მილანი

მილანის მოხუცთა თავშესაფარში ხანძრის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 80-მდე დაშავდა

REUTERS/Claudia Greco

მილანის მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილი ხანძრის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 80-მდე დაშავდა. დაშავებულთაგან 3-ის მდგომარეობა მძიმეა. 

ცეცხლი დაწესებულების პირველ სართულზე გაჩნდა. მისი ჩაქრობა მალევე მოახერხეს, თუმცა ხანძრის შედეგად დიდი რაოდენობით მომწამლავი აირები წარმოიქმნა, რაც ფატალური აღმოჩნდა. 

მილანის მერის, ჯუზეპე სალას ცნობით, მოხუცთა თავშესაფრის ორი მაცხოვრებელი საკუთარ ოთახში დაიწვა, ოთხი კი მხუთავი აირით დაიღუპა. 

"შესაძლოა, უარესიც მომხდარიყო, თუმცა 6 დაღუპული ძალიან მძიმე მაჩვენებელია". - აღნიშნა სალამ. 

მილანის მოხუცთა თავშესაფარში 167 ადამიანი ცხოვრობდა. 

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის მიზეზი, თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს შემთხვევით მოხდა. 

კომენტარები