩანს, საერთაშორისო პლატფორმაზე გამოხმაურება მოჰყვა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვების განკარგულება მისცა. ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, "უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი საჭირო მკურნალობისთვის უკრაინას გადასცეს".

"დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს უკრაინაში საქართველოს ელჩის დაბარება დავავალე. გამოვხატოთ ჩვენი მკაცრი პროტესტი და ვთხოვოთ მას 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა მის დედაქალაქთან კონსულტაციები გამართოს". - წერს ზელენსკი.

კომენტარები